პუტინი ისევ პრეზიდენტად

პუტინი ისევ პრეზიდენტად


მოსკოვი – პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რომელმაც პოსტ-საბჭოთა რუსეთი საგრძნობლად გარდაქმნა ისე, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების დიდი ნაწილი კრემლის კონტროლს დაუქვემდებარა, როგორც შაბათს გაირკვა, მომავალ წელს პრეზიდენტად დაბრუნებას შეეცდება და შეიძლება ამ პოსტზე 2024 წლამდე დარჩეს, რათაც მისი მმართველობა ხანგრძლივობით ბრეჟნევის ან სტალინის მმართველობის ვადას გაუთანაბრდება.

შაბათს, მოსკოვში, „ერთიანი რუსეთის“ ყრილობაზე პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ის ამ პოზიციას პუტინს უთმობს, რომელიც 2000-2008 წლებში პრეზიდენტად მსახურობდა, მაგრამ კონსტიტუციით ამ თანამდებობაზე მუშაობა ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით შეეძლო. ბ-ნი მედვედევი მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც პუტინი აუცილებლად გაიმარჯვებს, პრემიერ-მინისტრის ადგილს დაიკავებს.

განცხადებას დარბაზში, სადაც პუტინის პარტიის „ერთიანი რუსეთის“ 11 000 მხარდამჭერი შეიკრიბა, მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა. მედვედევის სახეზე, რომელიც უზარმაზარ ეკრანზე მოსჩანდა, ღიმილმა გაიელვა, რადგან დარბაზი ახმაურდა, ფეხზე წამოდგა და პუტინს მიუბრუნდა, რომელიც იქვე იჯდა.

ამ ნაბიჯმა დაასრულა ის გაურკვევლობა, რომელიც რუსეთის შიგნით და მის გარეთ არსებობდა იმ საკითხის ირგვლივ, აპირებდა თუ არა პუტინი საკუთარი ძალაუფლების შესუსტებას. გადაწყვეტილების მიზეზი არცერთ ლიდერს არ აუხსნია, მაგრამ პუტინმა განაცხადა, რომ გარიგება რამდენიმე წლის წინ შედგა. თუკი ეს მართლაც ასეა, გამოდის, რომ მედვედევის პრეზიდენტობა და ის დაძაბულობა, რომელიც მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას ახლდა თან, ორგანიზებული პოლიტიკური სპექტაკლი ყოფილა, რომელმაც მსოფლიოს დიდი ნაწილი ჩაითრია.

„მე პირდაპირ გეტყვით, რომ შეთანხმება მომავალ ქმედებებთან დაკავშირებით ჩვენს შორის რამდენიმე წლის წინ შედგა“, – თქვა პუტინმა. ის რომ კონფლიქტი არ ყოფილა ეს მედვედევმაც დაადასტურა, თუმცა მისი ტონი ნაკლებად კატეგორიული იყო. „ეს ღრმად გააზრებული გადაწყვეტილებაა“, – თქვა ბ-ნმა მედვედევმა, „ჩვენ მართლაც განვიხილავდით მოვლენათა ასეთი განვითარების შესაძლებლობას იმ დროს, როდესაც ჩვენი მეგობრული კავშირი ჩამოყალიბდა“.

ცვლილება ერთგვარ გაურკვევლობას უქმნის მომავალში შეერთებული შტატებისა და რუსეთის ეგრედწოდებული გადატვირთვის პოლიტიკას, რომელსაც ხელი შეუწყო პოზიტიურმა ურთიერთობამ პრეზიდენტებს მედვედევს და ობამას შორის. მაგრამ ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა შაბათს ამგვარი წუხილის საფუძველი უარყო და განაცხადა, რომ ამერიკელი ჩინოვნიკები „შეგნებულად გაურბოდნენ ფავორიტების პოლიტიკას“.

„ყველამ იცის, რომ რუსეთს პუტინი მართავს“, თქვა ჩინოვნიკმა, ანონიმურობის დაცვის პირობით. „ამ აშკარა ფაქტის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ პუტინი მხარს უჭერს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკას“.

ქუჩაში, მოქალაქეების უმრავლესობა გაკვირვებული არ ჩანდა. პუტინის ხელისუფლებაში მოსვლას თან ახლდა ნავთობიდან შემოსავლების ზრდა და რუსების უმრავლესობა 1990-იანი წლების ქაოტური პლურალიზმის მიმართ ნოსტალგიას არ განიცდის. პუტინის ოპოზიცია იზრდება, თუმცა დიდწილად ისეთ ადგილებში, როგორიც მოსკოვია, სადაც მოქალაქეები ინფორმაციას ინტერნეტით იღებენ და მთავრობის სოციალურ დახმარებებზე ნაკლებად არიან დამოკიდებულნი.

„ვერ გეტყვით რა განცდა უნდა მქონდეს ამ ფაქტთან დაკავშირებით, რადგან ერთის მხრივ, ისეთი შთაბეჭდილება რჩებეა, რომ არანაირი ალტერნატივა არ გვაქვს და უნდა ვაღიაროთ, რომ პრეზიდენტი პუტინი იქნება“, – თქვა რეკლამის სპეციალისტმა იულია ბელოვამ. ფილოსოფიური პასუხი ჰქონდა 71 წლის ივან ჩაიკინსაც, რომელმაც განაცხადა, რომ დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებული იმედები მას ათი წლის წინ გაუქრა.

„მათ ერთმანეთში გადაწყვიტეს, ვინ რომელ სამუშაოს შეასრულებს“, – თქვა მან. „ეს ჭადრაკის სვლას გავს – ჩემი კუ თქვენი ეტლისთვის“.

ცოტა რამ თუ ადასტურებს იმას, რომ ამ ნაბიჯს დრამატული სტრატეგიული ცვლილებები მოჰყვება. მედვედევი პოლიტიკური და სასამართლო რეფორმებისკენ მოუწოდებდა, რაც კრემლის ძალაუფლების დეცენტრალიზაციას მოახდენდა. ამ რიტორიკის გამო მან დასავლეთსა და პროგრესულ წრეებში ბევრი ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვა. მაგრამ დიდწილად, ის სუსტ მმართველად განიხილებოდა, რომლის ინიციტივებიც პუტინის ვეტოს საგანს წარმოადგენდა. იმავდროულად, ბოლო თვეების განმავლობაში პუტინი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს რეფორმატორობას სწორედ ის შეძლებდა, იმოსებოდა რა ცარისტული ეპოქის პრემიერ-მინისტრის პეტრე სტოლიპინის მანტიაში.

შაბათის გამოსვლაში, ის მდიდრებისთვის ზოგიერთი გადასახადის გაზრდის წინადადებით გამოვიდა და ისეთ საკითხებს შეეხო, რომელიც მედვედევის „ტერიტორიად“ ითვლებოდა.

„ჩვენ ღიად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენი ეკონომიკა ნედლეულზეა დამოკიდებული, რომ სახიფათო ზღვარს აღწევს სოციალური უთანასწორობა, ძალადობა, კორუფცია, უსამართლობა და მოწყვლადობა, რომელსაც ადამიანები განიცდიან, როდესაც საქმე აქვთ სახელმწიფო ორგანოებთან, სასამართლოებთან და კანონების რეალიზაციასთან ცხოვრებაში“, – თქვა პუტინმა.

„სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გრძელდება“, – თქვა მან „ჩვენ შეგვიძლია და უნდა გადავლახოთ ეს პრობლემები“.

პუტინის რეფორმატორული ხედვა, შესაძლოა არ აღმოჩნდეს დამაჯერებელი უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებიც რუსეთში ბიზნესის კლიმატთან დაკავშირებით კმაყოფილებას ნაკლებად გამოთქვამენ. მთავარი პრეტენზია კი ის არის, რომ პუტინის მმართველობა ისე აკნინებდა სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ მთავარი შეთანხმებებიც კი ქვეყნის ლიდერებთან პირად ურთიერთობებზე იყო დამოკიდებული.

როგორც მოსალოდნელია, პუტინს მომდევნო წლებში მტკივნეული და არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, რადგან ნავთობის მოპოვების დონე მცირდება, ხოლო რუსების ცხოვრების დონის ზრდა შენელებულია. 2014 წელს, რომლისთვისაც დაგეგმილია, რომ სამომხმარებლო საქონლის იმპორტმა ნავთობმოპოვებას უნდა გაუსწროს, მთავრობა იგრძნობს, რომ სულ უფრო მეტადაა დამოკიდებული უცხოურ ინვესტიციებზე.

საზოგადოებრივი აზრის ფონდის მონაცემებით, მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ ნელ-ნელა კარგავს პოპულარობას. იანვრის შემდეგ მისი რეიტინგი 9 პუნქტით შემცირდა. ამიტომ იმ ფონზე, როდესაც მომდევნო არჩევნებიდან არცერთი (დეკემბერის საპარალამენტო და მარტის საპრეზიდენტო არჩევნები) ამომრჩეველს არსებული რეჟიმის ალტერნატივას არ სთავაზობს, ეს სახელმწიფო ბიუჯეტისა და მოქალაქეების მოთმინებისთვის სერიოზული ტესტი გახდება.

მაგრამ ამ პრობლემებს არ შეულახავს შაბათის ყრილობის საზეიმო ატმოსფერო ან პუტინის ფანების კმაყოფილება.

„როდის მომხდარა რუსეთის ისტორიაში ასეთი მაღალი სახელმწიფო ძალაუფლების გადაცემა ასე მშვიდობიანად, ასე ღირსეულად, სამართლიანად და ასეთ მეგობრულ ატმოსფეროში?“ – განაცხადა ეპისკოპოსმა ვსევოლოდ ჩაპლინმა, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მაღალჩინოსანმა სააგენტო „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, ეს ისეთი მიღწევაა, რომლისაც „უნდა შურდეთ არამხოლოდ ჩვენს წინაპრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც საბჭოთა ეპოქაში ცხოვრობდნენ, არამედ მსოფლიოს ქვეყნბის უმრავლესობას, მათ შორის მათ, ვინც ჩვენთვის ჭკუის სწავლებას ცდილობს“.

უდაოდ, პუტინი ქვეყნის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია, და მარტის არჩევნებში მას სავარაუდოდ სიმბოლურ კონკურენციას გაუწევენ, მით უფრო ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის სრული იზოლაციის ფონზე. მედვედევის, როგორც პრეზიდენტის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, საპრეზიდენტო ვადის ექვს წლამდე გაზრდა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინს ამ თანამდებობაზე 12 წლით დარჩენა შეუძლია. თუკი ეს ასე მოხდება, მაშინ ის გახდება ლიდერი, რომელიც რუსეთის სათავეში 24 წელიწადზე მეტხანს დარჩება, რაც მას საბჭოთა კავშირის ორ გამორჩეულ ლიდერს – ბრეჟნევს და სტალინს გაუტოლებს, რომელთაგან პირველი ხელისუფლების სათავეში ცივი ომის პიკში 18 წელი იყო, ხოლო მეორე ქვეყანას დაახლოებით 30 წლის განმავლობაში მართავდა.

ბოლო თვეებში, პუტინი, რომელიც ოქტომბერში 59 წლის ხდება, ფაქტობრივად არ ტოვებდა ეჭვს იმის თაობაზე, რომ „რუსეთის მმართველ ტანდემში“ წამყვან პოზიციებზე აპირებდა დარჩენას. ის ტელევიზიით ხან მოტოციკლეტთან ჩნდებოდა, ხან ყვინთავდა და ხანაც რიგით მოქალაქეებთან დიალოგში მონაწილეობდა. მას შემდეგ, რაც მედვედევმა ამ თვეში იაროსლავლში სიტყვა წარმოსთქვა, ანალიტიკოსმა ლილია შევცოვამ მოსკოვის კარნეგის ცენტრიდან, თავისი ბლოგი ამ თემაზე ასე დაასათაურა „თამაშის ბოლო აქტი“.

„როგორი რთული აღმოჩნდა მედვედევისთვის ამ დროის შევსება“, – წერდა იგი. „არც თუ დიდი ხნის წინ ის საკუთარი ფუნქციით ხარობდა. მას აშკარად სჯეროდა ამ ფუნქციის სერიოზულობის. მაგრამ დადგა დრო, როდესაც ცხადი გახდა, რომ ის უნდა წავიდეს“.

მედვედევმა პრეზიდენტობის დროს თავისი მხარდამჭერების წრე შექმნა, და შაბათს იგრძნობოდა, რომ ამ ადამიანებს იმედი გაუცრუვდათ. მედვედევის ერთ-ერთი ყველაზე ახლო თანაშემწის არკადი დვორკოვიჩის კომენტარი Twitter-ზე ამ ყრილობის მიმდინარეობის დროს ასეთი იყო, „ზეიმის მიზეზი არ არსებობს“, და შემდეგ „ახლა დროა სპორტულ არხზე გადავრთოთ“. ყველაზე მკვეთრი კომენტარი გავლენიანმა პოლიტკონსულტანტმა გლებ პავლოვსკიმ გააკეთა, რომლის ხანგრძლივი კონტრაქტი კრემლთან გაზაფხულზე შეწყდა.

„ფაქტია, რომ პრეზიდენტმა როგორც პოლიტიკურმა მოღვაწემ უღალატა მათ, ვისაც მისი სჯეროდა – ეს პოლიტიკური თვითმკვლელობაა, მაგრამ მას ამის უფლება აქვს“, – უთხრა პავლოვსკიმ „ეხო მოსკვის“. მან ამ ნაბიჯს „რუსეთში პრეზიდენტობის ინსტიტუტის პრესტიჟზე დარტყმა“ უწოდა.

ზოგიერთმა პოლიტოლოგმა ეჭქვეშ გააყენა პუტინის განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინა არის მიღებული. ეკონომისტმა მიხეილ დელიაგინმა, რომელიც ადრე მთავრობაში თანაშემწის პოზიციაზე მუშაობდა, განაცხადა, რომ მედვედევმა „დამოუკიდებლობის ხარისხი აჩვენა“, და ის რომ მეორე ვადით აერჩიათ, შეიძლება ეცადა „გამხდარიყო ნამდვილი და არა ფორმალური პრეზიდენტი“.

„მე ვიცი, რომ პუტინმა და მედვედევმა რამდენჯერმე განიხილეს თავიანთი გარიგება, და რომ დრო და დრო ეს საუბრები საკმაოდ რთული იყო“, – თქვა გლობალიზაცის საკითხების ინსტიტუტის დირექტორმა ბ-ნმა დელიაგინმა. „იყო მომენტები, როდესაც აბსოლუტური განცდა არსებობდა იმის, რომ მედვედევი ივიწყებდა ამ გარიგებას და ცდილობდა საკუთარი თამაში ეთამაშა. მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ სუსტი ყოფილა“.