ბოლო დროს მსოფლიო ბაზარზე კალის ფასი განსაკუთრებით გაიზარდა და 1 ტონის ღირებულებამ 18695-19000 დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის მაჩვენებელს მთელი 55 პროცენტით აღემატება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ბაზარზე პროდუქციის მიწოდებაში არსებული გარკვეული შეფერხება გახლავთ, მაგრამ, საერთოდ, ბოლო წლების განმავლობაში კალა გამუდმებით ძვირდება, რასაც მისი გამუდმებით მზარდი მოთხოვნილება განაპირობებს.
მზარდი მოთხოვნილება
იმის მიუხედავად, რომ კალის მსოფლიო ბაზარი სულ უფრო ფართოვდება, მაინც ამ ლითონის დეფიციტი შეინიშნება. მიმდინარე წელს მსოფლიოში წარმოებული იქნება სარეკორდო რაოდენობის, 400 ათასი ტონა კალა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 12 პროცენტით აღემატება, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ არის. საქმე ისაა, რომ კიდევ უფრო სწრაფად იზრდება კალაზე მოთხოვნილება, რასაც მსოფლიო ეკონომიკის, განსაკუთრებით კი მაღალტექნოლოგიური სექტორის, ელექტრონული ტექნიკის, ქიმიური მრეწველობის და მანქანათმშენებლობის განვითარება განაპირობებს.
კალის, ისევე, როგორც სხვა ფერადი ლითონების მთავარი მომხმარებელი ჩინეთის სულ უფრო მზარდი ეკონომიკა გახლავთ. ასევე ერთობ დიდი რაოდენობით ამ ლითონს იყენებენ აშშ, იაპონია, გერმანია, ბრიტანეთი და სამხრეთ კორეა. ამ ქვეყნებში მოიხმარება მსოფლიოში წარმოებული კალის მთელი მოცულობის 75 პროცენტამდე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კალაზე მოთხოვნილების ზრდას აზიისა და უფრო ნაკლებად ლათინური ამერიკის განვითარებადი, აყვავების გზაზე მდგარი ქვეყნები განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აზიაში კალაზე მოთხოვნილება 50 პროცენტით, დანარჩენ მსოფლიოში კი 5 პროცენტით გაიზარდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს, ადრინდელთან შედარებით ნაკლებ კალას მოიხმარენ ევროზონის ქვეყნები. ეს გასაკვირი არც არის, თუ ამ რეგიონის ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირებას გავითვალისწინებთ. კალის გამოყენება ხომ განვითარების მაჩვენებელი ერთგვარი კატალიზატორია.
თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში სულ უფრო სწრაფად ვითარდება ელექტრონული ხელსაწყოების წარმოება, მაღალტექნოლოგიური სექტორი და მანქანათმშენებლობა და ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება, შეიძლება ითქვას, რომ მომავალ წლებში კალაზე მოთხოვნილება კვლავ სტაბილურად გაიზრდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ჩინეთის ფაქტორი იქნება. ასე რომ, სავარაუდოდ, კალის ფასის ზრდაც გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლები სულ უფრო დიდი რაოდენობით ლითონს უშვებენ.
ისიც უნდა ითქვას, რომ მართალია, მიმდინარე წელს მსოფლიოში კალის მარაგი შარშანდელთა შედარებით 8,5 პროცენტით, 8,2 ათას ტონამდე გაიზარდა, მაგრამ, ექსპერტთა აზრით, ეს მაინც მცირეა.
მზარდი, მაგრამ დეფიციტური წარმოება
ჩინეთი უმსხვილეს მომხმარებელთან ერთად კალის უმთავრესი მწარმოებელიცაა. კერძოდ, ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაზე მსოფლიოში წარმოებული კალის თითქმის მესამედი მოდის. შემდეგ მოდიან ინდონეზია, მალაიზია, პერუ, ბრაზილია, ავსტრალია, ტაილანდი და ბოლივია. სულ, აღნიშნულ ქვეყნებზე მსოფლიო კალის წარმოების 88 პროცენტი მოდის. კალის მსოფლიო ბაზარზე ერთობ საინტერესო გავლენას ახდენს სინგაპური, რომელიც ლითონის ძალზე დიდ პარტიებს შემდეგი რეექსპორტის მიზნით ყიდულობს.
კალის მწარმოებელი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია ინდონეზიური PT Timah გახლავთ. შემდეგ მოდიან: ჩინური Yunnan Tin, პერუს Minsur, მალაიზიური Malaysia Smelting, ტაილანჟური Thaisarco, ჩინური Liuzhou China Tin, boliviuri CM Colquiri და ბრაზილიური Paranapanema. ჩამოთვლილი კომპანიები მსოფლიოში წარმოებული კალის, დაახლოებით, 67 პროცენტს უშვებენ. დანარჩენი კი უფრო წვრილ მწარმოებლებზე მოდის.
თავითავად ცხადია, კალის მწარმოებელი კომპანიები ცდილობენ თავიანთი საწარმოო სიმძლავრეები სულ უფრო მეტად გაზარდონ, აქტიურად მიმდინარეობს ახალი საბადოების დაზვერვა და ამოქმედება. კერძოდ, წელს რამდენიმე დიდი საბადო აღმოაჩინეს არგენტინაში, ეგვიპტეში, ბრაზილიაში, ყაზახეთსა და რუსეთში.
ანალიტიკოსთა აზრით, წელს მსოფლიოში კალის წარმოება კვლავ გაიზრდება და დაახლოებით 445-465 ათას ტონას მიაღწევს. მაგრამ დეფიციტი კვლავინდებურად შენარჩუნდება, რაც, რა თქმა უნდა, ამ ლითონის კიდევ უფრო გაძვირებას ხელს შეუწყობს. ამასთან, ცხადია, გავლენას მოახდენს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ვალუტების კურსთა ცვალებადობა და მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაცია. არ შეიძლება ჩინეთისა და მწარმოებელთა კონკურენციის ფაქტორის დავიწყებაც.
უფრო შორეულ პერსპექტივაში კი, ანალიტიკოსთა აზრით, თუ კიდევ უფრო მეტი ახალი საბადო აღმოჩენილი არ იქნება, მოსალოდნელია ნედლეულის მწვავე დეფიციტი. ეს კი კალას სულ მთლად ოქროს ფასს შესძენს.