“ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ჯგუფს “ურა–ურა“ გაჰქონდა, თამილა ქუთათელაძე დავიჭირეთო“

“ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ჯგუფს “ურა–ურა“ გაჰქონდა, თამილა ქუთათელაძე დავიჭირეთო“

[ნინო მიქიაშვილი]

თბილისის საქალაქო სასამართლოში ადვოკატ თამილა ქუთათელაძის საქმის განხილვა დაიწყო. მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე, რომელიც, არცთუ შორეულ წარსულში  ადვოკატი იყო, უკვე მეორე ადვოკატს ასამართლებს - პირველი ლელა აბაშმაძე იყო. თამილა ქუთათელაძის მსგავსად მერაბ ჯორბენაძემ აბაშმაძეც თაღლითობის მუხლით გაასამართლა და 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ახლა ქუთათელაძის ჯერია, რომელიც ფინანსურმა პოლიციამ 2011 წლის 5 ივლისს დააკავა. იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ისან–სამგორის ყოფილი პროკურორის, დავით გაგნიძის პირადი პატიმარია. მისივე განმარტებით, გაგნიძე ამჟამად იმ უწყების საგამოძიებო ორგანოს უდგას სათავეში, რომელმაც ქუთათელაძეს დააკავა.

რა გზა გაიარა ადვოკატმა თამილა ქუთათელაძემ წყევლიდან თაღლითობამდე, რაშიც მას ბრალს სდებენ, ოდნავ ქვემოთ შემოგთავაზებთ. მანამდე კი გეტყვით, რომ გამომძიებლისა და პროკურორის დაწყევლისა და მუქარისთვის თამილა ქუთათელაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი დღის განმავლობაში, 2011 წლის 15 და 16 სექტემბერს მიდიოდა გამწესრიგებელი სხდომა. „ობიექტივი“ ერთადერთი მედიასაშუალება იყო, რომელიც პროცესს დაესწრო. თამილა ქუთათელაძის ინტერესებს მისივე კოლეგები, ბესარიონ ბოჭორიშვილი და გიორგი მარიამიძე იცავენ. ბრალდების მხარეს პროკურორი მერაბ ჯერანაშვილი წარმოადგენს. ქუთათელაძეს ჯორბენაძე სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით ასამართლებს, რაც სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გამოყენებით, 16 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქუთათელაძის პროცესზე მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე სხვა მოსამართლეებისგან ერთი შეხედვით იმით განსხვავდებოდა, რომ ადვოკატებს და განსასჯელებს შეურაცხყოფას არ აყენებდა, ტაქტიანად მიმართავდა, ოღონდ, რასაკვირველია, როგორც სხვა მოსამართლეები, ისიც ბრალდების მხარის პოზიციას იზიარებდა და ადვოკატებსა და განსასჯელს შუამდგომლობებს არ უკმაყოფილებდა.

ერთ–ერთი შუამდგომლობა, რომელიც დაცვის მხარემ 16 სექტემბერს ხელმეორედ დააყენა, აღმკვეთი ღონისძიების მოხსნას ეხებოდა. დარბაზში მყოფი ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ზაზა ხატიაშვილი წამოდგა და განაცხადა, “მზად ვარ ქუთათელაძის თავდებში ჩავუდგეო“, მაგრამ ეს შუამდგომლობა, ისევე, როგორც მანამდე დაყენებული არაერთი, მათ შორის პროკურორის (რომელსაც ბრალი მიკერძოებაში და არაობიექტურობაში დასდეს) და თავად მოსამართლის აცილების შესახებ, ჯორბენაძემ განიხილა და დაუკმაყოფილებელი დატოვა.

ქუთათელაძესთან ერთად თაღლითობის ბრალდებით კიდევ ორ პირს – იასონ სეხნიაშვილსა და მურად ცინცაძეს ასამართლებენ, რომლებიც ქუთათელაძისგან განსხვავებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ მიიჩნევენ.

ადვოკატმა თამილა ქუთათელაძემ ასე აღწერა მისი დაკავების ფაქტი:

„ფინანსური პოლიციის საგამოძიებო განყოფილების უფროსის, დავით გაგნიძის პირადი პატიმარი ვარ. დაკავებისას მანქანაში შემომიფრინდა  3 პირი, ჩემთვის არანაირი უფლებები არ განუმარტავთ, საერთოდ არაფერი უთქვამთ. წამოავლეს ჩემს ტელეფონებს ხელი, ისე, რომ არანაირი განმარტება არ მოუციათ. ლევან აბრამიშვილი წინ ჩამისკუპდა. ეს ადამიანი აწერს ხელს დაკავების ოქმს. 5 ივლისს, 19.40 წუთზე ფაქტობრივად დამაკავეს, თავისუფლება შემეზღუდა, თორემ, დაკავებული, რომ ვიყავი, ეს არ ვიცოდი. მითხრეს, რომ სამმართველოს უფროსთან ვიყავი დაბარებული. მათ მოტყუებით წამიყვანეს ფინანსური პოლიციის სამმართველოში და არ განმიმარტეს ჩემი უფლებები.

ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ჯგუფს „ურა–ურა“ გაჰქონდა, თამილა ქუთათელაძე დავიჭირეთო. მეხუთე სართულზე აყვანისას ვანო ჭაჭუამ მითხრა, „მე ის პროკურორი ვარ, ისან–სამგორში, აღმკვეთ ღონისძიებაზე, რომ გამოვდიოდიო“. აი, მაშინ მივხვდი რაში იყო საქმე.

მოგვიანებით გავიგე რაში მედებოდა ბრალი. მე დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს. პირები, რომლებიც დღეს განსასჯელები არიან, საერთოდ ვერ გავიგე რატომ სხედან. ეს ყველაფერი შეთითხნილია და საქმე წარმართულია სასამართლოში მხოლოდამხოლოდ ჩემი დაკავების მიზნით. მეექვსე წელია განხილვაშია წყევლის ამბავი, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა გასული აქვს და საქმე დავით გაგნიძემ ფინალამდე მისთვის სასურველი შედეგით მიიყვანა“, – განაცხადა ქუთათელაძემ.

სასამართლო სხდომაზე ჩვენთვის ცნობილი გახდა ის, რომ გამომძიებელ ვანო ჭაჭუას წინააღმდეგ, უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაწყებულია გამოძიება. ადვოკატ გიორგი მარიამიძის განმარტებით, ჭაჭუამ თამილა ქუთათელაძეს დაკავების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დაზიანებები შეტანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში შედგენილ დათვალიერების ოქმში. ამასთან, ადვოკატის თქმით, 7 ივლისს გამომძიებელი ჭაჭუა მუქარითა და ხმამაღალი ფრაზებით ცდილობდა ქუთათელაძეზე რეაგირება მოეხდინა.

2011 წლის 30 სექტემბერს, 11 საათზეა ჩანიშნული თამილა ქუთათელაძის საქმის არსებითი განხილვა. ამ დროიდან ქუთათელაძის დაცვის საქმეში ჩართვას გეგმავს ადვოკატი მალხაზ ჯანგირაშვილი, რომელიც 15–16 სექტემბერს გამართულ სხდომებს დამსწრის სტატუსით ადევნებდა თვალს.

„წყევლის ამბავი“

„წყევლის ამბავზე“ ჩემი მომზადებული ვრცელი ინტერვიუ (სახელწოდებით – ადვოკატს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება), ადვოკატ თამილა ქუთათელაძესთან, 2008 წლის 30 ივნისსს გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა, სადაც იმ დროისთვის ვმუშაობდი. გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

თამილა ქუთათელაძე: გამომძიებელი გიორგი ოთიაშვილი იმის გამო მიჩივის, რომ თურმე დამიწყევლია და ამის გამო მას მორალური ზიანი განუცდია. ვინც მიცნობს, დამემოწმება, რომ ვარ მორწმუნე ადამიანი და წყევლა საერთოდ არ ვიცი და ამას არც ვიკადრებ. ამასთან, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა მაქვს დაყენებული, რათა სამღვდელოების წარმომადგენელმა ახსნას, რომ წყევლა მაწყევრისაა და ასეთი ფაქტი რომც მომხდარიყო, გამომძიებელი ამის გამო მორალურ ზიანს ვერანაირად ვერ განიცდიდა. ასევე მიჩივის პროკურორი მიშა ხორგუაშვილი, რომელსაც თურმე დავპირებივარ, რომ ვიღაც ბიჭებს მივუგზავნი და მის თავს ვაცემინებ. 

–რა ვითარებაში დაწყევლეთ და დაემუქრეთ?

–2005 წლის დეკემბრის ბოლოს N5 საპყრობილეში გიორგი ალანიასთან ბრალის წასაყენებლად ვიყავით შესულები მე, გამომძიებელი ოთიაშვილი და ჩემი თანაშემწე გოგონა. გამომძიებელს შუამდგომლობა დავუყენე - ტექნიკური საშუალება გამომაყენებინე-მეთქი. მან თქვა, რომ არ იცოდა, რა იყო ტექნიკური საშუალება. მე განვუმარტე, რომ ეს იყო დიქტოფონი, რომელიც ციხის შესასვლელში მქონდა დატოვებული. გამომძიებელმა ვერ გაიგო, რა უნდა გაეკეთებინა და საგამოძიებო ოთახიდან გავარდა. მას უკან გავყევი. იქ ჩავიდა, სადაც მობილურ ტელეფონებს გვატოვებინებენ. ისან-სამგორის პროკურორის მოადგილეს ხმამაღლა ელაპარაკებოდა - „ვერ გავიგე, რა არის ეს ტექნიკური საშუალება და როგორ მოვიქცეო?!“  შემდეგ მომიტრიალდა და „ცოტა ხანს მოიცადეთო“, - მითხრა. ამ დროს დაახლოებით ოთხი საათი იყო.

ექვსზე საგამოძიებო ოთახებს კეტავენ. სადღაც ექვს აკლდა ხუთი წუთი, როცა ოთახში შემოვარდა პროკურორი მიხეილ ხორგუაშვილი, რომელიც მთავრალი იყო. დაკავებულისთვის ახალი ბრალი უნდა წარედგინათ, რომელზეც, არც მე ვიყავი საქმის კურსში და არც ბრალდებული. ბრალის დადგენილებას წააწერეს, რომ ექვს აკლდა ხუთი წუთი და ბრალის წაყენება დაიწყეს. გამომძიებელს და პროკურორს ავუხსენი, რომ ბრალის წაყენება აღარ ესწრებოდა, რადგან ექვსზე სპეცნაწილი საგამოძიებო ოთახიდან, მაპატიეთ, და გამოგვყრიდა და არ მოგვცემდა იმის საშუალებას, რომ ახალ ბრალს ბრალდებული გაცნობოდა, ადვოკატთან კონსულტაცია გაევლო. თან მაშინ ბრალდებულისთვის ჩვენების მიცემა სავალდებულო იყო.

გამომძიებელმა და პროკურორმა მითხრეს - „ჩვენების მიცემა სავალდებულო არ არის, მოაწეროს ხელი ბრალის დადგენილებას და თქვას, რომ ჩვენებას არ აძლევსო“. რას ჰქვია, ჩვენებას არ აძლევს?! ძალიან კარგად აძლევს-მეთქი, - მივუგე. ამასობაში ჩემსა და პროკურორს შორის შელაპარაკება მოხდა.

იქნებ, დააკონკრეტოთ შელაპარაკების დეტალები?

–პროკურორს ბრალის დადგენილება გამოვართვი და ორფურცლიანი შენიშვნა შევიტანე, სადაც გარკვევით დავწერე, რომ აუცილებელი პროცედურების გავლა ვერ ესწრებოდა და ამის გამო ბრალის წარდგენის გადადებას ვითხოვდი, ვინაიდან ამის გასაკეთებლად ხუთდღიანი ვადა კიდევ იყო დარჩენილი. ჩემი შენიშვნების შემდეგ პროკურორმა მითხრა - „მე ვარ პროკურორი! შენ აქ რას ბლატაობ?! მოაწერე ხელი და დაამთავრეო“. მას შევახსენე, რომ შენიშვნის დაწერის უფლება მქონდა, რომელსაც ვიყენებდი. ამასობაში ბადრაგს დავუძახე, პატიმარი გაიყვანეთ-მეთქი. შემდეგ პროკურატურას მივმართე, გთხოვთ, გააუქმოთ ბრალის დადგენილება, ვინაიდან საპროცესო ნორმები დაირღვა-მეთქი. პროკურატურამ წერილობით მიპასუხა – ბრალის წარდგენის დღეს არანაირი საპროცესო დარღვევა არ მომხდარა, ბრალი წარდგენილად ითვალებაო.

–რა წერია დაკითხვის ოქმში, როგორ დამწყევლაო?

–კონკრეტული სიტყვები არ წერია. დაკითხვის ოქმში მითითებულია, რომ ვითომ მე გადამიხაზია ბრალის დადგენილება, ხელი შემიშლია ბრალის წარდგენაში და შემდეგ პროკურორს შეუდგენია ოქმი, რომელიც სიმთვრალის გამო მაგიდაზე დარჩა...

ჩემს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შესახებ შემთხვევით შევიტყვე - ალანიას საქმე სასამართლოში როცა წარიმართა, საქმის მასალების ქსეროასლს ვიღებდი და მაშინ ვნახე დადგენილება. ამაზე გულის შეტევა დამემართა, სასწრაფო მყავდა გამოძახებული, ძლივს გადავრჩი. დადგენილება ალანიას საქმიდან ადვოკატის მიმართ გამოტანილი აქვს საქმის ქვემდებარეობით გადაცემის შესახებ ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორს დავით ჯაბიძეს. მან საქმე დაუქვემდებარა ამავე რაიონის სამმართველოს გამოძიებას. საერთოდ, დამწყები იურისტისთვისაც ცნობილია, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მომხდარი დანაშაული იუსტიციის საგამოძიებო დეპარტამენტმა უნდა მოიძიოს.

სასამართლო პროცესზე დაყენებული მაქვს შუამდგომლობა პროკურორ ჯაბიძის დაკითხვის შესახებ, რომელმაც უნდა განმარტოს, თუ ვისი დავალებით ან მითითებით დაუქვემდებარა N5 საპყრობილეში ე.წ მომხდარი დანაშაულის გამოძიება ისანი-სამგორის რაიონულ სამმართველოს.

ბრალი 2006 წლის დეკემბერში ანუ ერთი წლის შემდეგ წარმიდგინეს, ვითომდა მიმალვაში მყოფს. სინამდვილეში ოთხპირიან პროცესზე ერთ-ერთის ადვოკატი ვიყავი და ამ დროს თურმე გამოძიება და პროკურატურა გამწარებული მეძებდა, რომ ჩემთვის ბრალი წაეყენებინათ. ...

რას უკავშირებთ თქვენს წინაამღდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს?

–გარკვეულწილად ამას ვუკავშირებ ისან-სამგორის პროკურორის დავით გაგნიძის პირად ინტერესს ჩემს მიმართ, ვინაიდან ალანიას საქმის შემდეგ, რომელიც პრაქტიკულად მე მოვიგე, კიდევ მქონდა საჩოთირო და საბრძოლი საქმეები, რომელშიც ისან-სამგორის პროკურატურა იყო ჩართული; გაგნიძემ, ეტყობა, ეს ვერ აიტანა. ასევე ვერ აიტანა ის, რომ მიშა ხორგუაშვილი გაათავისუფლეს.

პროკურორი ხორგუაშვილი თქვენს გამო გაათავისუფლეს?

–პირადი განცხადებით წავიდა - როგორც კი ნარკოლოგიურში სიმთვრალე-სიფხიზლეზე შეამოწმეს, განცხადება დააწერინეს და პროკურატურიდან პირადი განცხადების საფუძველზე გაუშვეს, 2005 წლის 30 დეკემბერს, რადგან დარწმუნებული ვარ, პროკურატურისთვისაც მიუღებელი იქნებოდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ნასვამი პროკურორის მოღვაწეობა.

საზოგადოებრიობის, ადვოკატებისა და ადამიანის უფლებების დამცველების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების სხვადასხვა საჯარო შეკრებებზე, მათ შორის 2007 წლის ნოემბრის თვეში გამართულ აქციებზე, როგორც ადვოკატი და ადამიანის უფლებათა დამცველი, სიტყვით გამოვდიოდი და აღვნიშნავდი ცალკეულ მოქალაქეთა დარღვეულ უფლებებზე, მათ შორის იმ გახმაურებულ ფაქტზე, ოთხი არასრულწლოვანი გოგონას დაკავებას და ბრალის არასწორად წარდგენას რომ ეხებოდა. ჩემი საჯარო განცხადებები, რომ ჩვენთან არ არსებობს გამოძიება, სასამართლო, ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები, ეტყობა, ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის მუშაკებს ყურში ცუდად მოხვდათ და 10 ნოემბერს პროცესი ჩანიშნეს. ანუ, მაშინ,როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. მე კი გირაო მქონდა შეფარდებული და ეს ღონისძიება რომ პატიმრობითშეეცვალათ, ამისთვის საკმაოდ ხელსაყრელი ვითარება იყო.

ამით იმის თქმა მინდა, რომ იმ პერიოდში ჩემზე, როგორც ადვოკატზე მიმდინარეობდა დევნა და დღემდე მიმდინარეობს ზეწოლა. საკითხავია, მორალური შეურაცხყოფის მსხვერპლი მე ვარ თუ ე.წ დაზარალებული პროკურორი და გამომძიებელი, რომლებიც დღემდე აგრძელებენ მოღვაწეობას საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.