საბერძნეთის დეფოლტი ფაქტობრივად შედგა

საბერძნეთის დეფოლტი ფაქტობრივად შედგა

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

უკვე რამდენიმე თვეა საბერძნეთის მოსალოდნელი დეფოლტი ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური თემაა. ევროპელი პოლიტიკოსები ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდნენ, თუ როგორ გადაარჩინონ ქვეყანა. კრიზისიდან საბერძნეთის გამოყვანისათვის საჭირო სახსრების ძირითად წილს ევროკავშირი გაიღებს, მაგრამ ბერძნული ობლიგაციები და კერძო ინვესტორები ძალიან დიდ ზარალს ნახავენ.

კერძოდ, საბერძნეთისათვის გაწეული ოფიციალური დახმარება მთლიანობაში 109 მილიარდ ევროს მიაღწევს, კერძო სექტორი კი 2011-დან 2019 წლამდე 106 მილიარდიან ზარალს ნახავს. კაცმა რომ თქვას, ეს შეიძლება ტექნიკურ დეფოლტად ჩაითვალოს, მაგრამ ამის აღიარება რატომღაც არავის უნდა.

საბერძნეთი რამდენიმე მაჩვენებლით უკვე გინესის წიგნშია შესატანი. 2010 წელს იგი გახდა პირველი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირმა ფინანსური დახმარება გაუწია, თანაც, მთელი 80 მილიარდი ევრო გამოუყო. კიდევ 30 მილიარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაიღო. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთმა მთელი ეს ამოდენა ფული ერთ წელში აითვისა და 2011 წლის გაზაფხულზე კიდევ დახმარება დასჭირდება.

თანაც, საბერძნეთისათვის თანხა მკაცრად საბაზრო პირობებით გამოყვეს, რომ იაფ ფულს სხვა ქვეყნებიც არ მოეხიბლა. კერძოდ, ევროკავშირმა მოითხოვა ბერძნული კრედიტების რისკების კერძო ინვესტორებზე განაწილება. ბოლოს და ბოლოს, ბევრმა მათგანმა ფული შემოსავლიან, მაგრამ გვარიანად სახიფათო ბერძნულ ობლიგაციებში ჩადო იმ იმედით, რომ ევროპა ქვეყნის გაბანკროტებას არ დაუშვებდა. მაგრამ საბოლოოდ ევროპელები საბერძნეთის მსუბუქი ფორმით დეფოლტს დათანხმდნენ. მართალია, ჩინოვნიკები ამ სიტყვის გამოყენებას გაურბიან, მაგრამ ეს სწორედ დეფოლტია.

კერძო ინვესტორებს საბერძნეთის ვალის რესტრუქტურიზაციის ორი ვარიანტი შესთავაზეს. პირველი გახლავთ ობლიგაციების 15-30 წლიან პერიოდში დაფარვა. მეორეს შემთხვევაში კი ინვესტორს შეუძლია ობლიგაციები თავიდან უკვე 2012 წელში მოიშოროს, მაგრამ მათი ღირებულების 80 პროცენტის სანაცვლოდ.

საბერძნეთის კიდევ ერთი რეკორდი ის გახვალთ, რომ იგი გახდა ევროზონის წევრი პირველი ქვეყანა, რომელიც ტექნიკური დეფოლტის მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუმცა, თავად ევროზონისათვის შექმნილი სიტუაციიდან გაკვეთილის მიღებაა.

როგორც ჩანს, ასეც ხდება, რადგან ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელები საბერძნეთისათვის დახმარების გაწევასთან ერთად, ფინანსური სისტემის რეკონსტრუქციაზეც ატარებენ მოლაპარაკებებს. კერძოდ, უკვე გადაწყდა ანტიკრიზისული ფონდის შექმნა და, სამომავლოდ, საერთო ფინანასთა სამინისტროს დაარსებაზე მიდის საკმაოდ სერიოზული საუბარი სხვადასხვა დონეზე. თანაც, გადაწყვიტეს, სარეიტინგო სააგენტოების აზრი არ გაითვალისწინონ.

გარდა ამისა, სამომავლოდ, სავარაუდოდ, შეიცვლება გარკვეული ევროპული კანონები, რომ კრიზისის შემთხვევაში უფრო სწრაფად და მოქნილად რეაგირება იყოს შესაძლებელი და ამა თუ იმ კანონმა ზომების მიღებას ხელი არ შეუშალოს. თავისთავად ცხადია, ევროპელ ლიდერებს ბევრი თავსატეხი აქვთ, რადგან, საბერძნეთის შემდეგ რიგში ირლანდია, პორტუგალია და ესპანეთი დგანან და კიდევ ერთი ტექნიკური დეფოლტი, თუნდ ამ საზარელ სიტყვას ტაბუ დაადო და რაც გინდა ის უწოდო, ევროს ზონას ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს.