იურიდიული პირისთვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების, მისი ფუნქციონირებისა და გაუქმების შესახებ ახალი სპეციალური დადგენილება ამოქმედდება, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა.
აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ტურისტული საწარმოს სტატუსი ენიჭება იურიდიულ პირს კონკრეტული ობიექტის მიხედვით, რომელიც სამშენებლო დოკუმენტის პროექტით სასტუმროდ არის გათვალისწინებული.
ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების მიზნით დაინტერესებული იურიდიული პირი სასტუმროს ექსპლუატაციაში მიღებამდე განცხადებით შემოსავლების სამსახურს მიმართავს.
აღნიშნული სტატუსის მქონე პირს მთავრობის დადგენილებით გარკვეული ვალდებულებები ეკისრება. კერძოდ, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების გარდა, ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე პირი ვალდებულია, შენობის მთლიანი ფართობის არანაკლებ 30% სასტუმრო ნომრად/აპარტამენტად ჰქონდეს გამიზნული, რომლის არა უმეტეს 20% შესაძლებელია შემძენთა მიერ გამოყენებული იყოს მუდმივ საცხოვრებლად. აღნიშნული პირობა ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ვრცელდება.