[თეონა ხარაბაძე]
ახალი „საარჩევნო კოდექსის“ პროექტი საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. მართალია, პროექტი პარლამენტის ვებ-გვერდზე ყველანაირი ვადის დარღვევით დაიდო, მაგრამ ფაქტია, რომ პროექტი არსებობს და ახლა მთავარია პროექტში რა ჩაიწერა, ან რამდენად არის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილი პროექტის ანალოგი.
რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, რომ გარკვეული ცვლილებები ამ პროექტში უკვე ასახული იყოს, მაგრამ ეს საკითხი მხოლოდ მაშინ გაირკვევა, რაც ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში ჩამოვა. ვენეციის კომისიის დალეგაციის ვიზიტი კი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ოქტომბრის დასაწყისისთვის იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პირობის თანახმად, ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტის საპარლამენტო განხილვა იქამდე არ დაიწყება, ვიდრე ვენეციის კომისიის დასკვნა არ გახდება ცნობილი. ვენეციის კომისიას პროექტი აგვისტოს ბოლოს გადაეგზავნა და დასკვნას სექტემბრის ბოლოსთვის ელოდებიან. ასევე ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება საქართველოში ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტი და, როგორც ხელისუფლება აცხადებს, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება, ამ პროექტის შეფასება პირადად მათგან მოისმინოს.
რაც შეეხება გამოქვეყნებულ პროექტს, უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ბევრი ცვლილებაა შესული.
პირველი და არსებითი ცვლილება არის ის, რომ ეს არის ახალი კოდექსის პროექტი და არა კოდექსში ცვლილებების პროექტი. თუმცა, ძალიან ბევრი საკითხი უცვლელად არის გადატანილი.
მეორე ცვლილება კი ის არის, რომ „საარჩევნო კოდექსში“ არის გადმოტანილი რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩატარების რეგულირებები. აქამდე ეს საკითხი ცალკე ორგანული კანონით რეგულირდებოდა. პროექტში ეს რეგულირებები უკვე „საარჩევნო კოდექსშია“ უცვლელად გადმოტანილი.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ პროექტში ის საკითხები უნდა იყოს ასახული, რაც ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის ჯერ კიდევ ივლისში შეთანხმდა.
სხვა საკითხია, თავად ეს ცვლილებები რამდენად უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, მაგრამ დღეს რეალობა არის ის, რომ არსებობს ეს პროექტი და როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი აცხადებს, „შეთანხმებული საკითხები აღარ გადაიხედება“.
იმისთვის, რომ ადვილი გახდეს ანალიზი, თუ რა ჩაიწერა ახალ პროექტში, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს შეთანხმების საკითხებთან შედარდეს. ეს საკითხები კი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. მათ შორის, საარჩევნო დავების ვადის, გადასატანი ყუთის, პარტიების დაფინანსების წესის და ა.შ.
შეთანხმების საკითხებს შორის პირველი არის საარჩევნო დავების ვადის გაზრდის საკითხი.
კანონის მოქმედი ნორმით, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ-საქალაქო სასამართლოში. რაიონული-საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ასევე, მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კი შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მხოლოდ ამის შემდგომ - სასამართლოში.
კანონპროექტის თანახმად კი, სასამართლოსთვის მიმართვა თავიდანვე იქნება შესაძლებელი. კერძოდ, საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში.
რაც შეეხება ვადებს, კანონპროექტით დგინდება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო კომისიაში, ან 4 კალენდარული დღის ვადაში, შესაბამის რაიონულ-საქალაქო სასამართლოში. ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 3 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი კვლავ საბოლოო იქნება.
რაც შეეხება პარტიების დაფინანსებას, შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს, სავარაუდოდ ერთ მილიონ ლარამდე დაფინანსებას მიიღებს.
კანონპროექტის თანახმად, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისას გადალახავს 5%-იან საარჩევნო ბარიერს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს დაფინანსებას ერთ მილიონ ლარამდე საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად, მათ შორის 300 000 ლარამდე მიზნობრივად წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად.
შემუშავებული წინადადების მიხედვითვე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსების მიზნით შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა წერილობით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-40-ე დღისა. აღნიშნულ დაფინანსებას კი საარჩევნო სუბიექტი მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა წარმოადგენს შესაბამის ფინანსურ დოკუმენტაციას.
ასევე, კანონით იქნება გაწერილი ის გარემოებაც, რომ ეს თანხა საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა უნდა ჩაირიცხოს. ხოლო, საოლქო საარჩევნო კომისიების განთავსებაზე შეზღუდვები დაწესდება.
ამასთან, შეთანხმების თანახმად, აიკრძალება საოლქო საარჩევნო კომისიის განთავსება იმავე შენობაში, სადაც განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები - საკრებულო, გამგეობა ან მერია.
ასევე შეთანხმდნენ, რომ არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ცესკოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ხარჯზე განხორციელდება. თითო წარმომადგენელზე საუბნო საარჩევნო კომისიაში გაიცემა 50 ლარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 100 ლარი. ეს თანხა საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 5 დღისა ჩაერიცხება. საარჩევნო სუბიექტის შემოწირულობათა ზღვარი კი, სავარაუდოდ, გაორმაგდება.
„საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქციით, პარტიის საარჩევნო ბლოკის და პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს: თითოეული ფიზიკური პირისაგან, მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან - 30 000 ლარს; თითოეული იურიდიული პირისაგან - 100 000 ლარს.
ასევე, პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს -საკრებულოს წევრობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს: თითოეული ფიზიკური პირისაგან - 10 000 ლარს და თითოეული იურიდიული პირისაგან - 30 000 ლარს.
პროექტის თანახმად კი არსებული ზღვარი ორმაგდება. კერძოდ, პარტიის, საარჩევნო ბლოკის და პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა, ფიზიკური პირისგან 60000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, თითოეული იურიდიული პირისაგან კი 200 000 ლარს.
ასევე, პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს -საკრებულოს წევრობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა თითოეული ფიზიკური პირისაგან 20 000 ლარს, ხოლო თითოეული იურიდიული პირისაგან - 60 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
ეს ცვლილებები ასახულია ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ პროექტში. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის კიდევ რამდენიმე პირობაა დასახელებული, რაც ჯერჯერობით, პროექტში ვერ მოხვდა. ეს საკითხებია საარჩევნო სიების საბოლოო ჩამოყალიბება და მონიტორინგის განხორციელება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და მედიამუშაობაზე.
პირობის თანახმად, ამ სამი საკითხი საგანგებოდ შექმნილმა კომისიებმა უნდა უზრუნველყონ. ამას როგორ მოახერხებენ და რა ფუნქციები ექნებათ კომისიებს, ეს საკითხი ჯერჯერობით უცნობია და, პირობისამებრ, უახლოეს სარედაქციო ჯგუფის სხდომაზე შეთანხმდება.
მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, თუ თავად მედიას და ადმინისტრაციას თამაშის რა წესები ექნებათ და ამისთვის თავად „საარჩევნო კოდექსში“ რა საფუძველი არსებობს. ეს კი უკვე კოდექსის პროექტში უნდა იყოს გაწერილი.
პროექტის თანახმად ცალკე მუხლები ეთმობა მედიის მონაწილეობას წინასაარჩევნო კამპანიაში.
დღეს მოქმედ კოდექსში სწერია, რომ წინასაარჩევნო კამპანია იწყება არჩევნების დანიშვნის მომენტიდან და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები ამ დღიდან სარგებლობენ თანასწორი უფლებებით. მათი უფლებები კი გაწერილია „საარჩევნო კოდექსში“.
ერთ-ერთი არის წინასაარჩევნო აგიტაციის განხორციელება ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით. ამასთან, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, არჩევნების დღემდე 50 დღით ადრე დაწყებული მანამდე, ვიდრე ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს არ დაამტკიცებს, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელნი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულნი არიან დაიცვან შემდეგი პირობები: ა) მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (რეგიონალურმა ტელერადიომაუწყებლობებმა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას)ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია, თუ რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო, ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება.
ამასთან, ტელე ან რადიოკომპანიის მიერ ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15%-ს და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი.
პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ამასთან, პოლიტიკური რეკლამა უნდა გავიდეს მხოლოდ საარჩევნო კამპანიისთვის გამოყოფილ დროს და ამ რეკლამის სხვა დროს გაშვება ითვლება დანაშაულად.
რაც შეეხება ბეჭდურ მედიას, კანონმდებლობით გასაზღვრულია თუ როგორ უნდა იმუშაოს ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა გაზეთმა და როგორ დამოუკიდებელმა.
ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთები ვალდებულნი არიან, რომ დაიცვან შემდეგი პირობები: გაზეთებმა უნდა გამოაქვეყნონ და გადასცენ ცესკოს (რეგიონალურმა გაზეთებმა საოლქო კომისიებს) ყოველკვირეულად ინფორმაცია, თუ რომელი რიცხვიდან, რა პერიოდულობით და რა დრომდეა გამოყოფილი გაზეთის ფართობი, გაზეთის ერთ ნომერში გამოყოფილი ფართობის სიდიდე, უფასო ფართობის გამოყოფის შემთხვევაში - მთლიანად გამოყოფილი ფართობის უფასო ნაწილის სიდიდე, ფართობის ტარიფი, გაწეული მომსახურება.
ამასთან, კანონით განსაზღვრულია, რომ არც ერთ საარჩევნო სუბიექტს გაზეთის ერთ ნომერში ან ერთი კვირის განმავლობაში არ უნდა დაეთმოს გამოყოფილი ფართობის ერთ მესამედზე მეტი და ფართობის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს.
ხოლო სააგიტაციო წერილისა და პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას წერილის სათაურამდე და რეკლამის კუთხეში უნდა იყოს წარწერა: „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ასევე კანონის მოთხოვნაა, რომ გაზეთებმა ამ პერიოდში არ უნდა გამოაქვეყნონ პოლიტიკური რეკლამა ხსენებულ მოთხოვნათა დარღვევით.
ხოლო იმ გაზეთებს, რომლებიც არ ფინანსდებიან ბიუჯეტიდან უფლება აქვთ, წინასაარჩევნო რეკლამა ნებისმიერი პირობით გამოუყოს ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს.
„საარჩევნო კოდექსის“ დღეს მოქმედ რედაქციაში ისიც არის ნათქვამი, რომ თუკი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი არ გამოიყენებს მის წილ საეთერო დროს ან გაზეთის ფართობს მაუწყებლებს და გაზეთებს უფლება აქვთ, ეს დრო ან ფართობი თანაბრად გადაუნაწილონ დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს. ამ მოთხოვნების დარღვევა კი კანონით ისჯება.
როგორც დღეს მოქმედ კოდექსშია ნათქვამი, ამ მოთხოვნათა დარღვევისთვის ელექტრონული მედია დაჯარიმდება 1500 ლარით, ხოლო ბეჭდვითი მედიასაშუალებები - 500 ლარის ოდენობით.
მედიასთან დაკავშირებული ეს ნორმები უცვლელად არის გადატანილი ახალი „საარჩევნო კოდექსის“ პროექტში. მაგრამ პროექტში დამატებულია სხვა შეზღუდვებიც. კერძოდ, კანონპროექტში ნათქვამია, რომ „აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.
„არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან ერთი თვის განმავლობაში, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას სავალდებულოა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანოა; გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, თუ დამკვეთი ფიზიკური პირია), გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით, იურიდიული მისამართი), გამოკითხვის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება, შესაძლო ცდომილების ფარგლები.“
ასევე გაწერილია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის დაწესებული შეზღუდვები და სანქციები.
დღეს მოქმედ „საარჩევნო კოდექსში“ გაწერილია, თუ როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი და რა შეზღუდვები წესდება ამასთან დაკავშირებით.
კანონში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელს და ასევე ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ეკრძალებათ სახელმწიფო შენობების გამოყენება თუ სხვა სუბიექტებს ამ შენობების გამოყენების საშუალება არ გააჩნიათ.
ეს შეზღუდვა არის დაწესებული აგრეთვე საკომუნიკაციო საშუალებებსა და საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენებაზეც. ასევე სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენებაზე. მაგრამ აქვე არის მითითებული, რომ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც სარგებლობენ სამსახურებრივი ავტომანქანებით, მათი გამოყენების უფლება აქვთ მხოლოდ საწვავის ანაზღაურების პირობით.
ასევე განსაზღვრულია, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია სახელმწიფო - ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ისეთი ბეჭდვითი მასალის დამზადება, რომელშიც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, ან/და, რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერ - საწინააღმდეგო მასალას.
დღეს მოქმედ კანონში ცალკე მუხლი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ იკრძალება წინასაარჩევნო კამპანიისას თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება.
ამისთვის კი აკრძალულია „სამსახურებრივად და ქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას.“ ასევე აკრძალულია სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა.
გარდა ამისა, კანონში პირდაპირ არის ნათქვამია, რომ აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას. თუმცა, არსებობს იმის დაშვებაც, რომ ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ და ასევე იმ შემთხვევაში, როცა ხდება ტელე-რადიომაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისათვის გამოყოფილი დროის გამოყენება. შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები, უშიშროების საბჭოს მდივანი, გუბერნატორები, მერები და ა.შ.
ამ დარღვევებისთვის კი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.
ის, რაც დღეს მოქმედ „საარჩევნო კოდექსშია“ ასახული, უცვლელად არის გადატანილი ახლი კოდექსის პროექტში. მაგრამ პროექტს რამდენიმე ახალი რეგულაცია ემატება.
პროექტის თანახმად, არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია ბიუჯეტიდან საარჩევნოდ ისეთი პროექტების განხორციელება, რაც მანამდე არ იყო გათვალისწინებული ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტებში. ასევე აკრძალული იქნება იმ საბიუჯეტო პროგრამების ზრდა, რომლებიც არჩევნებამდე გათვალისწინებული იყო ბიუჯეტით, არაგეგმური ტრანსფერების ინიციირება ან გეგმური ტრანსფერის ზრდა ადგილობრივ ბიუჯეტში.
პროექტში ასევე ნათქვამია, რომ საარჩევნო სუბიექტთა რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე აიკრძალება ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა.
ამასთან, პროექტში ცალკე მუხლი ეძღვნება ამომრჩევლის მოსყიდვის აკრძალვას.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ „არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია: ა)საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად, ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა);
ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა, ან მომსახურების გაწევისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას“.
ამ დარღვევისთვის კი კანონპროექტში გათვალისწინებულია რეგისტრაციის გაუქმება.
„საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ამ მუხლით გათვალისწინებულ აკრძალულ საქმიანობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში“, - ნათქვამია კანონპროექტში.
სხვა სახის დარღვევებისთვის კი კანონპროექტში გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმა 1000-1500 ლარის ფარგლებში. შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედ კანონში ყველა ასეთი დარღვევისთვის მხოლოდ 1000 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.
ფაქტია, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში არსებითი ცვლილებები არ შედის. განსაკუთრებით არჩევნებში მედიის მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამასთან, ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება უფრო ფართო მნიშვნელობისაა, ვიდრე ამას საკანონმდებლო შეზღუდვები მოიცავს. ამიტომაც ახლა მთავარი ის არის, თუ რა დამატებითი მექანიზმების შემუშავება მოხდება ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რადგან, როგორც წესი, არჩევნებზე მთავარი პრობლემა სწორედ პარტიების არათანაბარ პირობებში ყოფნაა და, რაც მთავარია, ხელისუფლებას ექნება თუ არა ამის გამოსწორების პოლიტიკური ნება.