როგორ შეიცვალა Yahoo!-ს დირექტორი

როგორ შეიცვალა Yahoo!-ს დირექტორი

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

განთქმული ინტერნეტ-კომპანია Yahoo!-ს გენერალური დირექტორის ქეროლ ბარცზის დათხოვნა თავისუფლად შეიძლება თანამედროვე ბიზნეს-ეპოქის უპრეცედენტო მოვლენად ჩაითვალოს. მაშ კიდევ ვის შესახებ გსმენიათ, რომ ეგზომ მსხვილი კომპანიის თავკაცს თავისი გადაყენების შესახებ ტელეფონით, სრულიად უცერემონიოდ შეეტყოს.

იმ დღეს ქალბატონი დირექტორი Citigroup-ის ტექნოლოგიურ კონფერენციაზე გამოსასვლელად ემზადებოდა. მან დეტალების შესათანხმებლად კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს როი ბოსტოკს დაურეკა. ამ უკანასკნელმა კი უეცრად იურისტების მიერ მომზადებული შეტყობინება წაუკითხა და სახტად დარჩენილ ბარცზს ორი საათი მისცა მოსაფიქრებლად, პოსტს თავისი ნებით დატოვებდა თუ დირექტორთა საბჭოსაგან გაძევებას დაელოდებოდა.

ქეროლ ბარცზი Yahoo!-ს გენერალური დირექტორის პოსტზე 2009 წლის დასაწყისში დაინიშნა, როცა კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებელი ჯერი იანგი შეცვალა. ეს ერთობ ძლიერ ბიზნეს-სვლად ჩაითვალა, ბარცზი ხომ ისეთ ცნობილ კომპანიებში მუშაობდა, როგორებიცაა 3M, Digital Equipment Corporation, და Sun Microsystems. ამასთან, იყო კომპანია Autodesk-ის ხელმძღვანელი და შედიოდა  Intel-ის, Cisco Systems-ის, BEA Systems-ის და  Network Appliance-ის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში.

ცხადია, ამგვარი მოპყრობით ქალბატონი ყოფილი დირექტორი ძალიან შეურაცხყოფილი დარჩა და პირველსავე ინტერვიუში Yahoo!-ს დირექტორთა საბჭოს წევრები იდიოტებად მოიხსენია. ეს სიტყვები ქეროლს ალბათ ძვირი დაუჯდება, რადგან მისი შორმითი ხელშეკრულების თანახმად, თუ კომპანიას აუგად მოიხსენიებდა, გადაყენების სანაცვლოდ განსაზღვრულ თანხას 10,4 მილიონ დოლლარს ვეღარ მიიღებდა.

აღსანიშნავია, რომ ბარცზი გასული წლის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ-მენეჯერი იყო. მისი წლიური ხელფასი თითქმის 1 მილიონ დოლარს, წლიური ბონუსი კი 2,2 მილიონ დოლლარს შეადგენდა.

ბარცზის ბიოგრაფიიდან აღსანიშნავია 1992 წელს მისი Autodesk-ის გენერალურ დირექტორად დანიშვნა, რის შემდეგაც მან კომპანიის დამაარსებლისაგან კარლ ბასისაგან აქციების გამოსყიდვა მოახერხა და შემდეგ იგი საერთოდ დაითხოვა. მაგრამ მალე მიხვდა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ბასი კომპანიისათვის და იგი უკანვე მოიწვია. როგორც ვხედავთ, ქალბატონი ქეროლი სილიკონის ველის ჯუნგლების საკმაოდ მრისხანე ცხოველი ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ბარცზის დათხოვნამ ინვესტორების განაწყენება გამოიწვია, რომლებიც მის ტალანტს დიდად აფასებდნენ. ჰოდა, ინვესტორებმა რისხვა თავს ბოსტოკს დაატეხეს. ბარცზის გადაყენებიდან რამდენიმე დღეში საინვესტიციო კომპანია Third Point-ის თავკაცმა დენიელ ლებმა Yahoo!-ს აქციების 5,15 პროცენტი შეიძინა, კომპანიის სიდიდით მესამე აქციონერი გახდა და მაშინვე ბოსტოკის გადაყენება მოითხოვა. ცხადია, დირექტორთა საბჭო ეგზომ მსხვილი აქციონერის ამ მოთხოვნას წინ ვერ აღუდგა.

ბოსტოკის მიმართ მთავარი შეკითხვა არსებული ვითარების გარდა გახლდათ, რატომ არ მიყიდეს Yahoo! სამი წლის წინ Microsoft-ს 45 მილიარდ დოლარად. ეს კომპანიის ამჟამინდელ ღირებულებას 2,5-ჯერ აღემატება. აღსანიშნავია, რომ ბოსტოკის გარდა დირექტორთა საბჭოს რამდენიმე წევრის გადაყენება იგეგმება. ასე რომ, ქეროლ ბარცზის უმსგავსო გადაყენებას, როგორც ხედავთ, ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა.