[ნინო მიქიაშვილი]
ნაწამებ პატიმრებს შორის ლაშა არქანია ის ერთადერთი გამონაკლისი აღმოჩნდა, რომელმაც უკან არ დაიხია – მას არც სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მიცემული ახსნა–განმარტების შემდგომ მსვლელობაზე უთქვამს უარი და არც ექსპერტიზის ჩატარებაზე. ლაშა არქანია მისი საქმის ობიექტურად გამოძიებას ითხოვს.
სანამ არქანიას საქმეში არსებულ სიახლეებს შემოგთავაზებთ, რომელზეც „ობიექტივს“ ადვოკატი ქეთი ბექაური ესაუბრა, შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 17 ივნისს, სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის ლაშა არქანიას მიცემული ახსნა–განმარტება „ობიექტივის“ ვებგვერდზე 27 ივნისს გამოქვეყნდა, სათაურით – 35 წლის პატიმარ ლ.ა-ს ცემით და გაუპატიურების მუქარით სასურველი ჩვენება დააწერინეს; 25 ივლისს გამოვაქვეყნეთ მასალა სათაურით – ამოჩემებული არქანიები (რომელშიც მსჯავრდებულ მალხაზ არქანიას წამების ფაქტზეც იყო საუბარი), ხოლო 24 აგვისტოს ინტერვიუ ქეთი ბექაურთან, სათაურით – ნაწამებ ლაშა არქანიას 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით კეკენაძემ ლაშა არქანიას საქმე 23 აგვისტოს განიხილა და განაჩენიც იმავე დღეს გამოიტანა. არქანიას ბრალი დაედო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვასა და ტარებაში, რომელიც მისი უფლებების დამცველი ადვოკატის მტკიცებით, თვალით არ უნახავს და შესაბამისად, 23 აგვისტოს გამოტანილი განაჩენი უკანონოა:
„ჯვრის პოლიციაში, წამების შემდეგ იძულებული გახადეს ეგრეთ წოდებულ აღიარებით ჩვენებაზე ხელი მოეწერა. ასევე, მას უსაფუძვლოდ და უკანონოდ ბრალი დასდეს ნარკოტიკული საშუალების, ჰეროინის შეძენა-შენახვაში. ლაშა არქანიას ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია, არც შეუძენია და არც შეუნახია. მის შეძენა-შენახვაზეც აღიარებით ჩვენებას ხელი იძულებით, წამების შედეგად მოაწერინეს“.
განაჩენის გამოტანამდე ხუთი დღით ადრე, 18 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ, ლაშა არქანიას წამების ფაქტზე, 144–ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ბე ქვეპუნქტით დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, რასაც ადვოკატი ქეთი ბექაური წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს:
„შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პრეცენდენტი, რადგან საქართველოს სინამდვილეში უამრავი ნაწამები პატიმარია, მაგრამ წამების მუხლით გამოძიების დაწყება იშვიათი გამონაკლისია“.
იმათ, ვინც ლაშა არქანიას წამებაში მონაწილეობა მიიღეს, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, 144–ე პრიმა მუხლის მეორე პუნქტის ბე ქვეპუნქტი ასეა განმარტებული:
„წამება, ესე იგი პირისათვის, მისი ახლო ნათესავისათვის, ან მასზე მატერიალურად, ან სხვაგვარად დამოკიდებული პირისათვის ისეთი პირობების შექმნა, ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით, ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ან ფსიქიკურ, ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების, ან აღიარების მიღება, პირის დაშინება, ან იძულება, ანდა პირის დასჯა მის, ან მესამე პირის მიერ ჩადენილი, ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე“.
ლაშა არქანია 2011 წლის 14 ივნისს დააკავეს და აწამეს, რაც ადვოკატ ქეთი ბექაურის თქმით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახა:
„მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემები გაუჩნდა, რის გამოც ჩვენთვის ეტაპობრივად გახდა ცნობილი მასთან მიმართებაში გამოყენებული წამების მეთოდები:
ფიზიკური ძალადობა სასქესო ორგანოზე, ხელჯოხით გაუპატიურების მუქარა, იღლიებში სიგარეტებით დამწვრობის მიყენება. მას მეტყველება შეფერხებული აქვს. ორივე ყურში ჩირქი აქვს ჩამდგარი. ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ გამოცდილმა სამედიცინო ექსპერტებმა, ფსიქიატრებმა, ნევროპათოლოგებმა და ნეიროქირურგებმა ლაშა არქანიას მესამედ ჩაუტარეს გამოკვლევა. მათ მიერ მომზადებულ დასკვნას საგამოძიებო ორგანოში წარვადგენთ.
სანამ იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს არ მივმართეთ, წამების საქმეს პროკურორი ლევან ფიფია არ ჩამოაცილეს. საქმე იმაშია, რომ ფიფია საპროცესო ზედამხედველობას უწევდა ლაშა არქანიას საქმეს, ნარკოტიკებთან და იარაღის შეძენა–შენახვასთან დაკავშირებით. აი, ამ უკანონო ბრალდების საქმეშიც ის მონაწილეობდა და შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა, როლანდ ახალაიამ სწორედ ლევან ფიფიას დაავალა არქანიას წამების საქმის გამოძიება, მაშინ, როცა ფიფიამ არქანიას დაკავების დღიდან იცოდა, რომ აწამებდნენ და ხმას არ იღებდა.
წამების საქმეზე ფიფიას დანიშვნა საპროცესო კანონმდებლობით მიუღებელი ფაქტია და ამასთან, ეს საერთაშორისო ნორმების დარღვევაც არის. ლევან ფიფიამ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული დაფარა. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა ლაშა არქანიას წამებაში მონაწილე პირების გვარები:
სოსო აბაშიძე, ჯვრის პოლიციის უფროსი, რომელიც 13 ივლისს ავტოკატასტროფაში დაიღუპა; წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს უფროსი, გოგოხია; პროკურატურის თანამშრომელი რუსლან კვარაცხელია; ვინმე კოდუა, რომელიც ზუგდიდში მსახურობს, თუ წალენჯიხაში ახლა ვადგენთ; გამომძიებელი ილუშა აქუბარდია, რომელიც უყურებდა თუ როგორ სცემდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ ლაშა არქანიას. მოცემულ შემთხვევაში უმოქმედებაც დანაშაულია და აქუბარდიაც ამ წამების მონაწილეა. ის დაკავებული თანამდებობიდან სასწრაფოდ გაათავისუფლეს, მაგრამ თუ ჰგონია, რომ ამით გადარჩება, მის მიმართ პასუხისმგებლობა არ დადგება, ხელში თოხს აიღებს, ყანას გათოხნის და იცხოვრებს ბედნიერად, ძალიან ცდება. აბსოლუტურად ყველა დამნაშავე დაისჯება. მათ შორის პროკურორი ლევან ფიფია, რომელიც მართალია, ამ საქმიდან აცილებულია, მაგრამ დანარჩენებთან ერთად პასუხი მანაც უნდა აგოს“.
ადვოკატ ქეთი ბექაურის თქმით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, დავით კეკენაძის მიერ გამოტანილ განაჩენს, 22 სექტემბერს გაასაჩივრებენ წალენჯიხის რაიონულ სასამართლოში, საიდანაც საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნება. ადვოკატის განმარტებით, ლაშა არქანიას ოჯახს, არც ერთი ნაბიჯი უკან არ გადაუდგამს:
“არქანიები სიმართლის დადგენაში დაცვის მხარესთან ერთად აქტიურად მონაწილეობენ და რაც ყველაზე მისასალმებელია, თვითონ ლაშა არქანია ბოლომდეა მოწადინებული სიმართლე დადგინდეს და დამნაშავეები დაისაჯნონ. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა კომისიამ დაადგინა, რომ ლაშა არქანია პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული (არქანიას ახსნა–განმარტების თანახმად, მას აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ დასავლეთ საქართველოში მომხდარ აფეთქებებში აქვს მონაწილეობა მიღებული; “ობიექტივი“). ლაშა არქანიას უკანონო დაკავების გამო უკვე მზადდება ევროპულ სასამართლოში გასაგზავნი განაცხადი, რასაც მისი წამების საქმეც მიჰყვება“.