ევროპაში თავწამოყოფილმა კრიზისმა თავსატეხი ყველას გაუჩინა, მათ შორის, უბალო ქართველს, რომელსაც ძლივს შეგროვებული დანაზოგი ევროში აქვს განთავსებული. საბერძნეთის დეფოლტი ევროს დიდ დარტყმას მიაყენებს, ხოლო თუკი მას იტალიაც მიჰყვა, მაშინ ევროს კურსის დაჭერა შეუძლებელი გახდება. ექსპერტები არსებულ მდგომარეობას დაძაბული აკვირდებიან.
საბერძნეთის მთავრობა აპირებს, ევროს შენარჩუნებისა და ეროვნული ვალუტის დაბრუნების საკითხი რეფერენდუმზე გაიტანოს. რეფერენდუმის გამართვის კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს დღეებში გავა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გეორგიუ პაპანდრეუ იმედოვნებს, რომ რეფერენდუმის შედეგები მის კაბინეტს საშუალებას მისცემს, გააგრძელოს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების პროგრამა.
ათენისგან მკაცრი ეკონომიკური ზომების გატარებას უმსხვილესი კრედიტორები - ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოითხოვენ. საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის წინააღმდეგ კი ქვეყნის მოსახლეობა გამოდის.
ევროს რეფერენდუმის საკითხი მთავრობის საგანგებო სხდომაზე უკვე განიხილეს, რომელიც კვირას გაიმართა. მთავრობის წევრების მოსაზრებები ამ თემაზე გაიყო: შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, თუ ქვეყნის მოსახლეობა ხმას ეროვნული ვალუტის დაბრუნებას მისცემს, საბერძნეთში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გახდება საჭირო. ქვეყანა, რომლის სახელმწიფო ვალიც 350 მილიარდ ევროს შეადგენს, დეფოლტის ზღვარზეა.
საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა კატასტროფულ შედეგებს არ მოიტანს, თუმცა გარკვეული ცვლილებები ამას მაინც მოჰყვება. საბერძნეთის ეკონომიკა ევროკავშირის ეკონომიკის 2%-ს შეადგენს და არც ისეთი ფართო გავლენა ექნება მას ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკის ცვლილებებზე. ეს არც სავალუტო ბირჟაზე გამოიწვევს ცვლილებებს.
“ექსპერტები ვთვლით, რომ ჯერჯერობით ევროს მფლობელებმა თავი უნდა შეიკავონ მკვეთრი ქმედებებისაგან. ევროს მკვეთრი ვარდნა ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის, მათ სერიოზული საფრთხე არ შეექმნებათ, თუმცა თუ მსგავსი შემთხვევა იტალიაში დაფიქსირდება, მაშინ კი, შესაძლოა, ამან კატასტროფული შედეგები მოიტანოს”, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა.
ასეთი ფრთხილი განცხადებაც კი ვერაფერი ნუგეშია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც დანაზოგი ევროში აქვთ განთავსებული ან ევროპაში სამუშაოდ მყოფი ოჯახის წევრების გზავნილებზე არიან დამოკიდებულნი. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საერთოევროპული ვალუტის მიმართ ნდობა მკვეთრად გაიზარდა. ამას მოწმობს ბოლო დროს უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების სტრუქტურაც. თუკი რამდენიმე წლის წინ აშშ დოლარის წილი 95%-ის ფარგლებში იყო, ახლა ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილია.
ბოლო მონაცემებით, დეპოზიტებში ამერიკული დოლარის წილი 74%-ით, ხოლო ევროს წილი კი 19%-ია. გარდა ამისა, საქართველოში მსხვილი გარიგებების გარკვეული ნაწილი ევროში იდება. უძრავი ქონების ბაზარზეც გახშირდა შემთხვევები, როდესაც მიწა და ბინები ევროგანზომილებაში ფასდება.
ასე რომ, ევროპული ვალუტის მიმართ ნდობას ეჭვის თვალით ცქერა უკვე საქართველოშიც დაუწყეს. მით უფრო, რომ ბოლო დროს ევრო დოლართან მიმართებაში თანდათან თმობს პოზიციებს. ამჟამად 1 ევრო 1,36-1,37 დოლარის ფარგლებშია, რამდენიმე თვის წინ კი 1,44-1,46 თამასაზე იდგა.
არადა, ბებერი კონტინენტიდან ვერაფერი სანუგეშო ინფორმაცია მოედინება. ათენმა დეფოლტი შესაძლოა საკუთარი ვალდებულებების ნაწილში გამოაცხადოს, თუკი დახმარების მორიგ, 109 მილიარდი ევროს პაკეტს არ მიიღებს. ახალი პაკეტი უკვე დაამტკიცა სავალუტო ფონდმა, გეგმის რეალიზაცია კი ევროზონის ქვეყნების პარლამენტების თანხმობას მოითხოვს.
გერმანიის ხელისუფლების მიერ მომზადებული გეგმა ითვალისწინებს ბანკებისთვის ზარალის ანაზღაურებას, რომელიც მათ საბერძნეთის სახელმწიფო ობლიგაციებში დაბანდებული თანხების დაკარგვის შემთხვევაში მიადგებათ. გერმანიის მთავრობას სერიოზულად ეშინია ათენის მიერ დეფოლტის გამოცხადებისა. როგორც ამ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, საბერძნეთი “დანის პირზე” დადის. სახელმწიფო ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის დაგეგმილი მაჩვენებლების მიუღწევლობის შემთხვევაში საბერძნეთს მოუწევს თანხები დამოუკიდებლად მოძებნოს, რადგან ევროზონა მას არ დაეხმარება.
915
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85