ამ ქვეყანაში ყველაფერთან ერთად შვებულებების დეფიციტია

ამ ქვეყანაში ყველაფერთან ერთად შვებულებების დეფიციტია


წლევანდელი ზაფხული უამრავმა ადამიანმა ოფისებსა და ორგანიზაციებში გაატარა. მათ კუთვნილ დასვენებაზე ფიქრი გულშიც კი ვერ გაივლეს.
ბევრი მოსამასახურის განცხადება დასვენებაზე ხელმოუწერელი დარჩა. უფროსების “დამსახურებით” მათ მთელი ზაფხულის განმავლობაში ოფისში მოუწიათ ყოფნა. ვინც კი შვებულებაში გასვლა მოახერხა, ისიც მხოლოდ რამდენიმე დღით ან უხელფასო კვირეულით.

საჯარო სექტორში დასაქმებულთა უმრავლესობამ აწ უკვე გასული ზაფხულის განმავლობაში შვებულება ვერ მიიღო, ზოგს კი სულ რამდენიმე დღე მისცეს დასასვენებლად. მიზეზად კადრების სიმცირე, სტრუქტურული ცვლილებები, მოვალეობათა გადანაწილება, რეორგანიზაცია და სხვა მსგავსი აქტივობა სახელდებოდა.

სამსახურის დაკარგვის შიშით კი ბევრმა დასაქმებულმა ვერ მოსთხოვა უფროსებს მიეცათ დასვენების საშუალება. მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მსგავს სიტუაციებში დასასვენებლად წასვლა თავისთავად გულისხმობდა სამსახურზე უარის თქმას.  
შვებულებაზე პრობლემები კერძო სექტორში დასაქმებულ ხალხსაც შეექმნა. ეს მდგომარეობა კადრების მასობრივად შემცირებამ გამოიწვია. ყველა კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ერთი ადამიანის თუნდაც დასასვენებლად წასვლაც კი კომპანიის მუშაობას აფერხებს.

დამსაქმებლების კიდევ ერთი ხრიკი თანამშრომლების უხელფასო შვებულებაში გაშვება იყო. ანაზღაურებადი დასვენება უკვე ბევრი ადამიანისათვის გახდა სანატრელი. თუმცა, ამ შემთხვევაშიც იმდენად დიდია სამსახურის დაკარგვის შიში, რომ პრეტენზიის გამოთქმას უმრავლესობა ერიდება.

“მე კერძო კომპანიაში ვმუშაობ, მაგრამ მაინც შემექმნა პრობლემა შვებულებაზე. სამი სამუშაო დღე ძლივს გაიმეტეს. მაინცდამაინც აგვისტოში დანიშნეს ყველანაირი თათბირი, კონფერენცია, ტრენინგი, რომ თანამშრომლები შვებულებებში არ წასულიყვნენ. ივლისში მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა. აგვისტოს დასაწყისიდან თვის ბოლომდე კი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე დატვირთვული დღეები გამოდგა.

ჩემი ტრენინგები რომ მორჩა, მაშინ უკვე მკაცრად მოვითხოვე დასვენებისთვის რამდენიმე დღე. მითხრეს, სამ დღეს მოგცემთ, მაგრამ მიყოლებით ვერაო. რა თქმა უნდა, ამაზე არ დავთანხმდი და ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ავიღე დასვენების დღეები. შაბათ-კვირის ჩათვლით ხუთი დღით მოვახერხე თბილისიდან გასვლა. 
უკეთესი იქნებოდა, უფრო მეტი დრო რომ მქონოდა, მაგრამ ისე გამოვიდა, ამ სამ დღეზეც მადლობელი ვიყავი. სხვებმაც ასე ძალით მოაწერინეს ხელი უფროსს ხელი რამდენიმედღიან შვებულებაზე. ჩვენ გარდა აგვისტოში სრული დატვირთვით, მგონი, არავინ მუშაობდა”, -აღნიშნა თბილისელმა კობა ბერძენიშვილმა.

ბოლო დროს კომპანიებმა წარმატებით დანერგეს უხელფასო შვებულებების მეთოდი. ეკონომიკური კრიზისის საბაბით ამა თუ იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელები ბოლო დროს ამ მეთოდს ხშირად მიმართავენ. კერძო კომპანიებში ამასთან დაკავშირებულ საკითხებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეს კონკრეტული კომპანიის შიდა ინფორმაციაა, რისი გავრცელების უფლებაც მათ, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებს, არ აქვთ.

კერძო კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი ამბობს, რომ შარშან მათი შვებულება არ ანაზღაურებულა და თანხის მიღების მოლოდინი არც წელს აქვთ. არადა, წელიწადში ერთხელ შვებულების მოთხოვნის უფლება ყველა დასაქმებულს აქვს.

პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით, წელიწადში ერთხელ ყველა დასაქმებულ პირს ეკუთვნის ანაზღაურებადი შევებულება. მთავარია, ადამიანმა იცოდეს თავისი უფლებები თუ რა ეკუთვნის და რისი უფლება აქვს მას. პეტრიაშვილი არ უარყოფს, რომ ამ მხრივ ქვეყანაში არის დარღვევებიც, თუმცა მათი ჩარევით ეს პრობლემა გადაწყვეტილა. 

“როდესაც დასაქმებულის შრომითი უფლება ირღვევა, აუცილებლად მოგვმართოს და ჩვენ დავეხმარებით. ასეთი შემთხვევა რამდენიმეჯერ დაფიქსირდა, რაზეც გვქონდა მყისიერი რეაქცია და შედეგიც მივიღეთ. მზად ვართ, ყველა ადამიანს გავუწიოთ მხარდაჭერა, ვისი შრომითი უფლებაც ირღვევა", - ამბობს პეტრიაშვილი.