მოტყუებული ოპოზიცია

მოტყუებული ოპოზიცია

[თეონა ხარაბაძე]

ხელისუფლებამ ოპოზიცია მოატყუა. მართალია, ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ განსაკუთრებით მწარე იმიტომ აღმოჩნდა, რომ მოტყუებული სააჩევნო შეთანხმების მონაწილე ოპოზიციის ერთი ნაწილი აღმოჩნდა. მეორე ნაწილს კი ეს, უბრალოდ, არც კი ადარდებს და მათთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ხელისუფლება ვის მოატყუებს და ვის არა. ყოველ შემთხვევაში ზუსტად ასეთი შთაბეჭდილება დატოვეს ედპ-ს წარმომადგენელმა გურამ ჩახვაძემ და გია თორთლაძემ სარედაქციო ჯგუფის შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაზე კომისიების შექმნის საკითხი და ასევე საარჩევნო უბანზე საჩივრების მიღებასთან დაკავშირებით, პარტიების წარმომადგენლებისა და დამკვირვებელთა როლის გაზრდის მიზნით წინადადებების განხილვა იყო დაგეგმილი.

როგორც ცნობილია, ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ პროექტში არ არის ასახული კომისიების შექმნის საკითხი. შეთანხმების თანახმად, უნდა შეიქმნას სამი კომისია, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს ამომრჩეველთა სიებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და მედიამუშაობაზე.

მაგრამ მუშაობის გრაფიკი გარკვეულწილად ისევ ხელისუფლების ქმედებამ შეცვალა. ყოველ შემთხვევაში, აღმოჩნდა, რომ ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ პროექტში ის საკითხებია ასახული, რაც შეთახმების საგანი არ ყოფილა. ასეთი საკითხებია საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის და მარკირების პროცესის გაუქმება და რიგ შემთხვევებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის უფლებების გაზრდა.

ეს არის ის საკითხები, რაც ჯერჯერობით, პროექტში აღმოჩნდა, მაგრამ, ცხადია, არც ის არის გამორიცხული, რომ სხვა სიურპრიზებიც აღმოჩნდეს. თუმცა, ის, რაც აღმოჩნდა, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, ოპოზიციის ერთი ნაწილი მაინც დარწმუნებულიყო, რომ ხელისუფლებას ისინიც მხოლოდ თავისი მიზნებისთვის სჭირდება და მაშინ მოატყუებს, როდესაც დასჭირდება. სწორედ ამის გამო „ახლების“ და „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენლები საკმაოდ გაბრაზებულნი ჩანდნენ.

„ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის დაშლას არ გამორიცხავს, თუკი ხელისუფლება მისი გვერდის ავლით გადაწყვეტილებების მიღებას გააგრძელებს.

„თუ ხელისუფლება ასეთ სიურპრიზებს გააგრძელებს, მაშინ სარედაქციო ჯგუფის მუშაობას აზრი აღარ ექნება“, - აღნიშნა ვეფხვაძემ სარედაქციო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე.

მამუკა კაციტაძე კი აცხადებდა, რომ შეხვედრაზე ხელისუფლებისგან პასუხს მოითხოვდა, თუ ეს გადაწყვეტილება რა მიზეზით იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ სარედაქციო ჯგუფის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა იმართება, მაგრამ მედიის რამდენიმე წარმომადგენელს საშუალება აქვს, ამ სხდომას დაესწროს. ეს შეხვედრა კი მართლაც ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ პავლე კუბლაშვილი ყველანაირად ცდილობდა, ამ თემაზე საუბრისგან თავი აერიდებინა, ლევან ვეფხვაძემ და მამუკა კაციტაძემ კატეგორიულად მოითხოვეს, კუბლაშვილს მათთვის პასუხი გაეცა.

კუბლაშვილი იძულებული გახდა, მათთვის პასუხი გაეცა, რომელიც, თავისთავად ძალიან საინტერესოა, მაგრამ არანაკლებ საინტერესო იყო გურამ ჩახვაძის და გია თორთლაძის განცხადებები. ამიტომ ამ ნაწილს უცვლელად გთავაზობთ.

პავლე კუბლაშვილი: „ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ რაზეც შევთანხმდებოდით, ის აღარ შეიცვლებოდა და რაზეც - ვერა, ღიად რჩებოდა. ამის შესახებ ბევრჯერ ვთქვით, მაგრამ, როგორც ჩანს, თქვენ ეს ვერ გაიგეთ. მაშინ ისიც ვთქვით, რომ, თუ ამ ფორმატში შეთანხმება ვერ მოხდებოდა, მაშინ საპარლამენტო მუშაობა გაგრძელდებოდა და ეს მუშაობა გაგრძელდა იმ საკითხებზე, რაც შეთანხმების ტექსტში არ ყოფილა.

ეს არ არის თქვენი პასუხისმგებლობა. ეს არის ჩვენი გუნდის ინიციატივა. ჩვენ ასეთი გზა ავირჩიეთ, რადგან ჩავთვალეთ, რომ ამ ფორმატში მუშაობა უკეთესი იყო.

ლევან ვეფხვაძე: „დიდი ჯგუფის მუშაობისას ცალსახად ითქვა, რომ რაზეც შეთანხმება ვერ მოხდებოდა, ის საკითხები იმ ფორმით დარჩებოდა, როგორც დღეს მოქმედ კოდექსშია წარმოდგენილი. ამიტომაც გაუგებარია, რატომ გადაწყდა, რომ რაზეც შეთანხმება არ მოხდა, უნდა შეცვლილიყო? მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი სიურპრიზები მეორე მოსმენის წინაც აღმოჩნდეს და გვითხარით, რას უნდა ველოდოთ და საერთოდ ამ ჯგუფის მუშაობას აზრი აქვს თუ არა“?

მამუკა კაციტაძე: „გეთქვათ ჩვენთვის, იქნებ უარს არც გეუბნეოდით. რბილად რომ ვთქვათ, არ არის ლამაზი ასეთი საქციელი“.

გურამ ჩახვაძე: „ძალიანაც კარგია, ასე რომ გაკეთდა, ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ხედვებიც წარმოვადგინოთ“.

მამუკა კაციტაძე: „წარმოადგინოთ თორემ მაშინვე არ გაითვალისწინონ...“

გია თორთლაძე: „რაც მოხდა, იმას ვეღარ შევცვლით და სჯობს დღის წესრიგის საკითხებზე გადავიდეთ“.

საბოლოოდ კი კუბლაშვილი მათ დაპირდა, რომ მომავალ კვირას დაინტერესებული საზოგადოებისთვის გამართავს პრეზენტაციას იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც შეთანხმების ტექსტში არ ყოფილა და პროექტში მოხვდა. მართალია, მას არ უთქვამს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება, მაგრამ ოპოზიცია მაინც იმედოვნებს, რომ კოდექსის პროექტში გაჩენილ „სიურპრიზებზე“ გადაწყვეტილებას ხელისუფლება კონსენსუსის გარეშე არ მიიღებს.

მამუკა კაციტაძეც ხაზს უსვამს შეთანხმებას იმის შესახებ, რომ მომავალ კვირას „ნაციონალური მოძრაობა“ კოდექსის პროექტში ჩამატებული საკითხების პრეზენტაციას გამართავს. მისი თქმით, „ამ ნოვაციების განხილვისას გაირკვევა, ხელისუფლებას გულწრფელად აინტერესებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ამ საკითხებზე თუ ფარსს ხლართავს“.

მაგრამ საინტერესო ის არის, რომ უბნებზე ვიდეოთვალის გაუქმებას ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინებით ხსნის.

პავლე კუბლაშვილის თქმით, თავის დროზე, როდესაც საქართველოში საარჩევნო პროცესში ვიდეოკამერების შემოღება განხორციელდა, საერთაშორისო ორგანიზაციებს არაერთი შეკითხვა ჰქონდათ და ეს შეკითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდეოკამერის დამონტაჟებით შეიძლებოდა დარღვეულიყო ხმის მიცემის ფარულობა, რადგან ცნობილი ხდებოდა, თუ ვინ იღებდა არჩევნებში მონაწილეობას და ვინ - არა. მან ისიც აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს მიერ დამტკიცებულ სამოდელო კოდექსით, არ შეიძლება პიროვნების მიერ ხმის მიცემისა და არჩევნებზე მისი ყოფნა-არყოფნის შესახებ ინფორმაცია საჯარო იყოს.

„აქ იყო მთავარი კითხვის ნიშნები. ამიტომ ამოვიღეთ ეს ნორმა“, - განაცხადა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ „საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის დამონტაჟების პრეცედენტი, მსოფლიოში არ არსებობს“.

ოპოზიციის ერთი ნაწილი კი მის ამ არგუმენტს კატეგორიულად არ იზიარებს.

როგორც  მამუკა კაციტაძე განმარტავს, სიცრუეა არგუმენტი, თითქოს ეს საერთაშორისო ორგანზიაციების რეკომენდაცია იყო. მისი თქმით, ვენეციის კომისიამ არჩევანის ფარულობის დაცვა მოითხოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდეოთვალი საარჩევნო ჯიხურის თავზე არ უნდა დამონტაჟდეს, რათა არ გამოჩნდეს, თუ ვინ რა ნომერი შემოხაზა.

„თუ საუბარია ზოგადად ადამიანის დაფარვაზე, რომელიც არჩევნებზე მიდის, მაშინ უბნებზე პარტიების წარმომადგენლების დასწრებაც უნდა აიკრძალოს და უბნის შენობის წინ ადამიანების ყოფნაც“, - განაცხადა კაციტაძემ და დასძინა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ვენეციის კომისიის ექსპერტებს აუცილებლად ეტყვიან, რომ მათი მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოროტად იქნა გამოყენებული.

თუმცა, მამუკა კაციტაძეს მიაჩნია, რომ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმებული საკითხები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათი ვიდეოთვალზე გაცვლა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს.

„ეს შეთანხმებები გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს, თუმცა იდეალურს ვერ გახდის“, - აცხადებს კაციტაძე.

ვიდეოთვალის მოხსნის გარდა, ხელისუფლებას ასევე გაპარებული აქვს მარკირების გაუქმების საკითხიც. ამას კი კუბლაშვილი უკვე ქართულ არასამთავრობო სექტორს აბრალებს. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა საკუთარ პოზიციას მარკირებაზე და მიაჩნდათ, რომ მარკირება პროცედურების ზედმეტად გადატვირთვა იყო და დამატებითი ეფექტი არ ჰქონდა.

„ეს იყო ის საკითხი, რომელიც არასამთავრობო სექტორიდან წამოვიდა. ჩვენ გავიზიარეთ ეს პოზიცია. თუმცა თუ პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია განსხვავებული იქნება, მზად ვართ, მათთან ერთად განვიხილოთ მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

შესაძლოა, მარკირების პროცედურის გაუქმება-არგაუქმების საკითხი მართლაც ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ვიდეოთვალის მოხსნა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ხელისუფლება საჭიროდ არ თვლის, გადაწყვეტილების მიღებისას ვინმე საქმის კურსში ჩააყენოს. მათი გადაწყვეტილება კი საზოგადოებამ ისე უნდა მივიღოთ, როგორც ერთადერთი და სრულყოფილი ჭეშმარიტება.

გარდა ამისა, საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ამომრჩეველთა სიების ფორმირების საკითხს შეეხება. შეგახსენებთ, რომ შეთანხმების თანახმად, თუკი ესეც არ შეიცვალა, ამომრჩეველთა სიების ფორმირების მიზნით სპეციალური კომისიის შექმნის საკითხი, საკანონმდებლო დონეზე იქნება გარანტირებული.

როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, მზადდება საკანონმდებლო ცვლილება და „საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ პარიტეტულ საწყისებზე - ხელისუფლების, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით შეიქმნება კომისია, რომლის ფუნქცია სიების გადამოწმება და დაზუსტება იქნება.

„შევთანხმდით, რომ ორშაბათს, სავარაუდოდ სარედაქციო ჯგუფში შესული პარტიების წარმომადგენლები ერთობლივად დაარეგისტრირებენ ამ ინიციატივას და მას მომდევნო კვირაში განვიხილავთ“, -დასძინა კუბლაშვილმა.

მაგრამ გუშინ ისიც გაირკვა, რომ, შესაძლოა, ამ ჯგუფის მუშაობაში არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მონაწილეობა აღარ მიიღოს. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ივლისში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ეს ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს პარიტეტული პრინციპებით. იმის გამო, რომ შეთანხმების მონაწილე არის 7 ოპოზიციური პარტია, თითო პარტიას ეყოლება თითო წარმომადგენელი და ასევე 7 წარმომადგენელი ეყოლება ხელისუფლებას. იმის გამო კი, რომ ამ ჯგუფში 8 არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობს, მათ რვა წარმომადგენლის ყოლის უფლება მისცეს. ასე რომ, საერთო ჯამში ეს ჯგუფი 22 წევრისგან შეიძლება დაკომპლექტდეს.

თუმცა, როგორც გუშინ შეხვედრაზე საიას და „სამართლიანი არჩევნებისთვის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, შესაძლოა, მათ ამჯგუფში მონაწილეობა არ მიიღონ. საიას ამის არგუმენტი არ დაუსახელებია. „თავისუფალი არჩევნებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა სირაძე კი აცხადებს, რომ მათი ფუნქცია საარჩევნო სიების მონიტორინგია და, თუკი ისინი ამ სიების ფორმირებაში მიიღებენ მონაწილეობას, ინტერესთა შეუთავსებლობა იქნება.

მართალია, მისი ნათქვამის შემდეგ კუბლაშვილმა იხუმრა, მაინც ამოწმებთ და ბარემ ბიუჯეტის ფულით შეამოწმეთო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ჯგუფის მუშაობაში ანგარიშგასაწევი ორგანიზაციები არ ერთვებიან. საინტერესო კი ის არის, თუ ეს ორგანიზაციები რატომ არ იღებენ ამაზე პასუხისმგებლობას.

რაც შეეხება წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას და მედიამონიტორინგის კომისიებს, კუბლაშვილის თქმით, ამ კომისიებზე მსჯელობა ორი კვირის შემდეგ განახლდება. მანამდე კი სარედაქციო ჯგუფის შეხვედრები შედგება უშიშროების საბჭოსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც, რათა მათთან ერთად გადაწყდეს, ეს საკითხები როგორ შეიძლება დარეგულირდეს.