დღეს, სისხლის სამართლის საქმეებზე, მოსამართლე ვალდებულია ავტომატურად შეკრიბოს სასჯელები, მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის დანაშაულთან და როგორი პიროვნული წარსულის დამნაშავესთან აქვს საქმე. 2006 წელს, ეს წესი ნაციონალურმა მოძრაობამ თავს მოგვახვია რეფორმის სახით. მას შემდეგ, 2010 წელს, ამ წესმა მცირედი ცვლილება განიცადა, მაგრამ სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპი კვლავაც დარჩა ძალაში.
ამ რეფორმის შედეგია უსამართლო კანონი, რადგან ის ერთნაირად უდგება ყველა ტიპის დამნაშავეს და ყველა ტიპის დანაშაულს.
ამ რეფორმის შედეგია, აგრეთვე, უსამართლო კანონს დაქვემდებარებული, უფლებააყრილი მოსამართლე. ნათელია, რომ ერთპარტიული პარლამენტის მიერ დადგენილ შეკრებითობის წესს მოსამართლე გვერდს ვერ აუვლის. მოსამართლეს აღარ ევალება იფიქროს დამნაშავის პიროვნებასა და მისი გამოსწორებისათვის საჭირო ადეკვატურ სასჯელზე. მას მხოლოდ ევალება, იცოდეს არითმეტიკა და ბრმად შეკრიბოს დანიშნული სასჯელები.
ყველაზე ტრაგიკული კი ისაა, რომ ამ რეფორმის შედეგად, ათეული წლებით ციხეში გამოკეტეს ახალგაზრდები, ისინიც კი, რომლებმაც პირველად ჩაიდინეს დანაშაული.
საზოგადოება დაცული უნდა იყოს დანაშაულისაგან. დამნაშავემ უნდა მოიხადოს საკადრისი სასჯელი, მაგრამ სასჯელი უნდა იყოს ადეკვატური და მიმართული გამოსწორებისაკენ. სასჯელი არ უნდა იყოს ადამიანების სამუდამოდ დაღუპვის იარაღი მმართველი პარტიის ხელში.
ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები ვთვლით, რომ პირველად დანაშაულის ჩამდენ პირებზე, მით უმეტეს როცა ისინი ახალგაზრდები არიან, განსაკუთრებული ზრუნვა ევალება სახელმწიფოს. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში კი პირიქით ხდება - დღეს, საქართველოს ციხეებში ჩვენი გენოფონდი იღუპება.
ამიტომაც, ჩვენ საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას ვთავაზობთ კანონპროექტს, რომლითაც მოსამართლე გათავისუფლდება ნაციონალური მოძრაობის დიქტატისაგან. მოსამართლეს მიეცემა შესაძლებლობა, პირველად დანაშაულის ჩამდენი პირები განასხვავოს სხვა დამნაშავეებისაგან და მათ მიერ ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩადენისას, სასჯელები კი არ შეკრიბოს, არამედ მხოლოდ ერთი, ყველაზე მძიმე სასჯელი დაუნიშნოს მათ. ამით, ჩვენს მომავალ თაობებს, რომელთაც ერთხელ ფეხი დაუცდათ, მიეცემათ მომავლის პერსპექტივა და გამოსწორების შანსი.
აგრეთვე, ჩვენ ვთავაზობთ, რომ მოსამართლეს მიეცეს შესაძლებლობა, საქმის კონკრეტული გარემოებებისა და კონკრეტული დამნაშავის პიროვნების მიხედვით თავად გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში: მხოლოდ ერთი და ყველაზე მკაცრი სასჯელი მიუსაჯოს პირს, სასჯელები შეკრიბოს მთლიანად თუ ნაწილობრივ. იმ ქვეყნებში, სადაც სამართლის უზენაესობა და დემოკრატია არის წესი, მოსამართლეს აქვს ის თავისუფლება, რასაც დღეს ჩვენ ვთავაზობთ, რადგან, ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით, ჩვენ მოსამართლეს გონიერ არსებად მივიჩნევთ, რომელსაც შეუძლია მართლმსაჯულება განახორციელოს.
ჩვენ, ამ კანონის შეთავაზებით, გვსურს თავისუფლება მივცეთ მოსამართლეებს, ხოლო გზას აცდენილ ახალგაზრდა თაობებს - გამოსწორების პერსპექტივა და მომავლის იმედი.
ჩვენ მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას, საზოგადოებრივი განსჯის საგნად აქციოს ჩვენ მიერ შეთავაზებული კანონპროექტი. ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას მოვუწოდებთ, უარი თქვას პოლიტიკურ კარჩაკეტილობასა და თვითკმაყოფილების სინდრომზე და ამ საკითხის განხილვაში ჩართოს სისხლის სამართლის გამოცდილი სპეციალისტები.