ირაკლი მელაშვილი: მოგმართავთ ყველა მედია საშუალებას წარმოადგინოთ მტკიცებულება ამ უდიოჩანაწერებში ჩემი მონაწილეობის თაობაზე

ირაკლი მელაშვილი: მოგმართავთ ყველა მედია საშუალებას წარმოადგინოთ მტკიცებულება ამ უდიოჩანაწერებში ჩემი მონაწილეობის თაობაზე

 

მელაშვილი მედიას აუდიოჩანაწერში მისი მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენას სთხოვს. კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრი, ირაკლი მელაშვილი მედიის საშუალებით გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს რომელშიც  ის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ წარმომადგენელს გუბაზ სანიკიძეს ესაუბრება ცრუ ინფორმაციას უწოდებს.

მისივე თქმით, აღნიშნული მასალა მედიასაშუალებებმა აუდიტორიას როგორც უტყუარი ფაქტი, მტკიცებითი ფორმით, მისი გვარის და სახელის მოხსენიებით და ფოტოს გამოყენებით მიაწოდეს და აღნიშნა, რომ ამან მისი პატივისა და ღირსების შელახვა გამოიწვია.

ამიტომ ის მედიასაშუალებებს მიმართვას, წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომელიც ამ შეცდომას გამოასწორებს.

„მოგმართავთ ყველა მედია საშუალებას, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას მიაწოდა აღნიშნული მასალა, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება - ან წარმოადგინოთ მტკიცებულება ამ საუბარში ჩემი მონაწილეობის თაობაზე, ან გამოასწოროთ შეცდომა და იმავე დროს, იმავე ფორმატში, რომელშიც იქნა გაშუქებული აღნიშნული ჩანაწერი, მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მე ვარ ამ ჩანაწერში მოსაუბრე ერთ-ერთი პირი“-აცხადებს ის.

გარდა ამისა, კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელს განზრახული აქვს იბრძოლოს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო სასამართლოში, რათა მისი პატივისა და ღირსების შემლახველებს მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ფინანსური სანქციები დაეკისროს.

მედიაში გუშინ  გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, რომელშიც ირაკლი მელაშვილად და გუბაზ სანიკიძედ მოხსენებული პირების პრივატული საუბრებია ასახული.