დემურ გიორხელიძე: პენსიების მატება და გადასახადების შემცირება 2013 წლის  თებერვალ-მარტში ცხადია, ვერ იქნება

დემურ გიორხელიძე: პენსიების მატება და გადასახადების შემცირება 2013 წლის თებერვალ-მარტში ცხადია, ვერ იქნება

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ საფინანსო-ეკონომიკური ჯგუფის მინისტრები წესიერი და სფეროში გათვითცნობიერებული ადამიანები არიან, თუმცა მთავარი ამ შემთხვევაში ისაა, როგორ  საფინანსო პოლიტიკას განახორციელებს  ხელისუფლება.

„მთავარი კანდიდატების შეფასება კი არა, მთავარი შედეგი იქნება. ვფიქრობ, გიორგი კვირიკაშვილი ძალიან წესიერი და ძალიან კარგი პიროვნებაა. ახლა მთავარია რა გაკეთდება, როგორი მხარდაჭერა ექნება, როგორ შეძლებენ საფინანსო-ეკონომიკური ჯგუფის მინისტრები ერთმანეთთან თანამშრომლობას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

 ნოდარ ხადური ამ სფეროში გარკვეული ადამიანია, თუმცა ვიმეორებ, რომ მთავარი იქნება ის საფინანსო პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება განახორციელებს, ჯერჯერობით  შეხედულებათა ის სისტემა, რა ფარგლებშიც იმუშავებს ბევრი მინისტრი, ჩვენთვის უცნობია. ამიტომ საჭიროა დალოდება და შემდეგ უკვე გვეცოდინება სად შეიძლება იყოს წინააღმდეგობა, ან შეიძლება სულაც არ იყოს წინააღმდეგობა და იყოს შედეგზე კარგად გათვლილი მოქმედებები“,-აცხადებს დემურ გიორხელიძე.

რაც შეეხება გადასახადების შემცირებას და პენსიების მომატებას, გიორხელიძის აზრით, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული რა რესურსები ექნება ხელში ახალ ხელისუფლებას და  პენსიების მატება და გადასახადების შემცირება 2013 წლის  თებერვალ-მარტში ცხადია, ვერ იქნება.

„მთავრობას  არ შეუძლია დღეს რაიმე განაცხადოს, სანამ არ დაიკავებს ადგილს, სანამ არ შეაფასებს რესურსებს და არ მოზომავს იმას, თუ როგორ შეიძლება ეს პენსიები გაზარდო ან გადასახადები შეამცირო. მე მხედველობაში მაქვს დღეს ახალი ხელისუფლების ხელში არსებული რესურსები. 2013 წლის ბიუჯეტს ჯერ მთავრობის ხელშიც კი  არც გაუვლია. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პენსიების მომატებასა და გადასახადების შემცირებაზე ისაუბრა, ეს აბსოლუტურად რეალურია, თუმცა პენსიების მატება და გადასახადების შემცირება 2013 წლის  თებერვალ-მარტში ცხადია, ვერ იქნება“,-აცხადებს გიორხელიძე.