პარლამენტის ვირტუალური თავმჯდომარე ვირტუალურ სამყაროში

პარლამენტის ვირტუალური თავმჯდომარე ვირტუალურ სამყაროში

[თეონა ხარაბაძე]

სოციალური ქსელების პოლიტიკოსების მიერ გამოყენება საქართველოში უკვე პიკს აღწევს. ვიდრე პრეზიდენტი რეგიონიდან რეგიონში დადის და  ამტკიცებს, რომ „ევროპაში ყველაზე მაგარი ევროპაა“, პარლამენტში „ფეისბუკელ“ მეგობრებთან შეხვედრებს ზედიზედ მართავენ.

პარლამენტში „ფეისბუკელებთან“ შეხვედრის ტრადიცია დავით ბაქრაძეს ეკუთვნის. ძნელი სათქმელია, ჰყავს თუ არა მას რომელიმე უცხოელი მრჩეველი თუ პიარმენეჯერი და ეს მათი რჩევის გათვალისწინებით ხდება თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ მოდურ ტენდენციას ყველაზე აქტიურად სწორედ ბაქრაძე იყენებს.

მაგრამ  ბაქრაძე მხოლოდ ინტერნეტურთიერთობებით არ კმაყოფილდება და თავისი „ფეისბუკელი“ მეგობრების ნაწილს ჯერ პარლამენტში ხვდება, შემდეგ მათ რესტორანში წვეულებას უმართავს. ასეთი შეხვედრა ბაქრაძემ უკვე მეორედ გამართა. პარლამენტის თავმჯდომარე თავისი „ფეისბუკელი“ მეგობრებიდან რჩეულებს პირველად აგვისტოში შეხვდა. როგორც თავად ამბობს, ოცი ათასზე მეტი მეგობარი ჰყავს, მაგრამ ამ წვეულებაზე მას პირველადაც ოც კაცამდე ჰყავდა მიწვეული და - მეორედაც. ამ ოციდან  რჩეული ათი უკვე რესტორანში მოხვდა ბაქრაძესთან ერთად, როგორც აგვისტოში, ასევე ამ შეხვედრაზეც.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პარლამენტში მოწვეული ხალხი მათი აქტიურობის მიხედვით შეირჩნენ, მაგრამ არავინ იცის, აქედან რესტორანში დაპატიჯებულები რაღა კრიტერიუმებით გამოარჩიეს.   

წვეულება ორივეჯერ რესტორან „კოპალაში“ გაიმართა. ეს რესტორანი თბილისში საკმაოდ პრესტიჟულად და ძვირადღირებულად ითვლება. ამიტომაც საინტერესოა, პარლამენტის თავმჯდომარე თავის „მეგობრებს“, თუნდაც ისინი „ფეისბუკელი“ მეგობრები იყვნენ, რესტორანში საკუთარი ხელფასით უმასპინძლდება თუ პარლამენტის ბიუჯეტით, ანდა სულაც პარტიის ფულით?  

როგორც აღმოჩნდა, ეს ჩვეულება პარლამენტის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ყოველ შემთხვევაში, თავად ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასე განაცხადა.  

თუმცა, კონკრეტულად რა დაუჯდა ბაქრაძეს „ფესიბუკელ“ მეგობრებთან სადილი, ეს თანხა მას არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ „მცირე სადილის ხარჯის დათვლა ნებისმიერს შეუძლია დაიანგარიშოს“.

პარლამენტის აპარატის უფროსმა დავით ჯანიაშვილმა კი ჟურნალისტებთან მხოლოდ ის თქვა, რომ მას მხოლოდ სადილის შემდეგ ეცოდინება დანახარჯის ზუსტი თანხა. თუმცა, მას არ უთქვამს, ზაფხულში გამართული ასეთი სადილი რა დაჯდა.

„კოპალაში“ ერთი მენიუ, დაახლოებით 50-100 ლარის ფარგლებში მერყეობს. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სადილი დაახლოებით 500-1000 ლარი დაჯდებოდა. შესაძლოა, ეს დიდი თანხა არ იყოს, მაგრამ საინტერესოა რამდენად ჯდება ეს კანონიერების ფარგლებში. 

თავად ბაქრაძე კი აცხადებს, რომ „ასეთი ტიპის წარმომადგენლობითი ღონისძიებები გაწერილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. ასე რომ, ყველაფერი, რაც ხდება, რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისადაა“.

თუმცა, ბაქრაძეს უკვირს, ეს საკითხი ჟურნალისტებს რატომ აინტერესებთ.

„ვფიქრობ, საზოგადოებისთვის და ჟურნალისტებისთვის ის უფრო საინტერესო უნდა იყო, რომ ეს არის იდეა, რომლითაც ხდება სამოქალაქო აქტივობის გაძლიერება და პარლამენტარიზმის პოპულარიზაცია. რაც შეეხება ერთი კონკრეტული, მცირე სადილის ხარჯს, თქვენ თვითონაც შეგიძლიათ დაიანგარიშოთ, რომ ეს ძალიან მიზერული ხარჯია. ყველაფერი ეს არის პარლამენტის ბიუჯეტის ნაწილი და ყველაფერი ხდება რეგლამენტის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს პარლამენტის პოპულარიზაციისთვის გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების თემას“, - განმარტა დავით ბაქრაძემ.

იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ამ შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა აქვს პარლამენტარიზმის გასაძლიერებლად.

„ამ შეხვედრების ძირითადი ამოცანა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის უშუალო ურთიერთობის შენარჩუნება და გაძლიერებაა. სოციალური ქსელი უნიკალური საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელს პირდაპირ დაუსვას შეკითხვა, პირდაპირ მიაწოდოს მას საკუთარი მოსაზრება, პრობლემა თუ წინადადებება. ეს არის კარგი ტრადიცია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება“, - ასეთია ბაქრაძის შეხედულება.  

კიდევ ერთი სიახლე, რაც ვირტუალურ სამყაროში ხდება, ფეისბუქში პარლამენტის თავმჯდომარის არჩევას შეეხება. სპიკერის თანამდებობაზე კანდიდატად დარეგისტრირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ასე რომ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ვირტუალური არჩევნები ტარდება. ამ თამაშსს „არჩევნები“ ჰქვია. სპეციალური კომპიუტერული პროგრამა უკვე შექმნილია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის პირად გვერდზე განთავსდა. 

ამ საარჩევნო თამაშის მთავარი ამოცანა პარლამენტის ვირტუალური თავმჯდომარის არჩევაა. პროგრამის არსი შემდეგში მდგომარეობს: - ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს როგორც პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი და საკუთარი პროგრამა წარადგინოს.  ხმათა უმრავლესობით არჩეული „პარლამენტის სპიკერი“ ერთ დღეს პარლამენტში გაატარებს და პარლამენტის რეალურ თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან ერთად ყველა ფორმალურ და არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

„პროგრამა სამოქალაქო აქტიურობას გაზრდის და ახალგზარდებში არჩევნების იდეის პოპულარიზაციას მოახდენს. „ფეისბუკის“ ძირითადი მომხმარებლები სწორედ რომ ახალგაზრდები არიან“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ.

პარლამენტის ვირტუალური სპიკერობა გუშინ ბევრს მოუნდა. ამ თამაშის დაწყებიდან 2 საათში უკვე 115 ადამიანს სურდა პარლამენტის თავმჯდომარეობა და კანდიდატად დარეგისტრირდა. ვინ გახდება ვირტუალურ თამაშში გამარჯვებული სპიკერი, ეს 45 დღეში გაირკვევა.

ეს საკითხი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ „ფეისბუკზე“ ნებისმიერი რეკლამა ფასიანია და ერთი დღე, დაახლოებით, 20-25 დოლარი ჯდება.

ეს რეკლამა კი საერთო ჯამში პარლამენტს რა უჯდება, კაცმა არ იცის და ამაზე კომენტარს არც პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს. გასაგებია, რომ დავით ბაქრაძე სააარჩევნოდ უკვე ემზადება და, როგორც ჩანს, მომხრეებს ინტერნეტით იზადავს, მაგრამ საინტერესოა მისი ინიციატივები ბიუჯეტს რამდენი დაუჯდება, ჩაითვლება თუ არა ეს ამომრჩევლის მოსყიდვად და ჩაითვლება თუ არა ეს კანონის დარღვევად?