დიტო გელოვანი: როგორ კიდიათ ქლიბებს გირაგები...

დიტო გელოვანი: როგორ კიდიათ ქლიბებს გირაგები...

ამასობაში, საკონდიტროსთან შეკრებილებს ახალ-ახალი ბავშვები ემატებოდნენ. ისინი ხედავდნენ პეპის ნაყიდი ტკბილეულის გორებს და გული მისდიოდათ მღელვარებისაგან. პეპიმ გადაირბინა მაღაზიაში, იყიდა დიდი სათამაშო ურიკა და ზედ დააწყო ტომრები. მერე, გამოაგორა ქუჩაში და ვიტრინასთან შეგროვილ ბავშვებს დაუყვირა:

- ვინც კანფეტს არა ჭამს, წინ გამოვიდეს!

რატომღაც, არც ერთს არ მოუცვლია ფეხი ადგილიდან.

- ამათ უყურე! აბა, ახლა ისინი გამოვიდნენ, ვინც ჭამს.

ბავშვებმა, თვალებადქცეულნი რომ მიშტერებოდნენ ვიტრინებს, თითო ნაბიჯი გადმოდგეს წინ. სულ ოცდასამი ბავშვი იყო.

(ასტრიდ ლინდგრენი, „პეპი გრძლიწინდა“)

 

“ვისაც პარლამენტის თავმჯდომარე მოსწონს, წინ გამოვიდეს“ - ასეთი წარწერა გაჩნდა გასულ კვირაში ფეისბუქზე და დაიწყო. რა დაიწყო და როგორ დაიწყო, მე ამას ასი წელი ვერ გავიგებდი, „ინტერპრესნიუსს“ რომ არ ეყოჩაღა: „სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის გვერდზე თამაში “არჩევნები” დაიწყო. აღნიშნულ თამაშში ნებისმიერ პირს, რომელსაც მოწონებული აქვს პარლამენტის თავმჯდომარის გვერდი, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატად შეუძლია დარეგისტრირება. ვირტუალურმა კანდიდატებმა უნდა წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის პროგრამა და ამის შემდეგ ხმები დააგროვონ“.

 

თურმე, თამაში “არჩევნები” გაგრძელდება 45 დღეს; თურმე, გამარჯვებული კანდიდატი ერთ სამუშაო დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან ერთად გაატარებს.

 

კოვზების მბრძანებლის “ფეისბუქის” გვერდზე ვირტუალური არჩევნები 21 სექტემბერს დაიწყო, იმ დროისთვის გვერდის ადმინისტრატორს პარლამენტის ადმინისტრატორისთვის უკვე ჩაბარებული ჰქონდა პატაკი: „გვაქვს 20 235 მოწონება. ველი თქვენს შემდგომ მითითებებს“.

 

წარმომიდგენია, რა იყო მანამდე... იქნებოდა წერილები, იქნებოდა მესიჯები, იქნებოდა ზარები - „ბაქრაძის გვერდი მოიწონეთ, ძალიან მჭირდება. მერე შენ რა? პარლამენტს დაგათვალიერებინებ. უკან გავიკეთო? მოიცა... ბაქრაძესთან ერთ დღეს გაატარებ. რა შუაშია სექსუალური უმცირესობა? შენთვის ეგ არავის უკადრებია! ღამის გატარება გინდა?! ვისთან?! ააა, მეთქი... ოოო, შერონ სტოუნთან? სოსოს რომ ეწყინება?! ვინ სოსოს? სოსო თოფურიძეს...“

 

მერე, იმან უთხრა, ეგ ხომ მძღოლიაო და ამას გაეცინა - მძღოლები არიან ყველაზე დიდი შენძ... შებერტყილებიო. ბოლოს უთხრა, კაი პურმარილს ვიკისრებო და კაი პურმარილი ისეთი რამეა, რომ მასზე უარს ფეისბუქში სულიერ საზრდოს დაწაფებულებიც ვერ ამბობენ.

 

მოკლედ, „კაი პურმარილზე“ შეთანხმდნენ, ეს ერთი - გვერდის ადმინისტრატორი, და ის 20235 - ბაქრაძის გვერდი რომ მოიწონა. თავისთავად, თუ ბაქრაძის გვერდებს და ნეკნებს ალაიქებ, ამით იზიარებ შეშინებული თაგვისფერი კაცუნას უკვდავ სიტყვებს: „კოვზებით შევებრძოლებით მტერს. სად არის ჩემი ქაფქირი?“

 

კაი პურმარილს ვიკისრებო - 20235-ს შეპირდა და 20225 გადააგდო. ათმა ბედნიერმა ახლოდან იხილა დავით ბაქრაძე და მათვე ჰქონდათ ბედნიერება, ცოცხლად მოესმინათ, შოკმანჟეს ჭამის დროს როგორ აწკლაპუნებს ტუჩებს პარლამენტის თავმჯდომარე. წკლაპუნი „კოპალაში“ გაიმართა. კაი პურმარილს ვიკისრებო და, რესტორნის დანახარჯი პარლამენტის ბიუჯეტმა გადაიხადა, ანუ გადავიხადეთ ჩვენ.

ორი დღით ადრე, ათ უბედნიერესს გოკა გაბაშვილი და აკაკი მინაშვილი შეხვდა და, როგორც იუწყებოდნენ „ძირითადად, მათი პირადი პრობლემები მოისმინეს“.

 

ეს „პირადი პრობლემები“ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. არავითარი უმუშევრები, არავითარი დევნილები, არავითარი დონაძე-სააკაშვილები და ბიჭოლა-ხაბაზები, მხოლოდ - პირადი პრობლემები. „ბუასილი მაქვს“ - შეჩივლეს გოკა გაბაშვილს. „სანთელი გაიკეთე“ - ურჩია გაბაშვილმა. „სიდედრი მჩაგრავს“ - დაიწუწუნა ერთმა. „უცხო ხომ არ არის, შენი სიდედრია“ - დაამშვიდა მინაშვილმა. „თვალების გადმოკარკვლა დამჩემდა“ - მოთქვამდა მეორე. „ეგ კარგია“ - გაუხარდა გაბაშვილს.

 

ასეა თუ ისე, თამაში „არჩევნები“ 45 დღეს გაგრძელდება  და გამარჯვებული კანდიდატი ერთ სამუშაო დღეს დავით ბაქრაძესთან ერთად გაატარებს. ალბათ, რუსებითაც შეაშინებენ და ჩააფსმევინებენ, რათა უკეთ განიცადოს, როგორია, იყო კოვზების მბრძანებელი იმ დროს, როდესაც ერთი ჩვეულებრივი ქლიბი ხარ.

 

ერთი საყურადღებო ინფორმაცია ჩვეულებრივი ქლიბებისათვის - ტრაქტორისტებს და მოტოციკლისტებს პრესტიჟული ნომრები 200 ლარი დაუჯდებათ.

 

არც ტრაქტორისტებს ვაყენებ შეურაცხყოფას და არც მოტოციკლისტებს, მაგრამ ის ტრაქტორისტი და ის მოტოციკლისტი, რომელსაც ეს ინფორმაცია სერიოზულად დააინტერესებს, მართლაც ჩვეულებრივი ქლიბი იქნება. აღნიშნული იდეის ავტორები არიან დეპუტატები პავლე კუბლაშვილი (შკურკა), კახაბერ ანჯაფარიძე (ბრტყელტუჩა) და ზვიად კუკავა (სახრახნისი) - ქლიბების კომპლექტი. მუშნი ზარანდიამ დოცენტი რომ დააკავა... სხვათა შორის „შკურკა“ ქართულად ზუმფარაა.

 

ქარელში დოღი გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის პირველობაზე ერთმანეთს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები ცხენოსნები შეეჯიბრნენ. როგორც ირკვევა, ღონისძიება ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით და ორგანიზებით ჩატარდა. გამარჯვებულმა კულტურისა და სპორტის სამსახურისგან პრიზად ჭედილა მიიღო. მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს კი სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

 

დიდი ხანია საქართველოში დოღია... ამ დოღს რაც შეეხება, გამარჯვებულმა მიიღო ჭედილა... ყველა იყო გამარჯვებული. მხოლოდ ჭედილა გრძნობდა თავს დამარცხებულად, უფრო სწორად - ის ვეღარაფერს გრძნობდა, გრძნობის თავი არ ჰქონდა და, საერთოდ, არ ჰქონდა თავი. ბაქრაძე ვირტუალურ არჩევნებს აწყობს - ხალხთან კონტაქტიო. ასეთი კონტაქტი აწყობს. მუნიციპალიტეტები დოღებს აწყობენ - ხალხთან კონტაქტიო. ქლიბი კონტაქტის გარეშე იგივეა, რაც - საქორწილო ღამე უპატარძლოდ.

 

ლეიბორისტების მტკიცებით, სააკაშვილის პატარა ნიკოლოზი „შერატონის“ გარეშე, იგივეა, ბილ გეიტსის შვილს კომპიუტერი რომ არ ჰქონდეს. ლეიბორისტები ირწმუნებიან, რომ „პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში მდებარე სასტუმრო „შერატონი“ შვილს, ნიკოლოზ სააკაშვილს საკუთრებაში გადაუფორმა“. თუმცა, ლეიბორისტები იმედს არ კარგავენ, რომ ერთხელაც იქნება ქლიბებს ტისკებში მოაქცევენ. „ლეიბორისტული პარტია“ პირობას იძლევა, რომ ხელისუფლების შეცვლისთანავე მოხდება მითვისებული ქონების ჩამორთმევა“ - საზეიმოდ განაცხადა კახა ძაგანიამ.

 

მე მჯერა ლეიბორისტების. მჯერა, რომ მითვისებულ ქონებას ჩამოართმევენ. ოღონდ, არ ვიცი, ვის გადასცემენ და ამიტომ მჯერა, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. და, საინტერესო ის არის, რომ არც უნდათ. კოხტად არიან, ტკბილად, ზამთარში - თბილად, ზაფხულში - გრილად. მათთვის პოლიტიკა სარდაფია. „ნამდვილი ქალი სარდაფივით უნდა იყოს - ამბობდა ალექსანდრო - ზამთარში - თბილი, ზაფხულში - გრილი“. კიდევ ჩატარდება არჩევნები და ვიხილავთ ლეიბორისტთა საარჩევნო სიაში ქართველი ერის ისეთ სასიქადულო შვილებს, როგორებიც არიან ზუმბა, შონზო, ბიჭოლა, ლელა წურწუმია... და იქნებ სადმე ისევ ამოთხარონ ზაზა ბეგაშვილი და ჯუმბერ შენგელია.

 

კითხვაზე, საიდან აქვს „ლეიბორისტულ პარტიას“ „შერატონის“ ნიკოლოზ სააკაშვილზე გადაფორმების ინფორმაცია, ძაგანიამ განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია პარტიას სანდო წყარომ მიაწოდა და თუ ჟურნალისტები მოინდომებენ თავადაც შეძლებენ აღნიშნული ინფორმაციის დადგენას.

 

ხელისუფლებიდან რეაქცია - ნული. როგორ კიდიათ ქლიბებს გირაგები... „ტისკი“ ქართულად გირაგია.

 

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, სიღნაღში „ყველის ფესტივალი“ გაიმართა. უკვე წინასწარ ვიცოდით: „ღონისძიებას საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძე გახსნის. დამთვალიერებლები და სტუმრები ქართული ყველის მრავალფეროვნებას და სათითაოდ ყველა მაგიდაზე წარმოდგენილ ყველს გაეცნობიან“.

 

ეს სიდამონიძე ძაან მაღლა აფრინდა. ეგრე თუ გააგრძელა, ძერასაც მოკლავს და მაშინ ნახეთ მაგის „აბა დელი-დელი-დელა“. წესით და რიგით, სიდამონიძის საპირწონე ნესტან კირთაძე უნდა იყოს. რა მოხდებოდა, ამდგარიყო შალვას მშვენება და ყველების ფესტივალის პარალელურად სიღნაღში მოეწყო ფასების ფესტივალი. დაიდგმებოდა მაგიდები, თითოეულ მაგიდაზე დაიდებოდა ყველი შესაბამისი ფასით. დამთვალიერებლები ჩამოივლიდნენ, გაჩერდებოდნენ და ხახისმიერ „ნტ-ნტ“-ს ხორხისმიერ „რას გვიშვრება ეს სააკაშვილი“-ს დააყოლებდნენ. მაგრამ ნესტანი საერთაშორისო მდივანია, მულღაზანზართან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

 

ანეკდოტი გამახსენდა. მიხო 10-წლიანი ჯარიდან დაბრუნდა და სამი შვილი დახვდა. „ეს საიდან?“ „მაშინ რომ იყავი ჩამოსული“. „ეს?!“ „მერე ხომ მე ვიყავი შენთან...“ „და ეს?!“ „მაგას რას ერჩი, ზის თავისთვის და მაწონს ჭამს“ - არ დაიბნა მარო.

 

მიშა ყვარელში, საკუთარ მამულში ზის და „იმედის“ ქლიბებს ინტერვიუს აძლევს. ფრაგმენტი ინტერვიუდან (ნიუსის მიხედვით): „საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა ანაკლიაში მისი სტუმრობისას მომხდარ შემთხვევას, როდესაც პრეზიდენტთან ფოტოსურათის გადაღების მსურველი ერთ-ერთი ქალი სააკაშვილთან მიახლოებისას წაიქცა და წყალში ჩავარდა. მიხეილ სააკაშვილმა, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, საზოგადოების რეაქცია გააკრიტიკა. „22 წლის ანუკი წერდა „ფეისბუქში“, რა საშინელება იყო ის ქალი ანაკლიაში. კომუნისტურად, როგორ გაექანა და ჩავარდა ზღვაში. ატყდა „ფეისბუქზე“ ერთი ამბავი - დასცინიან, ხა-ხა-ხა, სხედან კაფეებში და ბოდიში, ებანძებათ ეს ქალი. სინამდვილეში, თავის თავში მონახონ პრობლემა”, - განაცხადა სააკაშვილმა“.

 

არც კაფეში ვზივარ, არც ბარში და არც რესტორანში. მიუხედავად ამისა, ის ქალი მაინც მებანძება. ვისაც ეს გიჟ-ნაცუები არ ებანძბა, იმას მოხვდეს ნიკო ბურის. ეგრე! და, თქვე დალოცვილებო (იმ 96 პროცენტს მივმართავ), თუ მაინცდამაინც ქლიბები გინდოდათ ხელისუფლებაში, ცოტა ეროვნული ქლიბები მაინც აგერჩიათ, წესიერ ქარხნებში დამზადებულები და საქმიან ოჯახებში დასაქმებულები.

 

კვლავ ფრაგმენტი ინტერვიუდან: „პრეზიდენტმა ბავშვებში მის პოპულარობაზეც ისაუბრა და იხუმრა, რომ 3-4 წლის ბავშვებს ხმის უფლება რომ ჰქონდეთ, ”ნაციონალები” სულ ხელისუფლებაში იქნებოდნენ. ”მე პირადად, ყველაზე პოპულარული ვარ ბავშვებში. ჩემი მთავარი ელექტორატი ბავშვებია. თუ გამომიჩნდა შანსი, რომ პარლამენტში გავიტანო კანონი, აუცილებლად სამ, ოთხი წლის ბავშვებს უნდა მივცეთ საარჩევნო უფლება. მაშინ სულ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს. ვხუმრობ, ამას ნამდვილად არ ვაპირებ”, - განაცხადა სააკაშვილმა“.

 

ჰო, აქ კი მართალია ვასიკოს მაღალი. ჩემს 3 წლის ბიჭს, ნიკუშას, გასაღებები უყვარს, ასევე - პლასკაგუბცები, ატვიორკები და ა.შ. ახლახანს საიდანღაც სცეპლენიის დისკი მომითრია (მე ვიჯექი და რურუას ჯინაზე „დედეტეს“ ვუსმენდი). რა თქმა უნდა, ქლიბებიც უყვარს. ანა უკვე შვიდი წლისა მოიყარა და დაჭკვიანდა, ოთხ წლამდე კი ავლაბრის შადრევანს „მიშას წყალს“ ეძახდა.

 

მოიცა და, ის ვინ იყო, პარლამენტში ჟურნალისტებს რომ დაჩხაოდა, რაც გვაქვს, ყველაფერი პრეზიდენტის წყალობააო?! ხუროშვილი - თუ არ ვცდები. გია, არა? ხუროს რად უნდა ქლიბი? ხუროს მაშინ უნდა ქლიბი, როდესაც თვითონაც ქლიბია.

 

აი, ქლიბობის კიდევ ერთი მაგალითი: „ბათუმის ოპერაში, მონაკოს პრინცის პატივსაცემად დადგმულ სპექტაკლში „ქეთო და კოტე“ ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება. სპექტაკლს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. კერძოდ, თავადი ლევანის პირველი არიის შესრულებისას, მიკროფონი გაითიშა, შემდეგ კი ხმამ მკვეთრად მოიმატა. სპექტაკლის რეჟისორი დავით დოიაშვილი ამ ფაქტს პრეზიდენტის დაცვას უკავშირებს“.

 

ვინმეს ხომ არ გახსოვთ თავად ლევანის პირველი არიის შინაარსი? გული მიგრძნობს, მიკროფონის გათიშვა ტექსტთან კავშირშია. იქნებ, თავადმა ლევანმა მიკროფონი მოიმარჯვა და მთელი ხმით დასცხო „მიშა, მოვდივააართ!!!“ და დაცვამ ეს ვერ აიტანა... ნიკა მემანიშვილის თქმით კი, მსგავსი ფაქტი მადონას კონცერტზეც მომხდარა. მართალია, მადონასთან ვერ მოვა, მაგრამ ერთხელ ნიკოლო პაგანინის მტრებმა (პუტინის აგენტები იქნებოდნენ) ვიოლინოზე სიმები დაუწყვიტეს და კაცმა ერთ სიმზე დაუკრა. მემანიშვილმა - მადონაო, თვით მადონას კონცერტზეო. პაგანინი ისევე ვერ მივა ახლოს მადონასთან, როგორც ქლიბი ვერ მივა ტაჩილასთან.

 

ქლიბი მაინც ქლიბია... „მობილიზებულ სამხედრო ძალებს საქართველო პასუხობს იმ პროგრამებით, რომლებიც ბავშვებს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისა და ამით, სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობას უქმნის, ასევე - ახალი სასტუმროებითა და ახალი ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ველოსიპედების გზებით, ახალი ბულვარებით“.

 

აბა რა, აბა რა!!! აი, რუსებს კოდორში, ახალგორში და სამაჩაბლოში დავხვდით კლუბებით, ბენზინგასამართი სადგურებით, „ელიტ ელექტრონიქსებით“, ვარძელაშვილებით და გოროზიებით. კუდით ქვა ვასროლინეთ და ერთი აზრი მომივიდა - რატომ ვაგზავნით ავღანეთში ჯარისკაცებს? გავაგზავნოთ რამაზ ნიკოლეიშვილი, რომელიც თალიბებს ველოსიპედზე შესვამს; გავაგზავნოთ სოსო ფხაკაძე, რომელიც თალიბებს კეთილ მგზავრობას უსურვებს და გავაგზავნოთ ანზორ ქოქოლაძე, რათა ორკასეტიანი მაგნიტოფონებით ჩაახშოს თალიბთა აჯანყება.

 

ხომ მაგარი აზრია? არ იფიქროთ, რომ უტოპიაა, ყველაფერი ხდება. მაგალითად, თუ იფიქრებდით, რომ მონაკოს მთავარი ჩამოვიდოდა? არადა, ჩამოვიდა და მერე დმანისსაც ესტუმრა. ალბერ-ბატონი არქეოლოგიით არის დაინტერესებული და, რა თქმა უნდა, დმანისის მუზეუმი დააფასა. გაეცნო ზეზვას და მზიას. მის უმაღლესობას არქეოლოგიაზე არანაკლებ აინტერესებს ქალთა სქესი და ვინც პრინცის სტუმრობის შემდეგ დმანისის მუზეუმში იმყოფებოდა, ყველა ერთხმად აღნიშნავს - ზეზვას სახე აქვს შეცვლილი, გაბრაზებულიაო. მზიას მარჯვენა თვალი აქვს ჩალურჯებული, მანამდე არ შეგვიმჩნევიაო...

 

ალბერ, შე თუქსუსო, გაუგეთ ერთმანეთს შენ და მაღალმა?

მთავარია გაგება.

 

„ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩის მოსახლეობა აცხადებს, რომ გუშინ მათთან "ნასას" ხომალდის ნამსხვრევები ჩამოცვივდა. მოსახლეობამ შეაგროვა რამდენიმე ლითონის ნამსხვრევი, რომელიც თავდაპირველად ცხელი იყო და ადგილი, სადაც ისინი დაეცა, ამომწვარია კიდეც. ადგილობრივებმა ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს უკვე აცნობეს. ქართველი სპეციალისტები „ნასას“ ხომალდის ნამსხვრევების საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ შესაძლოა ეს იყოს რომელიმე მცირე ზომის საფრენი აპარატის ნაწილები, რომელმაც კატასტროფა განიცადა“ - შემატყობინა დაძმობილებულმა სააგენტომ.

 

ქუთაისი გადამწვარაო... ქუთაისი ამომწვარა. ზოგი რა ქლიბია! იმიტომ კი არა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნარჩენები „ნასას“ ნარჩენებში რომ აერიათ... არა! იმიტომ არიან ქლიბები, საშველად გარემოს დაცვის სამინისტროს რომ მიმართეს. ხაჩიძემ შეუთვალა, ქვაბებზე დაკვრას მოვრჩი და ახლა ბოთლებზე დაკვრას ვიწყებო. ცხელ რკინას რას ერჩით, ბუნების მტერი პოლიეთილენის პარკიაო...

ქლიბებს რა დალევს...

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და საერთაშორისო კვლევის და გაცვლების საბჭომ (IREX) რეგიონალური მაუწყებლებისთვის ორდღიანი სემინარი გამართეს. კომისიის ინფორმაციით, სემინარები პროგრამა „ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეთა ინფორმირებულობას“ ფარგლებში გაიმართა.

 

მე ვიცნობ IREX-ის შეფს. იგი ქლიბია. გელაპარაკება, გელაპარაკება, გელაპარაკება და უცებ გეკითხება: „როდესმე სომხებზე ცუდი რამე ხომ არ გითქვამს? ფიქრად ხომ არ გაგივლია? შენი ოჯახი სომხებზე ცუდი აზრის ხომ არ არის? წინაპრები? მეგობრები?“

 

როგორ გეკადრებათ! „დინამო“-„არარატის“ თამაშზე „არარატ“ ბუმ, ბუმ“-ს ვყვიროდი. დოჩანაშვილს პირადად ვიცნობ, იშტოიანის გაცნობის ბედნიერებას კი მოკლებული ვარ. ეს არის ცხოვრება?!

 

ხოლო გასული კვირა ასე დაიწყო: „...ნაზარბაევის შეკითხვაზე, ეყოლება თუ არა ქვეყანას პრეზიდენტი, სააკაშვილმა განმარტა, რომ საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, მაგრამ რეალური ძალაუფლება პარლამენტის ხელში გადავა. „იქნება პრეზიდენტი, ძლიერი პარლამენტი და მთავრობა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა“.

 

ალბათ, ამ თემაზე ესაუბრებოდა დავით ბაქრაძე „კოპალაში“ მიწვეულ სტუმრებს.

 

დ. მ. ტ.გ.პ. (დავით, მოხსენი ტყუილების გუდას პირი) - ტომი, გახსენი, თუ შეიძლება, ტომრები! - ბრძანა პეპიმ.

ტომიმ მაშინვე შეასრულა პეპის ბრძანება. ასე დაიწყო დიდი ღრეობა, როგორიც მანამდე არასოდეს ყოფილა ამ პატარა ქალაქში. ბავშვებმა პირი გამოიტენეს ფერად-ფერადი შაქარყინულით, მალინის კარამელით და ნუგებით.

(ასტრიდ ლინდგრენი, „პეპი გრძლიწინდა“)