[ხათუნა გაგნიძე]
ქართულ ოპოზიციაში პოლიტიკური გამოფხიზლება იწყება. ოპოზიციურ ლიდერებს შორის უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები. დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი საზოგადოებრივი მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ლიდერის ეკა ბესელიასა და „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის კოალიციაზე. პირველი მასშტაბული შეხვედრა ეროვნული კრების იდეის ავტორებს თვის ბოლოს აქვთ დაგეგმილი, რომელში მონაწილეობაზე საკუთარი თანხმობა ბურჯანაძემაც და ბესელიამაც უკვე დააფიქსირეს. ოჯახის წევრების შეწყალების მიუხედავად, ბესელია ხელისუფლების მიმართ, მადლიერებას არ გამოხატავს და აცხადებს, რომ „შეურიგებლების“ სიაში კვლავ რჩება. „იტრიალებს“ თუ არა ბურჯანაძის ორბიტაზე და მიიჩნევს თუ არა იგი თავს იმიჯშელახული ოპოზიციის ნაწილად, ეკა ბესელია „პრესა.გე“-სთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს:
ფილარმონიაში 29 სექტემბერს სახალხო კრება იგეგმება. რა მოთხოვნები იქნება დაყენებული ამ შეკრებაზე?
- 29 სექტემბრის კრება არის არა ის დიდი კრება, როგორც ეს საინფორმაციო საშუალებებში გახმოვანდა, არამედ - დიდი კრების მოსამზადებელი შეკრება. ეს არის კრების იდეის მხარდამჭერთა შეკრება და მას უნდა ჰქოდეს უფრო ორგანიზაციული ხასიათი, უნდა იყოს მოსამზადებელი დიდი სახალხო-ეროვნული კრებისა. ამ შეკრებამ უნდა წარმოაჩინოს დიდი სახალხო კრების მთავარი სტრუქტურა, პრიორიტეტი, განწყობა. სწორედ 29 სექტემბრის შეკრებაზე გამოვლინდება როდის უნდა ჩატარდეს დიდი კრება. მე მხარს ვუჭერ ეროვნული კრების იდეას, რომელიც თავის თავში გულისხმობს ხალხის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას და ხალხის მიერ, ხელისუფლების მიმართ ნდობის საკითხის დაყენებას. ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიმართულია ამ იდეის დისკრედიტაციისაკენ, უნდა იქნეს აღკვეთილი.
რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკოსებმა, ამ შემთხვევაში ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკანა პლანზე გადაინაცვლეს და პროცესების დაგეგმვა ხდება საზოგადოების ცნობილი სახეების მიერ?
- ეს ცუდი არ არის, რადგან თქვენ ხედავთ, აპრილის დიდი საპროტესტო აქციების მერე, როგორი მასირებული შეტევა და თავდასხმა დაიწყო ოპოზიციაზე. ყველა ოპოზიციის წარმომადგენელს, მათ შორის - ვისაც ჰქონდა და ვისაც არ ჰქონდა ჭკუა, ერთნაირად ლანძღვავდნენ. რა თქმა უნდა, კრიტიკა და ლანძღვა შესაძლოა გარკვეულ ჯგუფს ეკუთვნოდეს, მაგრამ ყველას ერთნაირად ლანძღვა, ეს არა მარტო უსამართლობაა, არამედ მიზანმიმართული ბოროტი ქმედებაა. არ ვღებულობ საკუთარ თავზე იმ შეფასებებს და არაკორექტულ გამოთქმებს, რომელსაც ხშირად იყენებენ აქციის ორგანიზატორი ოპოზიციური ლიდერების მიმართ.
როდესაც ექსპერტები, სპეციალისტები აფასებენ ამა თუ იმ პროცესს და ოპოზიციას ახსენებენ, უნდა მოხდეს დაკონკრეტება - ვისზეა საუბარი. ოპოზიციაა დავითაიაც და თორთლაძეც, ოპოზიციაა ეკა ბესელიაც, სალომე ზურაბიშვილიც, სოზარ სუბარიც და ასე შემდეგ. რაღაც დიფერენციაცია ხომ უნდა იყოს, რომ ყველა ერთნაირად არ მოიხსენიონ? ეს საჭიროა თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოებას ჰქონდეს განცდა - არსებობს რაღაც ჯგუფი, რომელსაც შეიძლება უბრალოდ ენდოს.
ნიშნავს თუ არა საზოგადოების ცნობილი სახეების პოლიტიკაში ჩარევა იმას, რომ ოპოზიციას იმიჯი აქვს შელახული?
- სწორედ იმიტომ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მთავარი ამოცანა - სააკაშვილი გადამდგარიყო - ვერ შეასრულეს ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ოპოზიციამ საზოგადოებისგან ძალიან დიდი დარტყმა მიიღო. ამ სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლების სცენარის მიხედვით ოპოზიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია ხდება, ჩნდება მოთხოვნა, რომ წინა პლანზე საზოგადოებისთვის სანდო ადამიანები წარმოჩინდნენ. თუმცა - არა პოლიტიკური ფიგურები, რადგან პოლიტიკოსი ასოცირდება პოლიტიკურ ამბიციასთან და ინტერესთან. საქართველოში აღარავის სჯერა, რომ პოლიტიკაში შეიძლება იყოს იდეალური ადამიანი, რომელიც იდეისთვის იბრძილებს და არა საკუთარი თანამდებობისთვის.
რადგან პოლიტიკოსის იარლიყი ნეგატივს მოიაზრებს, საზოგადოების სახეების წარმოჩენა სწორი სვლაა. ამომრჩეველი ფიქრობს, რომ საზოგადოების წარმომადგენელს პოლიტიკური ამბიციები არ აქვს. თუ პოლიტიკური პარტიები არ აქტიურობენ კრების იდეასთან დაკავშირებით, ეს ცუდი არ არის, რადგან პროცესი როდესაც დაიძვრება, მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ამ იდეის გვერდით დადგება. თუ ყველა არ დადგება, ცუდი არ არის, რადგან ოპოზიციურ სპექტრში, ვინც თავის თავს ოპოზიციას ეძახის მეც არ ვენდობი ყველას. კრების იდეას სათავეში არ უნდა ჩაუდგეს ისეთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამ იდეას შედეგამდე არასოდეს არ მიიყვანს.
მოიაზრება, რომ სახალხო კრების უკან ნინო ბურჯანაძე დგას. შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, რომ ეკა ბესელია ნინო ბურჯანაძის ორბიტაზე ტრიალებს?
- არა, არ ნიშნავს. ნინო ბურჯანაძე მხარს რომ უჭერს კრების იდეას, ეს არის ღია პოზიცია. მეც მხარს ვუჭერ კრების იდეას და თუ ეს ნიშნავს იმას, რომ ვინმეს ორბიტაზე ვტრიალებ, მაშინ ვიტყოდი, რომ ვტრიალებ იმ ორბიტაზე, რომლის იდეაა სახალხო ეროვნული კრება და არა - კონკრეტული პოლიტიკური ლიდერი. მე მიმაჩნია, რომ ნინო ბურჯანაძეს დღეს სწორი პოზიცია აქვს. მისი ოპონირება ხელისუფლებასთან ჩემთვის ძალიან სარწმუნოა. გახსოვთ, ჩემი ძალიან მწვავე შეფასება და განცხადებები ქალბატონი ნინო ბურჯანაძის მიმართ და არა მგონია ვინმეზე ნაკლებად მწვავედ ვაკრიტიკებდი მას იმ პერიოდში, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს და ვამბობ - დღეს, ნინო ბურჯანაძე მართლაც ერთ-ერთი ყველაზე შეურიგებელია სააკაშვილის მიმართ. ასეთი, სამწუხაროდ, ბევრი არ არის. ვერ ვიტყვი, რომ ნინო ბურჯანაძის ორბიტაზე ვტრიალებ, მე ვტრიალებ იმ ორბიტაზე სადაც შეურიგებლები არიან და ეს ორბიტა იტევს ნინო ბურჯანაძესაც, ეკა ბესელიასაც, სალომე ზურაბიშვილსაც და ბევრ სხვა შეურიგებელ ოპოზიციონერს. გადაჭარბებულია მითქმა-მოთქმა, რომ მე და ქალბატონ ნინოს საიდუმლო სერობები გვაქვს. კონსულტაციები და შეხვედრები ინტენსიურად მაქვს მასთან და ამას არ ვუარყოფ...
პირისპირ ხვდებით მას?
- მე პირადად ვხვდები მას, ისევე, როგორც სხვა პოლიტიკურ ლიდერებს ვხვდები და ვესაუბრები. დღეს მიზეზის და საბაბის ძებნაა ის, რომ თითქოს ნინო ბურჯანაძე დგას ამ კრების უკან და ამიტომ არ უნდათ შეკრებაში მონაწილეობა. ნინო ბურჯანაძე რომ კრებას მხარს უჭერს, ვერ ვხვდები ეს რატომ არის კრიტიკის საგანი? მე ის უფრო მაინტერესებს, სხვა პარტიები რატომ არ უჭერენ იდეას მხარს. ეს არ არის ნინო ბურჯანაძის ან ეკა ბესელიას იდეა. სახალხო კრების იდეას ძალიან ბევრი წინამორბედი ჰყავს. ჩემთვის მთავარია, რელსებიდან გადავარდნილი ქვეყნის მატარებელი სწორ რელსებზე შევაყენოთ. თუ ამის სურვილი გაქვს, შესაძლებელია ნებისმიერი ამბიციის მოთოკვა. რა დაემართათ საქართველოში პოლიტიკოსებს, რომ პირადი ამბიცია აბსოლუტურად არარაციონალურს ხდის მათ დაგაწყვეტილებას და გონებას, არ ვიცი და მართლა მიკვირს, რადგან, როდესაც ხედავ, რომ დაუძინებელი მტერი გყავს და რეჟიმი არის სასტიკი, პირადი ინტერესები უნდა მოთოკო. თუ მთავარი მოტივი ის არის, ვინ რამხელა ტორტის ნაჭერს ჩაიგდებს ხელში, აღმოჩნდება, რომ არანაირი ტორტი არ იქნება და პოლიტიკური პროცესი ამ კინკლაობას გადაჰყვება.
თქვენი შვილისა და ძმის გათავისუფლების შემდეგ, რჩებით თუ არა ისევ ისეთი შეურიგებელი ხელისუფლების მიმართ?
- ჩემი შვილისა და ძმის დაკავებით არ დამიწყია ხელისუფლებასთან ოპონირება. სწორედ ხელისუფლებასთან შეურიგენბელ ოპონირებას შეეწირა ჩემი ძმის და შვილის თავისუფლება, ამიტომ არც მათი გათავისუფლებით არ შეწყდება ჩემი შეურიგებლობა ხელისუფლების მიმართ. ჩემთვის მთავარია სამართლიანობის იდეა, რომელსაც ნებისმიერ ვითარებაში ყველაზე მაღლა დავაყენებ. ჩემი შვილისა და ძმის გათავისუფლება არავის ეგონოს სააკაშვილის წყალობა. ყველამ ბოდიში მოიხადოს, ვინც ფიქრობს, რომ ეს იყო სააკაშვილის კეთილშობილური ჟესტი. რა თქმა უნდა - ეს იყო მისი შეცდომის აღიარება, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ მე სააკაშვილს ამისთვის არასოდეს არ გადავუხდი მადლობას, რადგან მას ეს გადაწყვეტილება მიაღებინეს საერთაშორისო საზოგადოების და ევროსტრუქტურის ძალიან დიდი ზეწოლის შედეგად.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა თქვენი შვილის გათავისუფლებით, რადგან იგი იყო ძებნილი და ამ დროს შეეხო შეწყალება....
- ნამდვილად გეთანხმებით. პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს უფლება, რომ ნებისმიერი პირი გაათავისუფლოს, მაგრამ მე ნამდვილად არ ველოდებოდი და არც მითხოვია არავისთვის, ეს ნაბიჯი გადაედგა მას. ეს იყო ძალიან დიდი ჩარევა საერთაშორისო საზოგადოებისა, პირველ რიგში საფრანგეთის, რომლის მადლობელი ვარ. ასევე, ძალიან დიდი მხარდაჭერა გამიწია ევროსაბჭომ და ამერიკის დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, ევროკავშირმა. ამ ყველაფერმა ერთად, საბოლოოდ გამოიღო ეს შედეგი რომელიც მივიღეთ. სააკაშვილს სხვა გზა აღარ ჰქონდა. ვინმემ იგრძნო რომ მე პოზიცია შევარბილე, ან ჩემი საპოლემიკო ენა შეიცვალა?