[მანანა ნოზაძე]
დღეს „თავისუფალი დემოკრატების“ ორგანიზებით ევროსაბჭოს მისიის ოფისთან ნდობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ნდობა განოხატეს ევროსაბჭოს მიმართ, რომელმაც სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა. აქციას თანადგომა გამოუცხადეს „ქართული აკადემიის“, „ადვოკატთა ასოციაციის“, „სამოქალაქო ფრონტისა“ და „გადავარჩინოთ სიცოცხლის წარმომადგენლებმა“, საზოგადოების წევრებმა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, ამ გადაწყვეტილებით ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას გამოუტანა განაჩენი და დაადასტურა, რასაც გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე ამბობდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურამ, სასჯელაღსრულების უწყებამ და თავად პრეზიდენტმა პირი შეკრეს მისი ოჯახისა და ზოგადად ქვეყნის წინააღმდეგ.
ალასანიამ იმედი გამოთქვა, ევროსაბჭოსთან ერთად, სიმართლეს საქართველოში მალე იზეიმებენ, რისი დამადასტურებერლიცაა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ირაკლი ალასანიას თქმით, ხელისუფლება ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება არა აქვს. სინამდვილეში, მისივე განცხადებით, მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა მოითხოვოს ევროსაბჭოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რათა მომავალში ვერც ერთი მოსამართლე და პროკურორი ვერ აღუდგეს სიმართლის დაცვას.
ამასთან, ირაკლი ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელების მიერ მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ბუტა რობაქიძის საქმეებსაც ნათელი მოეფინება, რაც საწინდარი გახდება, რომ საქართველოში ვეღარავინ გაიმეორებს მსგავს უსამართლობას.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი პრესაგე.ტვ-სთან საუბარში აცხადებს, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ჩვენს ხელისუფლებას სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ხელახლა ჩაატაროს გამოძიება, რათა რეალური დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს.
გირგვლიანის საქმის გამოძიება ხელისუფლებას პირველ ეტაპზეც არ აწყობდა. რა გარანტიაა, რომ ევროსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ ამ საქმეს ხელახლა გამოიძიებენ?
- სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ყველა სტრუქტურამ საქართველოში, პრეზიდენტით დაწყებული, პროკურატურითა და შინაგან საქმეთა სამინისტროთი დამთავრებული, პირი შეკრეს გირგვლიანის ოჯახისა და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ, რათა მართლმსაჯულება არ განხორციელებულიყო. პრაქტიკულად, მათ ერთმანეთს ხელი დააფარეს. ამის საპირწონედ, სტრასბურგის გადაწყვეტილება არის სამართლიანი და ამბობს ზუსტად იმას, რასაც გირგვლიანის ოჯახი და საზოგადოება დიდხანს ამბობდა. უკვე დადასტურდა, რომ სახელმწიფომ ამ საქმეზე სამართალი არ განახორციელა. ეს არ გახლავთ დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელი.
სტრასბურგის გადაწყვეტილება ძალაში შევიდა ივლისის ბოლოს, რადგან გენერალურმა პროკურატურამ და ოჯახმა არ გაასაჩივრეს განაჩენი. ახლა დადგა აღსრულების ჟამი. აღსრულებაზე ზედამხედველობას ახდენს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეგლამენტისა და ევროსაბჭოს პრაქტიკიდან გამომდინარე, ხელისუფლებას არ აქვს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ ხელახლა ჩაატაროს გამოძიება, რათა რეალური დამნაშავეები მისცეს პასუხისგებაში. მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც უარი თქვეს მართლმსაჯულებაზე, უნდა გატარდეს სანქციები. ასევე, უნდა დაისაჯონ ის გამომძიებლები და პროკურორები, რომლებმაც გააყალბეს საქმის მასალები. პირდაპირ ამას ამბობს სტრასბურგის განაჩენი, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. სხვა არჩევანი არ აქვს ხელისუფლებას, გარდა იმისა, რომ მინისტრთა კომიტეტის მეთვალყურეობის ქვეშ ეს შეასრულოს. ეს არის უტყუარი ბერკეტი, რომლითაც ეს განაჩენი აღსრულდება.
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მხრიდან ეს იმპერატიული მოთხოვნაა თუ რეკომენდაცია?
- დიახ, ეს მოთხოვნა იმპერატიულია.
თუ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს განაჩენი არ აღასრულა, მაშინ რა სანქციები გატარდება მათ წინააღმდეგ?
- თუ არ აღასრულეს, მაშინ თვითონ ევროსაბჭო გაატარებს სანქციებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ. სასჯელის მაქსიმუმი შეიძლება იყოს ევროსაბჭოს წევრობის, ან შეჩერება, ან გარიცხვა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მას ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ არ მიჰყავს, არამედ მიჰყავს დიქტატურსკენ.
გირგვლიანის საქმის უშუალო მონაწილეები ნაადრევად გამოუშვეს ციხიდან. როგორ გგონიათ, ციხეში მათ შებრუნებას ხელისუფლება დაუშვებს?
- სტრასბურგის განაჩენში პირდაპირ წერია, რომ სტრასბურგის მოსამართლეები გაოგნებულნი არიან იმ გულმოწყალე სასჯელით, რომელიც მათ მიესაჯათ და კიდევ უფრო შემაშფოთებლად მიიჩნევენ და ეს პირდაპირაა ნახსენები, პრეზიდენტის გადაწყვეტილების, მათი შეწყალებისა და შემდეგ სასაჯელაღსრულების სისტემიდან მათი გამოშვების გამო. ამიტომ ეს ხარვეზი რომ გამოსწორდეს, მათ ეს გულმოწყალე სასჯელი მაინც უნდა მოიხადონ ბოლომდე. დარწმუნებული ვარ, აღსრულების პროცესში ეს იქნება ერთ-ერთი მოთხოვნა და მათ ციხეში შეაბრუნებენ.
ამჟამად ეს „შეწყალებული“ ადამიანები სად არიან?
- ეს იცის ვანო მერაბიშვილმა. მან ყველაზე კარგად უწყის, ვინ სად იმყოფება.
რაც შეეხება მოსამართლე გიორგი ჩემიას, რომელმაც გირგვლიანის საქმეზე პირველ ინსტანციაში უსამართლო განაჩენი გამოიტანა?
- მოსამართლე ჩემიას მიმართ ის სანქციები უნდა გატარდეს, რა სანქციებიც ტარდება ნებისმიერი მოსამართლის მიმართ, რომელიც უარს იტყვის მართლმსაჯულებაზე და შეცდომაში შეიყვანს საზოგადოებას; სიმართლის დადგენას კი არ შეუწყობს ხელს, არამედ უსაფუძვლო განაჩენს გამოიტანს.
მოსამართლეების მიმართ გატარებული სანქციები კონკრეტულად რას ითვალისწინებს?
- ეს დადგინდება მინისტრთა კაბინეტის მოთხოვნების მიხედვით. წინასწარ ამის თქმა ძნელია.
შინაარსობრივად მაინც როგორია სტრასბურგის განაჩენი?
- სტრასბურგის სასამართლოს განაჩენში ეტაპობრივად არის განხილული, თუ როგორ ჩატარდა გამოძიება საქართველოს შს სამინისტროს, პროკურატურის მიერ, გამოკვლეულია, როგორ ჩატარდა თავად სასამართლო გამოძიება და რა გააკეთა პრეზიდენტმა. ანუ ოთხ ეტაპად არის განხილული. შს სამინისტროზე სტრასბურგი პირდაპირ ამბობს, რომ დათა ახალაიას, რომელიც იყო სუფრის წევრი, არ უნდა დავალებოდა საქმის გამოძიება და პრიფესიონალი რომ ყოფილიყო მინისტრი, თავის სამინისტროს ააცილებდა ამ საქმესო - ეს წერია სიტყვა-სიტყვით. რაც შეეხება პროკურატურას, მასზე ნათქვამია, რომ იქ პროკურორმა მგელაძემ და მაცუსბაიამ გააყალბეს საქმის მასალები. თქვენ იცით, რომ იმ აუდიომასალების მიხედვით, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ დიდი ზეწოლის შედეგად წარმოადგინა სტრასბურგში, პროკურორმა მგელაძემ ოქმი გააყალბა, მაშინ, როცა აუდიომასალიდან ჩანს, რომ ბუხაიძემ მელნიკოვი ამოიცნო ჯერ კიდევ წინასწარი გამოძიების დროს. უშუალოდ სასამართლო პროცესებთან მიმართებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მართლმსაჯულება არ განხორციელებულა. ბოლოს, ევროსასამართლომ გაოგნება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ გულმოწყალე სასჯელიც არ აღსრულდა და პრეზიდენტმა შეწყალების ზომა მიიღო.
რამდენადაც ვიცი, სტრასბურგის სასამართლო დაზარალებული გირგვლიანის ოჯახისთვის მორალურ კომპენსაციასაც ითვალისწინებს, რომლის გადაცემასაც ჩვენი ხელისუფლება აყოვნებს.
- დიახ, მორალური კომპენსაცია არის, მაგრამ ეს მეათეხარისხოვანია. მთავარია ოჯახის გამარჯვება, რომ გირგვლიანის საქმეზე ხელახალი გამოძიება უნდა ჩატარდეს. საბოლოო დასკვნა კი ასეთია: „სტრასბურგის სასამართლო გაოგნებულია იმით, რომ შს სამინისტრომ, პროკურატურამ, სასჯელაღსრულებამ, სასამართლოებმა და პრეზიდენტმა პირი შეკრეს იმის თავიდან ასაცილებლად, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება განხორციელებულიყო“. მორალურ კომპენსაციას აუცილებლად მისცემენ ვადაში, რაც გირგვლიანის ოჯახისთვის 50 ათას ევროს შეადგენს. კომპენსაციას მისცემენ ძალიან მალე, როგორც ამას აკეთებს პუტინი, როდესაც რუსეთი აგებს საქმეს სტრასბურგის სასამართლოში და მორალური კომპენსაცია მისთვისაც საკმაოდ მაღალია. პუტინის ხელისუფლება ფულს იხდის, მაგრამ შემდეგ დემოკრატიული თვალსაზრისით, მოიკოჭლებს. ზუსტად იმავე სქემას ათამაშებს სააკაშვილი. გირგვლიანის საქმემდე სტრასბურგში გვქონდა ცალკეული გამარჯვებები, მანამდე იყო ასანიძის საქმე, შამაევის, დანელიას, დავთიანის, კილაძეების, გურგენიძის და კიდევ არაერთი საქმე, სადაც დაზარალებულებმა სამართალი მოიპოვეს.