[ნინო მიქიაშვილი]
ევროპის საბჭოს ოფისში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ 1 000–ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს – ხელმომწერები ევროსაბჭოს ნდობას უცხადებენ და ევროპული სასამართლოს მიერ, გირგვლიანი–ენუქიძის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების საქმეში დახმარებას სთხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ცდილობს თავი აარიდოს გირგვლიანის მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებას.
ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე, ევროპის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის ოფისთან, 23 სექტემბერს „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივით ნდობის აქცია გაიმართა, რომლის მთავარი ლოზუნგი იყო – „ევროსაბჭოს დახმარებით სამართალი იზეიმებს“. აქციაში დაახლოებით 300–მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
„თავისუფალი დემოკრატების“ გარდა იქ იყვნენ სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატები: შალვა შავგულიძე (რომელიც ამავდროულად „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია) და დავით ჯანდიერი. შვილმოკლული მშობლები: ია მეტრეველი, ჯამბულ გამცემლიძე, სოსო რობაქიძე, პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე; ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, „ქართული აკადემიიდან“ თამაზ ჯოლოგუა, თემურ ნანეიშვილი, გელა დოლიძე, უფლებადამცველები: ჯაბა ჯიშკარიანი, ნოდარ ეფრემიძე და დაჩი ცაგურია...
ევროსაბჭოს ოფისთან აქციის გამართვის მიზანი ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ასე ახსნა:
„იუსტიციის სამინისტროდან მიღებული ოფიციალური პასუხიდან, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო გამოსვლებიდან ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ხელახალი, ქმედითი, სამართლიანი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას (შემდგომ შესაბამისი სასამართლო განხილვით) არ აპირებს.
ჩვენ კიდევ ერთხელ, ახლა უკვე ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების სრულყოფილი აღსრულებისთვის გვჭირდება ევროპული სტრუქტურების, კონკრეტულად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის დახმარება, რომელიც კონვენციის 46–ე მუხლის თანახმად, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ზედამხედველობს. დღეს ჩვენი აქ შეკრებით ნდობას ვუცხადებთ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს და მივმართავთ წერილობითი თხოვნით. სწორედ ამაზე მიმდინარეობს ხდება ახლა ხელმოწერები – ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტს ვთხოვთ შესაბამისი ზემოქმედება მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე და აიძულოს გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ჩატარდეს ხელახალი, ქმედითი, სამართლიანი და ობიექტური გამოძიება, შემდგომი შესაბამისი სასამართლო განხილვით.
მნიშვნელოვანია რომ ამ გამოძიებაში უზრუნველყოფილი იქნას დაზარალებულის, გურამ გირგვლიანის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მონაწილეობა, ვინაიდან მოგეხსენებათ, საქართველოში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, დაზარალებული საერთოდ აღარ განიხილება მხარედ და თუ არ იქნა ევროპული სტრუქტურების ჩარევა, ახალი გამოძიება შეიძლება დაიწყონ, მაგრამ ის ჩაატარონ დაზარალებული მხარის და მისი ინტერესის დამცველი ადვოკატების გარეშე.
ახალმა გამოძიებამ უნდა გამოავლინოს ყველა დამნაშავე პირი, ვისაც თავისი წვლილი მიუძღვის ამ საზარელი დანაშაულის ჩადენაში და სწორი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს თითოეული მათგანის მოქმედებას. ისინი სათანადოდ უნდა დაისაჯნონ. ამას ითხოვს სამართლიანობა, ამას ითხოვს ჩვენი დღევანდელი აქცია, ამას ითხოვს ქართული საზოგადოება, რომელიც უსამართლობას არასოდეს შეეგუება“.
ტექსტი, რომელზეც ხელმოწერებიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ევროპის საბჭოს ოფისთან გამართულ აქციაზე გაგრძელდა, ასეთი შინაარსისაა:
„აქციის მონაწილეები ევროსაბჭოს ნდობას უცხადებენ იმ საშინელი მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენის აღსრულების საკითხში, რომელიც 2006 წლიდან დღემდე ქართულ საზოგადოებას უკიდურესად აღელვებს. ჩვენ, დღეს აქ შეკრებილი საზოგადოება მივესალმებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ენუქიძისა და გირგვლიანის საქმეზე (N 25091/07) გამოტანილ განაჩენს.
ამ განაჩენის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურამ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, მოსამართლეებმა და საქართველოს პრეზიდენტმა „პირი შეკრეს, რათა მკვლელობის ამ ამაზრზენ საქმეზე მართლმსაჯულება არ განხორციელებულიყო“ (განაჩენის 276-ე პარაგრაფი).
ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ არ არსებობს ეფექტიანი სტრასბურგის სასამართლო, მისი განაჩენის ეფექტიანი აღსრულების გარეშე. ამიტომ ნდობას ვუცხადებთ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს, გირგვლიანის განაჩენის სათანადოდ აღსრულების საკითხში და გვწამს, რომ მისი ზედამხედველობის ქვეშ, ხელისუფლება გამოასწორებს ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ხარვეზებს. კერძოდ, ხელისუფლება:
ჩაატარებს ხელახალ გამოძიებას მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, რათა, სხვებს შორის, გამოირკვეს ოლეგ მელნიკოვის, თაკო სალაყაიას, დათა ახალაიას, გურამ დონაძის, ვასილ სანოძის როლი, ამ დანაშაულის ჩადენაში და სწორი კვალიფიკაცია მიეცეს ყველა დამნაშავე პირის ქმედებას;
დააკისრებს პასუხისმგებლობას საქმის გამყალბებელ პროკურორებს;
გაატარებს სანქციებს სამივე ინსტანციის მოსამართლეების მიმართ, რომელთაც უარი თქვეს მართლმსაჯულების განხორციელებაზე;
უზრუნველყოფს ოთხი მსჯავრდებულის მიერ უკვე მისჯილი და ისედაც გულმოწყალე სასჯელის ბოლომდე მოხდას საპატიმროში“.