ვინც რაიმე სკაბრეზულს ელის ამ სათაურის გამო, ვურჩევ ამ ბლოგპოსტიდან სხვა, შესაბამის საიტებზე გადაინაცვლოს. სხვათა შორის, რაკი სათაურზე მიდგა საქმე, არც ის ფილმია სკაბრეზული, რომელსაც „ქალის სურნელი“ ჰქვია. ოღონდ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი რაიმეთი ჩამოჰგავს გენიალურ ალ პაჩინოს. იქნებ – პირიქით.
ვიკილიქსის საინფორმაციო ნაკადის გიგანტური მასივიდან ერთ-ერთი დოკუმენტი სწორედ სააკაშვილის ხელისუფლებაში მომუშავე ქალებს ეძღვნება. 2007 წლის 21 აგვისტოთი დათარიღებულ დეპეშას ისეთი სათაური აქვს, რომ საგონებელში ჩაგაგდებს, - „ვინ მართავს საქართველოს“. იგი სახელმწიფო დეპარტამენტში მეთიუ ბრაიზას სახელზეა გაგზავნილი. გრიფირებულია საქმეთა რწმუნებულის მარკ პერის მიერ.
უცნაური ის არის, რომ მეთიუ ბრაიზა აშკარად ამ დეპეშის ავტორზე უკეთ იცნობს საქართველოს ხელისუფლებას თავის ქალიან-კაციანად. რაში უნდა გამოსდგომოდა მას ეს ზედაპირული დასკვნა, რომელშიც ვკითხულობთ: „აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა, ნიჭიერ, დასავლური განათლების მქონე ოფიციალურ პირებს შორის ხელისუფლების ბევრი წამყვანი პოსტი უკავიათ ქალებს. პარლამენტის სპიკერსა და 2003 წლის ვარდების რევოლუციის სულისჩამდგმელ და პარლამენტში დამაბალანსებელი ძალის მქონე ნინო ბურჯანაძესთან ერთად, საქართველომ შეიძლება იამაყოს მთავრობაში საკვანძო პოზიციებზე, მათ შორის ძალოვან სამინისტროებში ქალთა დიდი წარმომადგენლობით. ჩვენს მიერ ქვემოთ მოცემულია ამ ქალთა და მათი საქმიანობის დახასიათება“.
რა „დიდი ქალთა წარმომადგენლობაა“ საქართველოს ხელისუფლებაში, ჩვენ ამ დეპეშის ავტორისგან განსხვავებით, კარგად ვიცით, მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ ბლიც-პორტრეტების ქვესათაურებია, რომელშიც შემდგენელმა დიდი ფანტაზია ჩააქსოვა. მაგალითად, ეკა ზღულაძე „ძალოვანი სამინისტროს ძალა ყოფილა, ეკა ტყეშელაშვილი - „სასამართლო რეფორმის ტვინი“, ეკა გიგაური - „ენერგიული შემსრულებელი სასაზღვრო პოლიციაში“, ანა ჟვანია - „არასამთავრობო სექტორის პატივცემული წარმომადგენელი“, ნონა წოწორია – პროკურატურის „ხავერდის ხელთათმანი“, ლალი ფაფიაშვილი - „პარლამენტის მშვიდი, მაგრამ ეფექტური წევრი“, ელენე ხოშტარია - „საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის მებრძოლი“, მაია ნადირაძე - „პარტიის სახე“, თინა ხიდაშელი - „ოპოზიციის ხმა“, ირინა ქურდაძე – „სპიკერის მარჯვენა ხელი“, ნინო ნაკაშიძე - „საქართველოს წარმდგენი საზღვარგარეთ“.
სულ თორმეტი ქალია დახასიათებული, მაგრამ მათ საკმაოდ დიდ ნაწილს საზოგადოება არ იცნობს. მიუხედავად ამისა, ამ დეპეშის კომენტარში ნათქვამია: „ჩვენი აზრით, ზემოთ ჩამოთვლილი თორმეტი ქალბატონის გამოჩენას უნდა ველოდოთ მომავალში ქართულ პოლიტიკაში. უეჭველია, რომ ისინი წამყვან როლს თამაშობენ ქართულ პოლიტიკაში (და ქართულ საზოგადოებაში, რომელიც კვლავაც პატრიარქალური და მამრობითი სქესის მიერ დომინირებულია), უზრუნველყოფენ რა რეფორმების შედეგებს, რომლებიც დადებითად წარმოაჩენენ სააკაშვილის ხელისუფლებას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თითქმის ყველა მათგანს, სააკაშვილის მთავრობის სხვა ბევრ წამყვან ფიგურასთან ერთად, მიღებული აქვს განათლება დასავლეთ ევროპაში ან შეერთებულ შტატებში“.
ამ სტრიქონების წერისას ვერონიკა ქობალია ჯერ არ ჰყავდა ჩამოყვანილი კანადიდან სააკაშვილს, თორემ განათლების ცენზზე წერა მერე გენახათ! ჩამოყვანაზე გამახსენდა და რატომ ვერ მოხვდა ამ ქალთა სიაში სალომე ზურაბიშვილი, გაურკვეველია, - თუ საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში არა - „ოპოზიციის მეორე ხმის“ სტატუსით მაინც. ენები არ იცის, თუ დასავლეთში არა აქვს მიღებული განათლება?
მთავარი მაინც ის არის, რომ ეს ქალები „უზრუნველყოფენ რა რეფორმების შედეგებს, დადებითად წარმოაჩენენ სააკაშვილის ხელისუფლებას“. ხოლო „ქართული საზოგადოება კვლავაც პატრიარქალურია“. ამ პატრიარქალურ საზოგადოებაში სახელმწიფოს ერთადერთი კაცი მართავს და ისიც მაჩოა. 2004 წელს პრეზიდენტად არჩევისთანავე სააკაშვილს დაუვიწყარი სიტყვა აქვს ნათქვამი: „იქნება საშუალო ასაკის, ახალგაზრდობისკენ გადახრილი კაბინეტი, ეს შემიძლია გითხრათ. იქნება სიმპათიური, იქნებიან შიგ ქალები, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიყვარს ქალები და იმედია, რომ ვუყვარვარ ასევე მათ“.
ამ სიტყვების ავტორი არის თუ არა სექსისტი? ნამდვილად არის, მაგრამ დღეს რობერტ სტურუას „ქსენოფობობაზე“ ხმის ჩახლეჩამდე მოსაუბრე ჯიბის ექსპერტებიდან არავის ამოუღია ხმა. თუმცა სააკაშვილმა ამ შვიდ წელიწადში იმდენი რასისტული, სექსისტური და ქსენოფობიური განცხადება გააკეთა, რომ მათ სისტემატიზაციას მთელი ინსტიტუტი დასჭირდებოდა. მაგალითად, ისეთი, როგორც „თავისუფლების ინსტიტუტია“.
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს ქალები უყვარს, მისი გარემოცვა თვით „პარლამენტის სპიკერმა და 2003 წლის ვარდების რევოლუციის სულისჩამდგმელმა და პარლამენტში დამაბალანსებელი ძალის მქონე ნინო ბურჯანაძემაც“ კი დატოვა. სალომე ზურაბიშვილზე უკვე მოგახსენეთ. თვით ელენე თევდორაძე - ადამიანის უფლებების „დედა ტერეზაც“ კი საეჭვოდ არის მიჩუმებული, თითქოს 2003 წლის შემდეგ საქართველოში ადამიანის უფლებები არ ირღვეოდეს! მაია ნადირაძეს კი 15 ათასიანი ხელფასი ენერგომარეგულირებელ კომისიაში დუმილის ფასად უღირს.
გასული შვიდი წლის დინამიკა მოწმობს, რომ ქალების რაოდენობა ხელისუფლებაში კლებულობს. დღეს 19 მინისტრიდან მხოლოდ სამია ქალი და ისინიც, სჯობს, რომ არ იყვნენ. ხალხის განსაკუთრებული „სიყვარულით“ ამ სამიდან ერთი, ციხეების მინისტრი – ხათუნა კალმახელიძე სარგებლობს. ამბობენ, რომ ვერა ქობალიას პრემიერობისთვის ამზადებენ. როგორც ჩანს, საქართველოს ეკონომიკა უკვე მდგრადი და განვითარებულია და უსაქმოდ ხომ არ იჯდება ეს ნიჭიერი და ამტანი ქალბატონი!
აშშ-ს საელჩოს პროგნოზი ჩამოთვლილი ქალბატონების პოლიტიკაში მოსვლის შესახებ მხოლოდ თინა ხიდაშელის შემთხვევაში გამართლდა, ანუ 12-დან ერთში. სხვა საკითხებშიც თუ ამგვარ პროგნოზებსა და გათვლებს აკეთებს ჩვენი „სტრატეგიული პარტნიორი“, კარგად ყოფილა მათი საქმე და ჩვენი – კიდევ უფრო უკეთესად.
დღევანდელი ვითარებით, საქართველოს ხელისუფლებაში ქალები კი არა, მათი სურნელი ტრიალებს, ოღონდ ალ პაჩინოს უსინათლო გმირისგან განსხვავებით, სააკაშვილი წასული ქალების სურნელს ვერ გრძნობს. იგი ობიექტებს ხსნის, სრიალებს, ყვინთავს… ერთი სიტყვით, საკუთარ თავს დაჰხარის. ამერიკაში კი იგზავნება და იგზავნება დეპეშები კოდური სახელწოდებით „ვინ მართავს საქართველოს“. მხოლოდ ამ ერთი დეპეშის მაგალითზე, რომელიც საქართველოში მოჩვენებითი გენდერული ბალანსის სურათს ხატავს, ნათელი ხდება, როგორ აინტერესებთ რეალური ვითარება ჩვენს ოკეანისგაღმელ მეგობრებს.