[მარიამ ლოლაშვილი]
დამოუკიდებლობის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით სომხეთში აქტუალური გახდა პროექტი „სომხეთი - 3500“. პროექტის თანახმად, სომხეთსა და მთიან ყარაბაღში 3500 სომეხი უნდა ჩასახლდეს, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებში ცხოვრობენ. სომხების აზრით, ჩასახლებული „ევროპელი სომხები“ საშუალოდ 50 ათას დოლარს ჩამოიტანენ, რასაც ბინების შეძენასა და ბიზნესში ინვესტიციების ჩასადებად გამოიყენებენ. ამით კი სომხეთში 175 მილიონი დოლარი შევა. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, სომხები მთიანი ყარაბაღის სრულუფლებიანი ბატონები გახდებიან.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არმენოლოგი ალექსანდრე აბდალაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელ ყარაბაღთან (ისტორიულ ალბანეთთან) მიმართებით ქართველებს უფრო მეტი ისტორიული უფლება აქვთ, ვიდრე სომხებსა და აზერბაიჯანლებს, თუმცა ქართველ ერს პატრონი არ ჰყავს. ამის შესახებ მეცნიერი პრესაგე.ტვ-სთან საუბრობს.
- გარკვეულ სომხურ წრეებს, პრინციპში, მთელ სომხებსაც, აკვიატებული აქვთ, რომ ბოლოს და ბოლოს, უნდა შეიქმნას დიდი სომხეთი. ამ დიდ სომხეთში უნდა მოექცეს ყარაბაღიც და ნახევარი საქართველოც. ამ გეგმის განხორციელებაზე დღესაც ოცნებობენ და საამისოდ პრაქტიკულ ნაბიჯებსაც დგამენ. თქვენი ინფორმაციაც ადასტურებს, რომ ისინი დიდი სომხეთის შექმნას კვლავაც ცდილობენ. რაც შეეხება ყარაბაღს, არავინ ჩამთვალოს აზერბაიჯანის ქომაგად, რადგან ჩემი ღრმა რწმენით, სამწუხაროდ, არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი საქართველოს საიმედო მოკავშირე არ გახლავთ. ამას მათქმევინებს ჩემი დიდი ხნის სამეცნიერო საქმიანიობა, 42 წლიანი მოღვაწობის პერიოდი არმენოლოგიასა და კავკასიოლოგიაში. თუკი ისტორიულ უფლებებს მივიჩნევთ განმსაზღვრელად, მაშინ, ისტორიულად, საქართველოს მეტი უფლება აქვს ყარაბაღზე, ვიდრე სომხეთს ან აზერბაიჯანს.
ისტორიულ სომხეთში სომხური სახელმწიფოებრიობა მე-11 საუკუნეში დაეცა და მოისპო. მთელი მე-11 საუკუნიდან მოყოლებული, 1918 წლამდე, ე.ი. დაშნაკებამდე, სომხებს ისტორიულ სომხეთში სახელმწიფო არ ჰქონიათ. ისინი სხვაგან ცდილობდნენ დამკვიდრებას. ტერმინი „აზერბაიჯანი“ კი გაჩნდა მე-20 საუკუნეში, დღევანდელ ყარაბაღში კი იყო სახანოები.
აზერბაიჯანის წინამორბედი - ადარბადაგანი იყო?
- ადარბადაგანი ერქვა ირანის აზერბაიჯანს. ირანის აზერბაიჯანი დღესაც არსებობს, ოღონდ ირანის შემადგენლობაში. დღევანდელი, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის ადგილზე კიб ადრე იყვნენ ალბანელები (იბერო-კავკასიური ტომები, სიტყვა ალბანეთი ლათინურად ნიშნავს „მთიან მიწას“), რომლებიც სამწუხაროდ, გადაშენდნენ. შემდეგ, გვიან საუკუნეებში, დაახლოებით მე-15 საუკუნიდან, მანდ იყო სახანოები: განჯის სახანო, ბაქოს სახანო... აზერბაიჯანელი ერი, (დღევანდელ მეზობელ აზერბაიჯანლებს ვგულისხმობ) მე-20 საუკუნემდე არ არსებობდა.
საიდან მოვიდნენ დღევანდელი აზერბაიჯანლები?
- თურქ-სელჩუკების შემდეგ, საქართველოში შემოჭრილი „დიდი თურქობის“ მერე, მაჰმადიანები შეესივნენ ძველ ალბანეთს და გადააშენეს ისინი. ამის შემდეგ ალბანეთში დამკვიდრდა მაჰმადიანობა. ალბანეთში მაჰმადიანები ადრე, არაბობის დროსაც იყვნენ, მაგრამ განსაკუთრებით თურქ-სელჩუკების დროიდან დამკვიდრნენ.
ალბანელები სრულიად ამოწყდნენ?
- ალბანელები ქრისტიანები იყვნენ. ჯერ კიდევ არაბთა ბატონობის დროს ალბანეთში თანდათან ვრცელდებოდა ისლამი, მაგრამ საბოლოოდ თურქ-სელჩუკების დროს ალბანელთა ნაწილი ამოწყდა ან გაითქვიფა თურქებში.
ქრისტიან ალბანელებთან ქართველებს ნათესაური კავშირი ჰქონდათ?
- ყოველ შემთხვევაში, მათთან მეზობლური ურთიერთობა გვქონდა. ალბანელების თითო-ოროლა ნაშიერი დღესაც შემორჩა და მათ, რუსული ფორმით რომ ვთქვათ, უდინებს ეძახიან. უდინების ერთი სოფელი შემორჩა დღევანდელ აზერბაიჯანში და მეორე სოფელი - საქართველოში. ქართველებს იმ ძველ ალბანელებთან მჭიდრო ურთიერთობები გვქონდა. მე-11 საუკუნიდან, დიდი თურქობის დროიდან, და შემდგომშიც, როცა ისლამური სამყაროს შემოტევები გრძელდებოდა, ერთადერთი, ვინც ამიერკავკასიის გადასარჩენად იბრძოდა, ქართველი ერი იყო. სომხები თითქმის მთელ მსოფლიოში გაიფანტნენ, ალბანელები გადაშენდნენ.
იმავე ყარაბაღის დასაცავად საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა ქართველი ერი და ჩვენს წინაპრებს ზღვა სისხლი აქვთ დაღვრილი ყარაბაღის დასაცავად, რათა ყარაბაღი არ გამხდარიყო თათრული, თურქმენული ქვეყანა. ამიტომ ისტორიულად ყარაბაღზე მეტი უფლებები აქვს საქართველოს, ვიდრე სომხეთს და აზერბაიჯანს.
სომხები როგორ გაჩნდნენ დღევანდელ ყარაბახში?
- სომხები მთელ მსოფლიოში გაიფანტნენ და სადაც იპოვიდნენ საჭმელს, იქ მკვიდრდებოდნენ. დღესაც რამდენი სომეხი ცხოვრობს საქართველოში? ძალიან ბევრი. ასევე არიან ყარაბაღში. გარდა ამისა, მე-11 საუკუნეში სომხეთში სომხური სახელმწიფო მოისპო, მაგრამ მანამდე ხომ არსებობდა სომხური სახელმწიფო? იმათაც ჰქონდათ პრეტენზია, ამბიცია, რომ დიდი სომხეთი შეექმნათ. დიდი სომხეთის იდეა სომხებში ძველისძველია. მე-11 საუკუნემდე არსებული სომხები ცდილობდნენ, ალბანეთი დაეპყროთ. კერძოდ, ალბანეთის გარკვეული მხარეები მაინც. ისინი ქართული მხარეების დაპყრობასაც ცდილობდნენ და დაიპყრეს კიდეც დროებით ზოგიერთი ქართული მხარე, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლეთ სომხების წინააღმდეგ და დავიბრუნეთ ქართული მხარეები. ალბანელებმა კი ეს ვერ შეძლეს, რადგან ალბანეთი სუსტი სახელმწიფო იყო. ამის გამო სომხები ახერხებდნენ ალბანური მხარეების დაპყრობას, მათ ჰქონდათ პრეტენზია, ყარაბაღიც გამხდარიყო სომხური მხარე. მართალია, ეს ვერ შეძლეს, მაგრამ ის მაინც მოახერხეს, რომ სომხები იქ ადრიდანვე დასახლდნენ, გაასომხეს ძველი ალბანელების ნაწილი.
გამოდის, ალბანელების შემდეგ სომხებმა დღევანდელი აზერბაიჯანლებიც შეავიწროეს?
- მე არც აზერბაიჯანის მომხრე არ ვარ. განა აზერბაიჯანლები ინგილოებს არ ავიწროებენ? ჩვენთვის, საქართველოსთვის, საუბედუროდ, საიმედო მოკავშირე არც სომხეთია, არც აზერბაიჯანი.
3500 ევროპაში მცხოვრები სომხის ჩასახლება გადაარჩენს ყარაბახში სომხების გენოფონდს?
- დღეს რომ 3500 სომეხს ჩაასახლებენ, ახლო მომავალში კიდევ დაამატებენ და ასე, ნელ-ნელა. აგერ, შესადარებლად ჯავახეთის მაგალითი ავიღოთ, რუსეთის იმპერიამ სომხები 1830 წელს ჩაასახლა ჯავახეთში. მანამდე ჯავახეთი ქართული მხარე იყო, მაჰმადიანი ჯავახები აიძულეს იქიდან გაქცეულიყვნენ. ხოლო ქრისტიანი ჯავახები აიძულეს საქართველოს სხვა მხარეებში გამოქცეულიყვნენ. ამის მიუხედავად, მე-19 საუკუნის ბოლოსაც კი ჯავახეთში სომხების არა უმეტეს 70% ცხოვრობდა, ასეთივე ვითარება იყო მე-20 საუკუნის დასაწყისშიც. დღეს კი სიტუაცია შეიცვალა და ჯავახეთში სომხების 98 % ცხოვრობს. ასე რომ, ეგენი ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებენ თავის საქმეს.
ყარაბაღზე პრეტენზიის გაცხადება ქართველებისგან ალბათ დაგვიანებულია.
- საქართველოს დღეს პატრონი არ ჰყავს, კაი ხანია, აღარ ჰყავს პატრონი. თორემ პატრონი რომ გვყავდეს, რაკი ყარაბაღი სადაო გახდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოს მეტი უფლება აქვს, თავისი ისტორიული უფლებები ყარაბაღზე გაიხსენოს.
გულისხმობთ განჯის კარი რომ ჩამოხსნა დავით აღმაშენებლის ვაჟმა დემეტრე პირველმა და გამარჯვების ნიშნად გელათში ჩამოიტანა?
- რა თქმა უნდა, დღევანდელი ყარაბაღისთვის მე-12 საუკუნეშიც ვიბრძოდით, უფრო ადრეც, მე-11 საუკუნეშიც. დავით აღმაშენებელს დიდი ღვაწლი მიუძღვის არა მარტო ახლანდელი ყარაბაღის წინაშე, არამედ მთელი კავკასიის წინაშეც. მარტო დავით აღმაშენებელს არა, მის მემკვიდრეებსაც: დემეტრე პირველს, გიორგი მესამეს, თამარ მეფეს, ლაშა-გიორგის, მოგვიანებით გიორგი ბრწყინვალეს, ისიც კავკასიის გადასარჩენად იბრძოდა.