[თეონა ხარაბაძე]
პარლამენტში რამდენიმე ადამიანი უკვე გამოჩნდა, რომლებიც ამბობენ, რომ სტრატეგიული ობიექტების გასხვისებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვა კანონით უნდა იყოს გარანტირებული. ასეთი განცხადება რამდენიმე დღის წინ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა პრესაჯი.ტვ-თან საუბრისას აღნიშნა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, იგი ამ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას საქართველოში არ იმყოფებოდა და იმედოვნებს, რომ ეს საკითხი მეორე მოსმენისას მოგვარდება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი „სახელმწიფო ქონების“ შესახებ კანონში ცვლილებებს იხილავს, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ქონების პრივატიზების ფორმა, უცხოურ ბირჟებზე აქციების პრივატიზებაც იქნება. იმავდროულად, პარლამენტში შესულია „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, ნავთობისა და გაზის კომპანიის საკუთრებაში არსებული აქციების ზღვრული რაოდენობა მცირდება. კერძოდ, თუ აქამდე კომპანიის საკუთრებაში აქციების 75% უნდა ყოფილიყო, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მის საკუთრებაში მხოლოდ 50% +1 ხმის დარჩენის ვალდებულება დარჩება.
ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ექსპერტებმა უკვე გააპროტესტეს იმ არგუმენტით, რომ სახელმწიფო ინტერესების დაცვის გარანტია არ არსებობს. მაგისტრალური გაზსადენი და რკინიგზა რომ ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტებია, ამას იგივე აშშ-ს დეპარტამენტის მხრიდან გაკეთებული არაერთი განცხადება ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ, რამდენიმე წლის წინ, როდესაც პირველად გახმაურდა მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის საკითხი, მაშინ აშშ ამის კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა და საქართველოს გრანტიც კი მისცეს, რათა ამ ობიექტის რეაბილიტაცია მოეხდინა და მისი გაყიდვა ამ არგუმენტით არ მომხდარიყო.
ექსპერტები თვლიან, რომ ხელისუფლებამ რამდენიც უნდა ამტკიცოს, რომ ეს ობიექტები სტრატეგიული არ არის და სათანადო ნუსხიდან ამოიღოს, ცხადია, სტრატეგიულ ობიექტებად რჩება და არ შეიძლება, სახელმწიფომ ამაზე კონტროლი დაკარგოს.
„მე არაერთხელ მითქვას და ახლაც ხაზს გავუსვამ, რომ იმპირობებში, რა პირობებშიც არის საქართველო მოქცეული - როდესაც არის ამდენი სერიოზული მტერი, მე ამ სიტყვას ხმამაღლა ვამბობ, რადგან ვიცით რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ვიცით, ვინ არის ყველაზე სერიოზულად დაინტერესებული თუნდაც გაზსადენის, ან რკინიგზის შესყიდვით, ბუნებრივია, ეს ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი გადაწყვეტილებაა,“ - აცხადებს ექსპერტი ლადო პაპავა.
ხელისუფლების არგუმენტი კი ის არის, რომ საკონტროლო პაკეტი არ გასხვისდება. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ამისთვის უნდა არსებობდეს საკანონმდებლო გარანტია და მხოლოდ ზეპირი განცხადებები ვერაფერს შეცვლის.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ამის გარანტია კანონში უკვე არსებობს და ეს არის ის ჩანაწერი, სადაც საუბარია, რომ ნავთობკორპორაციის აქციათა 50%+1 ხმას უნდა ფლობდეს სახელმწიფო.
ექსპერტები კი თვლიან, რომ თავისთავად, ეს ჩანაწერი არ შეიძლება გარანტია იყოს, რადგან შეიძლება, სახელმწიფომ ხვალ ჩათვალოს, რომ საკონტროლო პაკეტის ფლობა ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე არ არის აუცილებელი და ეს ჩანაწერიც შეცვალოს.
თუკი ხელისუფლების განცხადებების დინამიკას გავითვალისწინებთ, ეს საკმაოდ ადვილი შესაძლებელი ჩანს. ყოველ შემთხვევაში, როდესაც მაგისტრალური გაზსადენი სტრატეგიული ობიექტების სიიდან ამოიღეს, ამბობდნენ, რომ ამის გაყიდვა არ მოხდებოდა. მერე გილაურმა თქვა, რომ აქციათა მხოლოდ 10%-ს გაიტანდა საფონდო ბირჟებზე. შემდეგ ეს 10% ჯერ 15%, შემდეგ კი 20% გახდა. ახლა კი უკვე 49%-ზეა საუბარი.
მეორე პრობლემა კი, როგორც დეპუტატი გურამ ჩახვაძე აცხადებს, არის ის, რომ უცნობია, ეს 49% ხელისუფლებას საფონდო ბირჟაზე რა პირობით გააქვს.
„საზოგადოების შიშს იწვევს ის, რომ არ ვიცით, რაში მდგომარეობს ხელისუფლების პოლიტიკა და ეს 49% რა პირობებით გააქვთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ შეიძლება გაიყიდოს რაიმე ობიექტის აქციათა 25%, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს იქნება დამბლოკავი პაკეტი და რაც არ უნდა საკონტროლო პაკეტს ფლობდე, თუ რომელიმე კომპანია აქციებს ამ პირობით იყიდის, მაშინ მის გარეშე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ. ამიტომაც ვამბობ, რომ საჭიროა, ვიცოდეთ, ხელისუფლებას აქციათა 49% რა პირობებით გააქვს,“ - განაცხადა გურამ ჩახვაძემ.
მან მოითხოვა, რომ მთავრობა მივიდეს პარლამენტში და ამ საკითხებთან დაკავშირებით დეპუტატებს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდოს. მაგრამ ჩახვაძის მოთხოვნას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე არავინ გამოეხმაურა.
გარდა ამისა, ისიც უნდა ითქვას, რომ მაგისტრალური გაზსადენის გარდა პრობლემად რჩება რკინიგზისა და ფოსტის საკითხი. თუკი გაზსადენთან დაკავშირებით რაიმე კანონი მაინც არსებობს, რკინიგზასთან დაკავშირებით მსგავსი არაფერი არ არის და, როდესაც საუბარია გარანტიების კანონმდებლობაში ჩაწერაზე, ხელისუფლება გაკვირვებს გამოთქვამს ჩანაწერი არარსებულ კანონში როგორ ჩაწეროს.
თუმცა, როგორც მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, ეს საკითხი მეორე მოსმენისას კანონმდებლობაში აუცილებლად აისახება. თუმცა, ეს როგორ მოხდება, ჯერჯერობით უცნობია.
როგორც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მელაძე აცხადებს, „შპს „საქართველოს რკინიგზის“ პრივატიზებისას სახელმწიფოს გარანტიებზე მთავრობა და პარლამენტი კონსულტაციებს გადიან“.
მთავარი კი ის არის, რომ ამაში პრობლემას თავად უმრავლესობის წარმომადგენლებიც ხედავენ და ექსპერტების შეფასება არც ისეთი „უაზრო“ ყოფილა, როგორც მას აქამდე ხელისუფლების ერთი ნაწილი მიიჩნევდა.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ რკინიგზის აქციების პრივატიზებისას საკონტროლო პაკეტის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენის გარანტია ჩაიდება კანონმდებლობაში, ფოსტის საკითხი მაინც ღიად რჩება.