გურამ ნიკოლაშვილი: ისევე, როგორც ქართული ოპოზიციური სპექტრი, დასავლური წარმომადგენლობები დუმან, რა ჯობს ხვალ და ზეგ, აქეზებენ დესტრუქციულ პოლიტიკას, რაც უკვე ვეღარ იმალება, მკაფიოა ეს პოზიცია

გურამ ნიკოლაშვილი: ისევე, როგორც ქართული ოპოზიციური სპექტრი, დასავლური წარმომადგენლობები დუმან, რა ჯობს ხვალ და ზეგ, აქეზებენ დესტრუქციულ პოლიტიკას, რაც უკვე ვეღარ იმალება, მკაფიოა ეს პოზიცია

ჩვენ ვნახეთ ერთგვარი დეტოქსი რუსთაველზე, ამას არ შეიძლება, შიმშილობა დაერქვას, მაგრამ ძალიან მისასალმებელია, რომ მან ეს აქტი შეწყვიტა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.

"პირველად ვნახეთ ასეთი ხანმოკლე შიმშილობა, თუ ამას შიმშილობას დავარქმევთ და პირველად ვნახეთ, რომ ეს აქტი მიმართული იყო საკუთრივ ოპოზიციის მიმართ. ჩვენ ვნახეთ ერთგვარი დეტოქსი რუსთაველზე, ამას არ შეიძლება, შიმშილობა დაერქვას, მაგრამ ძალიან მისასალმებელია, რომ მან ეს აქტი შეწყვიტა. აქ მესამე ფაქტორიც გამოჩნდა და ეს იყო გერმანიის ელჩის როლი, რომელმაც, მე მგონი, პირველად საქართველოს ისტორიაში, მოინახულა მოშიმშილე და ერთგვარი თანაგრძნობა გამოუცხადა, მაგრამ საერთოდ არც კი გაახმიანა, არც შემდგომ კომენტარში და არც მერე, ამას რომ მოჰყვა გარკვეული კრიტიკა, რომ იცი, რაღაცნაირად შეწყვიტოს ამ ადამიანმა შიმშილობა, იქნებ სხვა გზას მივმართოთ. საერთოდ, დასავლური წარმომადგენლობები დუმან აგრეთვე, ისევე, როგორც ქართული ოპოზიციური სპექტრი იმასთან დაკავშირებით, თუ ხვალ და ზეგ რა ჯობს. ისინი მხოლოდ დაკავებული არიან, გარკვეულწილად, როგორც დონორები, თავისივე კრეატურის, ამ პარტიებად წოდებული ჯგუფების მხარდაჭერით. ანუ, პრაქტიკულად, ისინი აქეზებენ და ახალისებენ მათ დესტრუქციულ, შეიძლება ითქვას, ექსტრემისტულ, ანუ მარგინალურ პოლიტიკას, რაც უკვე ვეღარ იმალება, ძალიან მკაფიოა ეს პოზიცია. ეს უკვე რეალურად სცდება დიპლომატიური მისიის ფარგლებს", – განაცხადა ნიკოლაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც "ლელომ" გააკეთა შეთავაზება, დაწყებულიყო დიალოგი არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის შესახებ, ოპოზიციური სპექტრიდან მიიღო კრიტიკა, როგორ ბედავენ ამას.

"ის, რომ დამსხდარიყვნენ და შეწონვა მომხდარიყო ამ არგუმენტაციის, ჩვენ არ გვინახავს. ვიღაც ანალიტიკოსი რომ სტატუსს დაწერს "ფესიბუქზე", ეს ხომ არ არის დისკუსია? საჭიროა, საზოგადოებამ, მათმა ამომრჩეველმა ეს იხილოს", – აღნიშნა ნიკოლაშილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რის მანიშნებელია მისთვის ამ დისკუსიის არარსებობა ამ სივრცეში, თუნდაც ოპოზიციურ სპექტრში, გურამ ნიკოლაშვილმა განაცხადა, რომ ამ ძალების დიდი ნაწილი არის ერთგვარად სპირალში შესული.

"ის 800 000 ხმა, რაც მათ მიიღეს, არ იყო საკმარისი 51%-ის მისაღებად, მაგრამ მათ ძალიან სერიოზული წარმომადგენლობა მიიღეს, 46% ჰქონდათ პარლამენტის, არჩევნებში მიღებული ხმები, რაც ნიშნავს იმას, რომ ხმების 2/5 იყო მათი. ამ პირობებში ვერანაირ ავტორიტარიზმზე ვერ იქნებოდა ლაპარაკი, მაგრამ შენ როდესაც ჰპირდები გამარჯვებას შენს ამომრჩეველს, ქმნი ამ ცრუ მოლოდინს, გაქვს რაღაც იმედი, შემდეგ ამაზე აკეთებ მთელ ფსონს და ამავე დროს მთელი შენი პოლიტიკური ბიოგრაფიით შემჩნეული ხარ ერთგვარ დესტრუქციაში, ბუნებრივია, მათთვის ეს ძალიან მომხიბლავია. მათი გენეზისი იწყება რევოლუციით, რევოლუცია და უმცირესობის მმართველობა დევს მათ პოლიტიკურ დეენემში. აქედან გამომდინარე, მათ მუდმივად სურთ გამარჯვება, რადგან მათთვის მთავარი არის გამარჯვება. გამარჯვება არ არის მთავარი. მთავარი არის ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში მონაწილეობა და ამით უზრუნველყოფა ამ ქვეყნის რაღაც მიმართულების, სად მივდივართ, როგორ მივდივართ. მაყურებელმაც უნდა იცოდეს, რომ ოპოზიციაც ჩვეულებრივად ხელისუფლების ნაწილია, რადგან ოპოზიციის გარეშე სრულად ხელისუფლება არ დგება", – განაცხადა ნიკოლაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ხომ არ შეინიშნება გარკვეული დაბნეულობა, მათ შორის, ოპოზიციაში, იგივე თუნდაც სამოქმედო გეგმის არარსებობასთან დაკავშირებით, გურამ ნიკოლაშვილმა განაცხადა, რომ ეს სიტყვები სამოქმედო გეგმა არ არის – რას ვშვებით ხვალ – არის ყოველდღიური ბატიბუტი, რასაც ერთმანეთს აჭმევენ.

"ადამიანებს აქვთ განცხადებული მიზანი, ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლებაო. ისინი არ იძახიან, რომ ჩვენ უნდა ვმონაწილეობდეთ პოლიტიკურ პროცესში, უნდა ვემუშაოთ ამომრჩეველს, უნდა გავზარდოთ ნდობა და ასე შემდეგ, მათ ნულოვანი თვითკრიტიკა აქვთ", – განაცხადა ნიკოლაშვილმა.

შეკითხვაზე, რას ნიშნავს ნიკა გვარამიას პოზიციონირება, როცა ის დღეს სოციალურ ქსელში წერს, რომ რევოლუცია მოდის, გურამ ნიკოლაშვილმა აღნიშნა, რომ ნიკა გვარამია არის ქრესტომათიული პერსონაჟი.

"თუ გინდა გარკვეული პროცესის საბოტირება, პროცესის ჩაშალა და თუ გინდა, ეს შეძლო რაღაც სპეციალური აგენტით, ამის ქრესტომათიული მაგალითი არის ნიკა გვარამია; რაც მან გაუკეთა ჯერ ქართულ მედიას და ჟურნალისტიკას, შემდეგ – პოლიტიკურ ველს, არის კლასიკური მაგალითი, პირდაპირი აგენტია და ის ეწევა ამ საბოტირებას. ამას დადებითი ის აქვს, რომ ეს, გარკვეულწილად, ქართულ ელექტორატს ზრდის", – განაცხადა ნიკოლაშვილმა.

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, ის მიეკუთვნება „ქართული ოცნების“ იმ მხარდამჭერებს, რომელსაც არ უნდა, ამ ადამიანებმა მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, რადგან 12 წელია, საზოგადოება ამ დაუსრულებელ იწილო-ბიწილოს უყურებს.

"პირველ რიგში, პრობლემა არის მათი პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც მხოლოდ რუსოფრენიით არის გაჟღენთილი, მეტი არაფრით. მათ მეტი ვერანაირი დღის წესრიგი ვერ შეიმუშავეს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, ან კომპეტენცია არ ჰყოფნით, ან სხვა რაღაც უჭირთ", – განაცხადა ნიკოლაშვილმა.