[მანანა ნოზაძე]
დღეს კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური პარტიით გამდიდრდა ჩვენი პოლიტიკური სპექტრი. პარტია „განახლებული საქართველოს“ პრეზენტაცია სიმბოლურ ადგილას გაიმართა. პარტიის დამაარსებლებმა თემქაზე მდებარე ე.წ. „არაშენდას“ კორპუსი შეგნებულად შეარჩიეს, რათა ხელისუფლების მიერ უპატრონოდ მიტოვებული ამ ადგილის განახლება ჯერაც აუშენებელი საქართველოს გამთლიანების საწინდარი გახდეს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ფაცაციამ განაცხადა, მრავალი წლის მანძილზე არ აშენებულა როგორც „არაშენდა, ისე მთლიანად საქართველო, წლების განმავლობაში ქაოტურმა მმართველობამ ქვეყანა მიიყვანა კატასტროფამდე. ხელისუფლებამ დაივიწყა, რომ ტერიტორიალური ერთიანობაა მთავარი. ჩვენი მიზანია, ავაშენოთ არაშენდა და დანგრეული საქართველო. ერთად ვიაროთ არაშენებული საქართველოდან ერთიანი საქართველოსკენ“.
მართალია, ახალი პარტიის მესვეურები 19 ოქტომბერს ფილარმონიაში დაგეგმილ ყრილობამდე არანაირი განცხადების გაკეთებას არ აპირებენ, მაგრამ გაირკვა, რომ მათ საკმაოდ დიდი ამბიცია აქვთ და ხელისუფლების რეალურ ალტერნატივად მიიჩნევენ თავს. ისინი ირწმუნებიან, რომ მათი პარტია ქვეყანაში განახლებას, აღმშენებლობას მოიტანს და რაც მთავარია, ქვეყანას გაამთლიანებს. უკვე გაცხადდა, რომ პარტია რეგონებშიც აპირებს გასვლას და მათთვის უმნიშვნელოვანესი იქნება უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა, გაღატაკებული გლეხობის გამოყვანა მდგომარეობიდან.
როგორც ფაცაციამ აღნიშნა, არაშენდას დასახლებაში მცხოვრები ადამიანები თვითონ ხურავენ სახურავს, თვითონ აწყობენ შენობის შიდა ინტერიერს. მაშინ, როცა გარეთა ფასადი საბოლოო და უკანასკნელია, მთავარია, შიგნით მოწესრიგდეს ყველაფერი. „ჩვენ მოვდივართ მომავლის იმედით. ცვლილებების და გარდატეხის დროა“.
როგორც „განახლებული საქართველოს“, ასევე, ერთ-ერთმა ლიდერმა თემურ ჩილაჩავამ აღნიშნა, მათი პარტია ჩამოყალიბდება და მხარდაჭერას მთელი საქართველოს მასშტაბით მოიპოვებს. არაა გამორიცხული, ახლადშექმნილ პარტიაში გაწევრიანდეს ენის პალატის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ღვინჯილიაც, რადგან „განახლებული საქართველოს“ პრეზენტაციაზე ისიც იმყოფებოდა. თუმცა პარტიის მიზნებისა და სტრატეგიის, ასევე, მის წევრთა შესახებ დეტალები 19 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
ჯერ კიდევ აგვისტოში გაცხადდა, რომ ოქტომბერში ახალი პარტია უნდა დაფუძნებულიყო. ახალი პარტიის დაფუძნება რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის მინდია გულუას მიერ ქართული კულტურის მოღვაწეებთან, მეცნიერებთან, ექსპერტებთან და ცენტრისტული მიმართულების პარტიის შექმნის საინიციატივო ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა.
მაშინდელი ინფორმაციით, პარტია გეგმავდა, მონაწილეობა მიეღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში და, თუ ხალხის ნდობას მოიპოვებდა, უახლოეს წლებში შესაძლოა, ქვეყნის მმართველი პარტიაც გამხდარიყო.
ახალი პარტიის დაფუძნების ერთ-ერთი მხარდამჭერია რუსეთში მოქმედი საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველოსათვის“ ხელმძღვანელი მინდია გულუა. როგორც გულუა ამბობს, თავად არ იქნება ახლად დაფუძნებული პარტიის წევრი, მაგრამ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მზად იქნება, ხელი შეუწყოს პარტიის საქმიანობას.
თუმცა დავით ფაცაცია პრესაგე.ტვ-სთან საუბარში გამორიცხავს, რომ მინდია გულუა მათი დამფინანსებელია.
„მინდია გულუა ჩვენი მეგობარია. იგი ვერ დააფინანსებს ჩვენს პარტიას, რადგან საქართველოს მოქალაქე არაა. მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი აქვს, ვერ დაგვაფინანსებს. იმედი მაქვს, ბევრი ასეთი ადამიანი დადგება ჩვენს გვერდით“, - გვითხრა ფაცაციამ.
რაც შეეხება დავით ფაცაციას, იგი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი მოძრაობა „არას“ წარმომადგენელია.
პრესაგე.ტვ-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
ადრე თქვენ „ახალი მემარჯვეეების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდით. „მემარჯვენეებთან“ თქვენი ურთიერთობა დასრულდა?
- „მემარჯვენეებთან“ აპრილის თვიდან აღარ ვარ. სასურველია, ეს თემა დაიხუროს, რადგან ჩემი პრინციპია ღირსება და სამართლიანობა. არცერთი პოზიცია, თანამდებობა არ უნდა წარმოადგენდეს რაიმე მნიშვნელოვანს. დავით გამყრელიძეს უდევს ჩემი განაცხადი, ჩემი „მემარჯვენეებიდან“ წასვლის გადაწყვეტილების შესახებ.
თქვენ უკმაყოფილება, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით „მემარჯვენეების“ მიერ ხელისუფლების პოზიციის გაზიარებამ განაპირობა?
- მანამდე წამოვედი „მემარჯვენებიდან“ და მე ვერ გავაკრიტიკებ ჩემს ყოფილ გუნდს. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც პირად საკითხებზე განვივრცობი. მიმაჩნია, რომ, თუ 2012 წელს გადამწყვეტი გარდატეხის მიღწევა არ მოხერხდება, საქართველო განწირულია. საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა არის ის რეალობა, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ანუ არაშენდას ტერიტორია. ეს არის დანგრეული ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს განადგურებული სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკა და, რაც ყველაზე მთავარია, ადამიანები მორალურად დაინგრნენ, სულიერად განადგურდნენ. დღეს ბოლო საკითხი დგას ეკლესიაზე, ეკლესიის განადგურებაზე, რასაც პრინციპულად არ დავუშვებთ. ყველაზე მთავარი ჩვენი სტრატეგია იქნება, რომ შევქმნათ ღირსეული საქართველო, უნდა განვაახლოთ ყველა ის ურთიერთობა, რომელიც დაზარალდა. უნდა შევქმნათ ერთიანი საქართველო, ეს პრინციპული საკითხია, რადგან, ჩემთან ერთად, დევნილები ვალდებულნი არიან, დაბრუნდნენ და აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი სამშობლო. ამის მერე ლაპარაკი შეიძლება ფასადურ განახლებაზე.
რამდენადაც ვიცი, თქვენც დევნილი ხართ.
- დიახ, მეც დევნილი ვარ.
სხვა პარტიებთან თუ გაერთიანდებით?
- ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერაფერს მოგახსენებთ. იმედი მაქვს, ჩვენ შემოგვიერთდებიან სხვა პარტიებიც, რადგან სხვა გზა და პერსპექტივა არ არსებობს. ღირსეული, განახლებული საქართველოსთვის არსებობს მხოლოდ ერთი რამ, ეს იქნება სისტემური, კამპანიური, დინამიური მოქმედება ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ხელისუფლება არის დანაშაულებრივი, კრიმინალური. უნდა იცოდეთ, რომ ესენი ყველაფერზე წამსვლელნი არიან. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ამ კრიმინალების ბოლომდე მოქმედება. ამიტომ დღეს არის ზღვარი, რომლის იქით წასვლა არ შეიძლება. 2012 წელი იქნება არჩევნების დღე, სადაც არჩევნებით უნდა გადაწყდეს საქართველოს როგორც განახლების, ისე ტერიტორიული მთლიანობის, პერსპექტივისა და სოციალ-ეკონომიკური ვითარება.
გამოსავალი ქუჩის აქციებში გესახებათ თუ საარჩევნო სისტემის მოწესრიგებაში?
- გამოსავალი მოქალაქეებშია, უბრალო ადამიანებში. თუ ადამიანები შეძლებენ და მოახერხებენ ერთიანობას, მათ ვერცერთი კოდექსი, საარჩევნო სისტემა ვერ აღუდგება. გამოსავალი მხოლოდ ერთია, ეს არის ერთიანი მოქალაქეობრივი პროტესტი, რომელიც დაფიქსირდება არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ გამოიხატება საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმირებაში.
„ქართულ მარშს“ შეუერთდებით?
- ჩვენ აუცილებლად გვირგვინით მივალთ გმირთა მოედანზე, დავაფიქსირებთ ჩვენს სოლიდარობასა და პატივისცემას, მადლიერებას იმ ღირსეული და გმირი ვაჟკაცების მიმართ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპნენ. ეს იქნება ჩვენი პრინციპული ნაბიჯი. რაც შეეხება „ქართველთა მარშს“, ყველა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს ინდივიდუალურად.
26 მაისის აქციის დარბევის მეორე დღეს თქვენ პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის ესკორტს მარჯანიშვილის თეატრთან შემთხვევით შეხვდით და მას „მკვლელი“ უწოდეთ. რა განწყობა გეუფლებათ, როდესაც ხედავთ, რომ თქვენგან განსხვავებით, საქართველოში ზოგიერთები სააკაშვილს ზარ-ზეიმით ხვდებიან? ასეთი განწყობის ფონზე როგორ გესახებათ საკუთარი პარტიის მომავალი?
- რატომღაც ჰგონიათ, რომ შოკოლადი ვესროლე. არადა, შოკოლადი არ მისვრია, რადგან ძალიან ახლოს იდგა. ეს არის სპექტაკლი, რომელიც იდგმება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. კარგად გახსოვთ ალბათ, როცა სვეტიცხოვლობის დღესასწაული იყო, როგორ მიიყვანეს ავტობუსებით „ნაცმოძრაობის“ კოორდინატორები, წევრები. იმის მაგივრად, ეს ადამიანები ინანიებდნენ ცოდვებს და ლოცულობდნენ, ისინი „მიშა, მიშა“-ს ყვიროდნენ ეკლესიის ეზოში. ეს არის კრიმინალი და დანაშაული. რა თქმა უნდა, მთლიანობაში, ჩვენს ერში ასეთი განწყობა არ არის. თუმცა არსებობს ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც აუცილებლად უნდა გაირღვეს. ინფორმაციული ვაკუუმი ეს გახლავთ საქართველოს მოქალაქეების დატერორება. ესაა ტერორისტული მოქმედება ყველა მოქალაქის მიმართ. შიში, ტვინის მედიაგამორეცხვა, ამის გარღვევა უნდა მოხდეს მხოლოდ ჩვენი სოლიდარობით.
თქვენთვის რას ნიშნავს ურთიერთობა რუსეთთან?
- ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობა, რადგან მათთან ურთიერთობის გარკვევის გარეშე ვერ აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას, ეფექტურ სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას. მნიშვნელოვანია კეთილმეზობლური ურთიერთობის აწყობა, მაგრამ ჩვენი ვექტორი პრინციპული და მნიშვნელოვანია - ევროპისკენ ინტეგრაცია, ევროკავშირში გაერთიანება მომავალში. ეს ფაქტორები დგება მხოლოდ სამი რამით: ალტერნატივა, სისტემა და ჩვენი გეოსტრატეგიული ურთიერთობები მეზობლებთან. საუბედუროდ, პრაქტიკულად ყველა ჩვენი მეზობელი გადამტერებულია ჩვენზე, ხოლო შიგნიდან ეს ხელისუფლება ახერხებს, გაანადგუროს ინდივიდი მოქალაქეები. ჩვენ ვქმნით ალტერნატივას, დინამიურ სერიოზულ ძალას. რაც შეეხება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდომას, ამ ეტაპზე ამას გამოვრიცხავ, რადგან ამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ამჟამად, გარკვეულწილად, გარიგებას ნიშნავს. მოლაპარაკება შედგება მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რა უნდა დათმონ მათ საქართველოს მოქალაქეებისთვის.
არჩევნებში მონაწილეობას მიიღებთ?
- აუცილებლად. არჩევნები არის პრინციპული საკითხი.
რეგიონებში გასვლას თქვენც აპირებთ. ძალიან ბევრი პარტია რეგიონებში გასვლაზე ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ ხალხს უნდა კი მათი ჩასვლა? რამდენადაც ცნობილია, იქაურები შეშინებულნი არიან და ადგილობრივი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
- ამ საკითხზე პასუხს 19 ოქტომბერს გაიგებთ.