საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე საბაჟო გადასახადის "განულების", ტყეების უდიდესი ნაწილის კერძო საკუთრებაში გაცემის, ეროვნული ბანკის გაუქმების და სხვა რიგი ინიციატივებით გამოდის. ამის შესახებ ექს სახელმწიფო მინისტრმა "Новая газета"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
- რით იყავით დაკავებული მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავარი რეფორმატორის თანამდებობა დატოვეთ?
- ამჟამად დაკავებული ვარ "თავისუფალი უნივერსიტეტით". ეს არის კერძო უმაღლესი სასწავლებელი. მინდა, გითხრათ, რომ საქართველოში კერძო სასწავლებლები ძალიან ინტენსიურად ვითარდება, საგანმანათლებლო ბაზარზე მათი წილი იზრდება და წელს ის 25%-ს მიუახლოვდება. "თავისუფალი უნივერსიტეტი" მათ შორის ყველაზე მოთხოვნადია. ცოტა ხნის წინ ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაცემები გამოქვეყნდა: 50 საუკეთესო აბიტურიენტიდან 37 ჩვენთან ისწავლის. ჩვენ შეგნებულად ვცდილობთ, საქართველოს საუკეთესო ტვინები მოვიზიდოთ და ჩემმა შეხედულებებმა ამაში დიდი როლი ითამაშა: მრცხვენია, როდესაც ახალგაზრდა ნიჭიერ ბავშვებს რაღაც ცრუ თეორიებით ასწავლიან, განსაკუთრებით - სოციალური მეცნიერების სფეროში, ეს თითქმის მარქსიზმია. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ იმას, რომ ჩვენს სტუდენტებს საზოგადოებაზე სწორი წარმოდგენა ჰქონდეთ. ამასთან, მათ, რა თქმა უნდა, ხარისხიანი განათლება უნდა მიიღონ. გარდა ამისა, მე უკვე სამოყვარულო საფუძველზე ზოგჯერ გამოვთქვამ საკუთარ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, როგორი რეფორმები უნდა გატარდეს ეკონომიკაში.
- რეფორმების ძირითადი ნაწილი დასრულებულია? ვექტორის შეცვლის ხომ არ გეშინიათ?
- ვექტორი ყოველთვის მოძრაობს - მთავარია, 180 გრადუსით არ შემობრუნდეს. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. კერძოდ, კარგი იქნებოდა ცენტრალური ბანკის ლიკვიდაცია და ვალუტების თავისუფალი კონკურენციის ამა თუ იმ ფორმით შექმნა. ჩვენ ძალიან შევამცირეთ საბაჟო ტარიფი და ის ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. ვფიქრობ, მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი განულება იქნებოდა. ჩვენთან ტყეები (ეს კი საქართველოს ტერიტორიის ნახევარზე მეტია) ჯერჯერობით სახელმწიფო საკუთრებაშია. ჩემი აზრით, მათი ნაწილი მაინც კერძო საკუთრებაში უნდა აღმოჩნდეს - ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათი რეკრეაციული და ეკოლოგიური პოტენციალის შენასარჩუნებლად. რეფორმა ისეთი რამაა, რომ იწყებ მის კეთებას, შემდეგ კი აღმოაჩენ, რომ რომ უნდა გააგრძელო, კიდევ და კიდევ... ეფექტური ეკონომიკა ის არის, რომელიც მინიმალურად რეგულირდება და სახელმწიფო ძირითადად ადამიანების ცხოვრებისა და საკუთრების უფლების დაცვითაა დაკავებული. ბოლო ორი ასწლეული კი, განსაკუთრებით - ბოლო ნახევარი საუკუნე მთელს მსოფლიოში მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებაზე სახელმწიფოების შეტევით, სხვადასხვა სახის რეგულაციებით ხასიათდებოდა, რომელიც, რა თქმა უნდა, სიკეთედ საღდება, თუმცა რეალურად მავნებელია. კიდევ არსებობს ბევრი რამ, რისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ.
- გარკვეულ მომენტში მთავრობიდან წახვედით. თქვენი აზრით, რეფორმატორები ხელისუფლებაში უნდა დარჩნენ, თუ უმჯობესია, გარდაქმნებით დაქირავებული სპეციალისტები დაკავდნენ?
- რეფორმებს ვერანაირი დაქირავებული სპეციალისტები ვერ გაატარებენ. რეფორმები პოლიტიკური პროცესია და მისით ის პოლიტიკოსები უნდა დაკავდნენ, რომლებსაც ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით დამოუკიდებელი აზრი გააჩნიათ. სპეციალისტები კი შეიძლება კარგი, კეთილი ადამიანები იყვნენ, მაგრამ თავისი აზრი არ აქვთ.
- რამდენად ძნელი იყო იმის ახსნა, თუ რა ხდება ქვეყანაში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 70 წელი სოციალურ სახელმწიფოს იყვნენ მიჩვეული?
- ეს სახელმწიფო არასოდეს ყოფილა სოციალური: ის "სოციალურობა" მნიშვნელოვანი კორუფციული “გადახრებით ხასიათდებოდა, 1990-იანმა დრამატულმა წლებმა კი საქართველოში მისი ეფექტურობის ნარჩენების განადგურება გამოიწვია. ბევრ ადამიანს ესმის, რომ კერძო ინიციატივა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს მითები სოციალურ სოლიდარობაზე. პროტესტი, რა თქმა უნდა, იყო. მე პირადად სამინისტროდან შემადგენლობის ორი მესამედი გავათავისუფლე - ეს ათასზე მეტი ადამიანია და, რა თქმა უნდა, ისინი უკმაყოფილოები იყვნენ. თუმცა არსებობს მარტივი მაჩვენებელი: 2003 წელს საქართველოში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, შემდეგ კი რეფორმები დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში ჩატარდა საპრეზიდენტო, ორჯერ საპარლამენტო და ორჯერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ყოველ ჯერზე ერმა მანდატი მისცა იმ პარტიას, რომელიც მთელ ამ რეფორმებს ატარებდა. ამასთან, არსებობს ოპოზიცია, რომელმაც ზოგჯერ შედარებით ბევრი ხმა მიიღო, ზოგჯერ - ცოტა, თუმცა სერიოზული უმრავლესობა არასოდეს მოუპოვებია. საპრეზიდენტო არჩევნების დროს მისი შედეგი ოდნავ მაღალი იყო, დანარჩენ დროს - დაბალი. ცხოვრების ხარისხი 40%-ით გაუმჯობესდა და ამას ყველა გრძნობს. ექვსი წლის წინ იმავე სახელმწიფო პენსიით გაცილებით ცოტა პროდუქტის ყიდვა შეიძლებოდა, ვიდრე დღეს. კორუფციაზე გამარჯვება არა იმაში გამოიხატება, რომ იგი სრულიად აღმოიფხვრა, არამედ იმაში, რომ იგი შემცირდა და თუ ვინმე ამ კუთხით გამოჩნდება, დამნაშავეებს მალევე სჯიან. ნებისმიერს შეუძლია, რაღაც ხარვეზებზე ისაუბროს, თუმცა ხმას იმ რეჟიმს აძლევენ, რომელიც არის.
- რაში გამოიხატება კონკრეტულად ოპოზიციის უკმაყოფილება?
- ოპოზიცია სხვადასხვანაირია. ერთი უკმაყოფილოა იმით, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა (რომელსაც თავს მეც მივაკუთვნებ) მოქალაქეებს პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, ქურდებს სჯის, კორუფციაზე საუბრობს. საბჭოთა კავშირში ორმაგი მორალი იყო: "მესმის, რომ ეს ადამიანი იპარავს, მაგრამ არავის ვეტყვი, რადგან დასმენა ცოდვაა". ახალი მოდელი შენდება იმაზე, რომ როდესაც ადამიანები დანაშაულს ხედავენ, მაშინვე პოლიციას მიმართავენ, რადგან დამნაშავე არღვევს იმ კანონს, რომლითაც მათ ცხოვრება სურთ. საქართველო საბჭოთა მენტალობას უსხლტება და ასე ვთქვათ, სულიერი ფასეულობების მატარებლები უკმაყოფილონი არიან. არიან რელიგიური ფუნდამენტალისტები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველომ მართლმადიდებლებს უნდა დაუჭიროს მხარი, ხოლო დანარჩენების უფლებები შეზღუდოს. არსებობენ უბრალოდ ამ ხელისუფლებაზე განაწყენებული ადამიანები - რამდენიმე ათეული ათასი, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში მუშაობდნენ და იქ საუკეთესო შემთხვევაში არაფერს აკეთებდნენ, უარეს შემთხვევაში კი ზიანს აყენებნენ სახელმწიფოს. განაწყენებული ბევრია. ისინი განსხვავებულები არიან და ზოგჯერ ერთიანდებიან. ყველაზე მთავარი, ჩემი აზრით, ის არის, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მოხარულია, რომ საქართველო ცივილიზებული, დამოუკიდებელი, ეკონომიკურად განვითარებული, მდიდარი დერჟავა ხდება, უფრო მეტია.
- ჩვენთან ხშირად ამბობენ, რომ ლიბერალიზმი კარგია, მაგრამ არა ჩვენი მენტალიტეტისთვის...
- ამას იდიოტები ამბობენ! განათლებით ბიოლოგი ვარ, მედიცინა მაინტერესებს და შემიძლია, გითხრათ, რომ არ არსებობს წამალი, რომელიც იდიოტებს განკურნავდა, თუმცა მათ იმის უფლება არ უნდა მივცეთ, რომ ახალგაზრდები მოწამლონ. ყველა ქვეყანა, რომელმაც თავისუფალი ეკონომიკა შექმნა, წელში გამართულია. ჩვენ ვიცით შვეიცარიის, სინგაპურის, ჰონკონგის, სამხრეთ კორეის და აშშ-ის, ასევე ჩინეთის შესახებ, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით, ძალიან თავისუფალია, იდეოლოგიურით კი - რა თქმა უნდა, არა. ყველგან ერთი და იგივე შედეგია: ეკონომიკის გასაოცარი, მდგრადი, განგრძობადი ხრდა. ქვეყნები, რომლებიც გუშინ ჭაობს წარმოადგენდნენ, დღეს მსოფლიოს ყველაზე განვითარებული სახელმწიფოები გახდნენ. ადამიანები კი, რომლებიც ამბობენ, რომ ეს რუსეთში, უკრაინაში ან მაგალითად ყაზახეთში არასოდეს იქნება, ამას ან მავნებლობიდან გამომდინარე ამბობენ, რადგან ეს მათ ინტერესებში არ შედის, ან მათ უბრალოდ ამღვრეული გონება აქვთ.
- თქვენი აზრით, მენტალიტეტის მხედველობაში მიღება საერთოდ არ ღირს?
- განა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თავისუფლება არ სურთ და უნდათ, რომ ვინმეს ჩაგრვის ქვეშ იყვნენ?! ასეთი ადამიანები არ არსებობენ, ისევე, როგორც ასეთი საზოგადოება. მე 28 წელი ვცხოვრობდი რუსეთში და თქვენი საზოგადოება სტიქიული ლიბერტარიანელია: ხელისუფლება ყველას არ უყვარს და მზად არიან, ბარიერებს მასობრივად შემოუარონ, ოღონდ გააკეთონ ის, რაც მათ ინტერსებშია. 1990-იან წლებში კორუფციამ თავისუფალი ბაზრის იმიჯი გააფუჭა, მაგრამ ეს არა თავისუფალი ბაზრის პრობლემაა, არამედ კორუფციის. სახელმწიფო არა ადამიანების ცხოვრებისა და საკუთრების დაცვის სადარაჯოზე იდგა, არამედ თავს ფულის მოპარვის უფლებას აძლევდა.
- ისწრაფვის თუ არა საქართველო ევროპისკენ?
- კიც და არაც. არსებობს ორი ევროპა. ერთის მხრივ, ეს არის ძველებური ცივილიზაციის აკვანი, რომელსაც ძირითადი ფასეულობები იგივე აქვს, რაც ჩვენ. ეს არის თავისუფალი ადამიანების დიდი ასოციაცია და ასეთი ევროპისკენ ჩვენ ვისწაფვით. ასევე არსებობს მეორე ევროპა - ბრიუსელი და ევრობიუროკრატია. ეს არის ინსტრუქციები, როგორ უნდა მოიხარშოს მურაბა, როგორი უნდა იყოს ბანანი ან კიტრი და ამ ევროპაში ჩვენ არ გვსურს. ვფიქრობ, რომ საქართველო მთელი თავისი მისწრაფებებითაც კი, ევროპაში მალე ვერ მოხვდება, თუმცა თავად ევროპაც იმ ფორმით, რომლითაც დღეს არსებობს - უზარმაზარი ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც ეკონომიკურ თავისუფლებას თრგუნავს, თუმცა სამოქალაქო თავისუფლებას ინარჩუნებს, დიდხანს ვერ იარსებებს და იძულებული იქნება, შეიცვალოს.
- რუსეთში საქართველოსადმი ნეგატიური განწყობა ზემოდან ინერგება. რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები რუსეთზე?
- ვფიქრობ, ჩვენ განვასხვავევთ ხელისუფლების პოლიტიკასა და 140-მილიონიან ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ მას ტვინი აქვს გამორეცხილი და საქართველოს არა მხოლოდ მტრად, არამედ რუსეთის ერთ-ერთ ძირითად საფრთხედ აღიქვამს. საქართველოში ასე არ არის: ჩვენ რუს ხალხსა და რუსეთის ხელისუფლებას არ ვაიგივებთ. ჩვენთან ბევრი ეთნიკური რუსია, სტუმრებს კი მეგობრულად ვიღებთ: თუ ადამიანი საქართველოში ჩამოვიდა, ე.ი., მას ჩვენი ქვეყანა აინტერესებს.
1032
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85