მონობა თავდაცვის სამინისტროში ანუ ტრეფიკინგი ქართული ვარიაციით

მონობა თავდაცვის სამინისტროში ანუ ტრეფიკინგი ქართული ვარიაციით

[თეონა ხარაბაძე]

პრესაჯი.ტვ-ის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომლებს უკვე მესამე თვეა, უხელფასოდ ამუშავებენ. მათ ამის მიზეზად იმას ეუბნებიან, რომ ისინი კადრების განკარგულებაში ყოფილან გადაყვანილი და მათ დანიშვნას მინისტრი არ აწერს ხელს.

ამ შემთხვევაში საუბარია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებზე. დაახლოებით 100-120 ადამიანზე. თუმცა, ჩვენი წყარო აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, ასეთივე მდგომარეობაში არიან სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებიც.

„ამ ადამიანებს უკვე მესამე თვეა, ხელფასს არ უხდიან, რადგან, როგორც მათ ეუბნებიან, კადრების განყოფილებაში ყოფილან გადაყვანილნი. თუმცა, ყველა მათგანს აიძულებენ, რომ სამსახურში ჩვეულებრივად იარონ და საქმე აკეთონ. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ ოპერატიულ სამსახურს ძირითადად არანორმირებული გრაფიკით უწევს მუშაობა, მათ სთხოვენ, რომ სამსახურში დილის 10 საათზე გამოცხადდნენ და მუშაობენ გვიან ღამემდე და ხშირად ღამისთევაც უწევთ“, - აცხადებს ჩვენი წყარო.

არადა, ქართული კანონმდებლობის მიხედვით სამინისტროს ამის გაკეთების უფლება არა აქვს. ჯერ ერთი, ქართული კანონმდებლობა ტერმინს - „კადრების განკარგულებაში“ გადაყვანას არ იცნობს. როგორც იურისტები განმარტავენ, ეს ტერმინი არსებობდა საბჭოთა კანონმდებლობაში, მაგრამ დღეს არ არის არც „შრომის კოდექსში“ და არც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში და, თუკი დღეს სამინისტრო ამას იყენებს, ცხადია, ეს იმას ნიშნავს, რომ უკანონოდ იქცევა.

მეორე საკითხია, თუ რატომ თანხმდებიან ეს ადამიანები ასეთ პირობებში მუშაობას, ან რატომ მოხდა სამსახურიდან მათი მასობრივი გათავისუფლება. ჩვენი წყაროს განმარტებით, მათ ეუბნებიან, რომ ისინი მინისტრის ბრძანებით არიან კადრების განკარგულებაში გადაყვანილნი ანუ, გათავისუფლებულნი და მათი დანიშვნისთვის მინისტრის ხელმოწერაა საჭირო. „მაგრამ რატომ არ აწერს მინისტრი მათ დანიშვნას ხელს, არავინ იცის და ამის კითხვას ვერც ვერავინ ბედავს. პრინციპში, თუ გავითვალისწინებთ როგორ ექცევა ახალაია საკუთარ თანამშრომლებს - როგორ აყენებს მათ ფიზიკურ შეურაცყოფას, გასაკვირიც არაფერია. მთავარია, რომ ადამიანებს უხელფასოდ ამუშავებენ და, რაც მთავარია, მათ ემუქრებიან, რომ თუკი სამსახურში არ მივლენ და ამის შესახებ ვინმე რამეს გაიგებს, მათ „მგლის ბილეთით“ გაუშვებენ“.

სხვათა შორის, ქართული კანონმდებლობა არც ტერმინს „მგლის ბილეთი“ იცნობს, მაგრამ ძალოვან სტრუქტურებში მოქმედებს პრინციპი, - თუ ვინმე რამეს გააპროტესტებს, ისინი სამსახურის დაწყებას ვეღარსად შეძლებენ. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ეს ადამიანები ჩუმად ყოფნას და უხელფასდ მუშაობას ამჯობინებენ. 

მეორე საკითხია, თუ რატომ აკეთებს ამას სამინისტრო? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საინტერესოა, ხელფასების გადაუხდელობით რა თანხას ზოგავენ და ეს ფული სად მიდის?

თუკი იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ სამხედრო პოლიციის რიგითი თანამშრომლის ხელფასი 800-1200 ლარია, გამოდის, რომ სამინისტრომ მინიმუმ, 250 000 ლარამდე დაზოგა, მაგრამ თანხა სად წავიდა არავინ იცის. მით უმეტეს, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯვას ვერვინ გაარკვევს.

ადამიანების უხელფასოდ მუშაობა და მათი დაშინება „მგლის ბილეთის“ საბუთებით არც მეტი, არც ნაკლები, ტრეფიკინგია და გამოდის, რომ ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ტრეფიკინგის პირობებში ამყოფებს.