ცუკერბერგი ყველაზე ნოვატორი მილიარდერია

ცუკერბერგი ყველაზე ნოვატორი მილიარდერია

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

გამოცემა Vanity Fair-მა გამოაქვეყნა იმ ახალი თაობის ნოვატორ ბიზნესმენთა რეიტინგი, რომლებიც ბაფთიან ფრაკს, როგორც წესი, ქურთუკს და ჯინსებს ამჯობინებენ. მასში შევიდნენ ისეთი განთქმული ადამიანები, როგორებიც არიან Facebook-ის, Google-ის, Twitter-ის და  Appl-ის დამაარსებლები და ეპატაჟური ლედი გაგა.

აღნიშნული რეიტინგის წარმომადგენლები, Vanity Fair-ის აზრით, არიან „ავანტურული სტრატეგები და ინოვატირები, ძალიან ნიჭიერი მეწარმეები და ინჟინრები, რომლებიც ძველი თაობის მილიარდერებისაგან არა მარტო ჩაცმის, ვარცხნილობით და, საერთოდ, ცხოვრების სტილით, არამედ აზროვნებითაც განსხვავდებიან“.

„ახალი ელიტის“ (New Establishment) ამ რეიტინგ სათავეში ჩაუდგა Facebook-ის თავკაცი და დამაარსებელი, რომელიც Vanity Fair-მა უკვე ზედიზედ მეორედ აღიარა. აღსანიშნავია, რომ Vanity Fair-ის რეიტინგი უკვე მეჩვიდმეტედ შედგა და ეს პირველი შემთხვევაა, როცა პირველ პოზიციაზე ადრინდელი ლიდერი განმეორებით დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ცუკერბერგი ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian-მა 2011 წლის გაერთიანებული სამეფოს მედიაინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი პერსონების ასეულის სათავეში დაასახელა.

„ახალი ელიტის“ რეიტინგის მეორე და მესამე პოზიციაზე არინ Google-ის დამაარსებლები სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი. მესამე კი გახლავთ განთქმული ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი. მეოთხე და მეხუთე ადგილებზე დაასახელეს კომპანია Apple-ის ახალი გენერალური დირექტორი ტიმ კუკი და მთავარი დიზაინერი ჯონათან ივი. მათ შემდეგ მოდის კიდევ ერთი ძალზე პოპულარული ინტერნეტ-რესურს Twitter-ის დამაარსებელი ჯეკ დორსი. აღსანიშნავია, რომ Twitter-ს ბევრი ანალიტიკოსი Facebook-ის მთავარ კონკურენტად მიიჩნევს.

საინტრესოა, რომ Vanity Fair-ის რეიტინგში მოხსენიებული არ არის Apple-ის დამაარსებელი სტივ ჯობსი. მოგეხსენებათ, ჯობსმა კომპანიის ხელმძღვანელის პოსტი ახლახან დატოვა და თავისი სავარძელი კუკს დაუთმო.

Vanity Fair-ის რეიტინგში რვა ახალბედაა, რომლებმაც წელს უნდა დაამტკიცონ, რომ „ახალი ელიტის“ კლუბის წევრობის ღისნი არიან. მათ შორისაა ამერიკული კომპანია Netflix-ის დამაარსებელი რიდ ჰასტინგსი, ინვესტორი ჯიმ ბეიერი Accel Capital-დან, სოციალური ქსელის LinkedIn-ის დამაარსებელი რიდ ჰოფმანი, ფონდ Clarium Capital Management-ის დამფუძნებელი პიტერ ტილი და სტენფორდის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ჯონ ჰენესი.

განთქმული ლედი გაგა „ახალ ელიტაში“ უკვე მეორედ მოხვდა და მეცხრე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ იგი რეიტინგში ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომი ქალია. მან უკან ჩამოიტოვა „ჰარი პოტერის“ შემქმნელი, მწერალი ჯოან როულინგი (მეთექვსმეტე ადგილი), Facebook-ის ოპერაციული დირექტორი შერილ სანდბერგი (26-ე ადგილი) და Burberry-ის აღმასრულებელი დირექტორი ანგელა არენდტსი (30-ე ადგილი). თანაც, 25 წლის ლედი გაგა რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა ქალია.

უნდა ითქვას, რომ „ახალი ელიტის“ ამ რეიტინგში 14 მილიარდერი შევიდა. კიდევ ხუთი წარმომადგენელი კოსმოსის ათვისებაში მონაწილეობს. მაგალითად, ელონ მაქსი კომპანიების PayPal და SpaceX თანადამაარსებელია, რომლებიც მსოფლიოში რაკეტების მშენებელი კერძო ფირმებია. გარდა ამისა, კოსმოსის ათვისების საქმეში დიდ ფულს აბანდებენ სერგეი ბრინი, ჯეფ ბეზოსი და პიტერ ტილი.

რეიტინგის ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელია დენის კროული, რომელმაც სმარტფონებისათვის დამატება Foursquare შექმნა. ეს გეოლოკაციური სერვისი საშულაებას იძლევა მეგობრის ადგილმდებარეობა შეიტყოთ და იგი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამიტომაც არის, რომ ანალიტიკოსები კომპანიას დიდძალ შემოსავალ და კროულის უახლოეს მომავალში არაერთი მილიარდი დოლარის კაპიტალის ქონას უწინასწარმეტყველებენ.