ხუთდღიანი ომის შემდეგ ოსებმა თვალი ყაზბეგის რაიონსაც დაადგეს. ერთხანს ინფორმაციაც კი გავრცელდა, თრუსოს ხეობაში გარკვეული ანტიქართული პროვოკაციების შესახებ. თუმცა, ხეობაში ოკუპანტების არანაირი მანევრები არ დაფიქსირებულა.
მტერი „გაღმა შეედავეს“ პრინციპით არჩევს მოქმედებას. გათავხედებულმა სეპარატისტებმა ბორჯომ–ბაკურიანზეც კი გამოთქვეს პრეტენზიები. ხოლო, ცხინვალში გამართულ მრგვალ მაგიდაზე „სამხრეთ ოსეთი - აღიარებამდე და აღიარების შემდეგ“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იური ძიცოითმა განაცხადა, რომ „არქივში 1935 წლით დათარიღებულ ერთ დოკუმენტს გაეცნო, რომელიც ამტკიცებს, რომ ტერიტორია, რომელიც სამხრეთ ოსეთს დასავლეთით, სამხრეთითა და აღმოსავლეთით ეკვრის, ოსებით იყო დასახლებული“:
„1935 წელს სსრკ-ის რუქების მომზადების მიზნით კომისია იყო შექმნილი. ამასთან, არსებობდა თითოეული ეთნიკური წარმონაქმნის ქვეკომისიებიც, მათ შორის - ჩვენთანაც. არქივში ერთი 18-გვერდიანი დოკუმენტი წავიკითხე - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დასახლებული პუნქტების სია არა ეთნოგეოგრაფიული გაგებით, არამედ როგორც პოლიტიკური წარმონაქმნისა.
ასე რომ, ისინი 1935 წელს ჯერ კიდევ თვლიდნენ, რომ ონის, საჩხერის, დუშეთის, ქარელისა და გორის რაიონები სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში შედიან“.
ძიცოითის თქმით, „საბჭოთა ხელისუფლებამ ამ საზღვრებში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შემთხვევით არ მოაქცია“.
„ის, რომ სამხრეთ ოსეთს ეს ტერიტორიები ჩამოაჭრეს, სხვა საკითხია. იქ მოხდა ეთნიკური ასიმილაცია, 1920 წლებში კი გენოციდის დროს ოსები იქედან გამოაძევეს და ეს ფაქტია. სამხრეთ ოსეთის საზღვრები გაცილებით ფართო იყო“, - განაცხადა დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
ამავე დროს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იქმნება „ოსეთის სახალხო ფრონტი“, რომლის ორგანიზატორებიც ემხრობიან რუსეთთან ცხინვალის რეგიონის მიერთებას. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც „ოსეთის სახალხო ფრონტის“ შექმნა სურს, ეწოდება „რუსეთი-ოსეთი“.
კვირას ცხინვალში გაიმართა „რუსეთ-ოსეთის“ პირველი სხდომა. სხდომის ერთ-ერთმა მონაწილემ, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტში დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის წარმომადგენელმა ტარზან კოკოითმა განცხადა:
„ცოტა ხნის წინ რუსეთში თვით (პრემიერ-მინისტრ) ვლადიმირ ვლადიმირ ძე პუტინის მიერ იქნა ორგანიზებული სახალხო ფრონტი. ამ ფრონტთან არსებობს „ინტერნაციონალი“, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, მას შევუერთდეთ და თან დავაყენოთ საკითხი უკვე ამ სახალხო ფრონტის ჩარჩოებში.
ანუ, ჩვენს მიერ დღეს იქნა ორგანიზებული „სამხრეთ ოსეთის სახალხო ფრონტი“ და ვთხოვთ ჩრდილოეთ ოსეთის ხალხს, შემოგვიერთდეს, შევიმუშავოთ საერთო გეგმა და ვიმუშაოთ ერთ საკითხზე - რუსეთის ფედერაციასთან მიერთებაზე“.
ცხინვალში გამართული სხდომის მონაწილეების განცხადებით, „ოსეთის სახალხო ფრონტის“ შექმნის ინიციატივას არაფერი აქვს საერთო წინასაარჩევნო კამპანიასთან და პარტიებს შორის ურთიერთობასთან.
ამ კონტექსტში მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს თვითონ ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ წარმოშობის ისტორია, რაც დღევანდელობის ბევრ საჭირბოროტო კითხვას ამომწურავ პასუხს სცემს.
ვასილ კვირიკაშვილი, „ექსპერტთა კლუბის“ წარმომადგენელი: „1922 წლის აპრილში ქართველმა კომუნისტებმა, მოსკოვიდან მიღებული ბრძანების თანახმად, ოსებს აჩუქეს საქართველოს ოდინდელი მიწების ნაწილი, რომელზეც შეთითხნილი იქნა „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მანამდე ისტორიას არ ახსოვს არანაირი „სამხრეთ ოსეთი“ - არც როგორც გეოგრაფიული, არც როგორც პოლიტიკური ერთეული.
ოსების ისტორიული სამშობლო, „სამხრეთის“ ფონზე გადარქმეული , „ჩრდილოეთ ოსეთი“, მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში და საქართველოსა და ოსეთის შორის ყოველთვის გადიოდა ბუნებრივ ზღვარზე დიდი კავკასიური ქედის სახით. ამას არ უარყოფს ოსების ყველაზე ცნობილი მეცნიერი ვასილი აბაევი („Независимая газета“, 1992წ., №13).
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი - ბოლშევიკების „ნაციონალური პოლიტიკის“ ნაყოფია, რაც კარგად არის ცნობილი აბაევისათვის. ეს კარგად არის ცნობილი სხვა ოსებისთვისაც, მაგრამ მათ სურთ ისარგებლონ საქართველოს დროებითი გაჭირვებით და მიითვისონ ტერიტორიები. ამ ამოცანას ოსებს უადვილებს ზურგს უკან მდგარი რუსეთი, რომელმაც ზუსტად ქართველებზე კონტროლის დასაწესებლად აამუშავა თავის დროზე ე.წ. „სამხრეთ-ოსური“ პროექტი.
ცნობილია, რომ მე-XIX საუკუნემდე წერილობით წყაროებში - ქართული, რუსული და სხვ. - არ არის დაფიქსირებული არც ერთი შემთხვევა, სადაც გამოყენებული იქნებოდა ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და საერთოდ, ოსეთის დაყოფა სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნაწილებად. პირველად ასეთი გამონათქვამი წერილობითი სახით გამოცხადდა XIX საუკუნის 30-ან წლებში და მაშინაც ძალიან იშვიათად იხმარებოდა. ამაზე მოწმობენ ოსი ავტორების მიერ გამოცემული ქართული, რუსული და სხვა უცხოური ისტორიული მოწმობების, დოკუმენტების და პუბლიკაციების კრებულები, რომლებიც შედგენილია მე-XIX საუკუნეში პრესაში დაბეჭდილი სტატიებისა, ასევე რევოლუციამდელი ქართული პრესის ანალიტიკურ-ბიბლიოგრაფიული გამოკვლევების საფუძველზე.
ამ ფონზე გასაგებია, რატომ ეუცხოებათ ეთნიკური ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ ისეთ დიდ კავკასოლოგებს, როგორებიც იყვნენ აკადემიკოსი ნ.დუბროვინი, პროფესორები მ. კოვალევსკი, ვ. მილერი, პ. უვაროვა, ლ. ზაგურსკი, რომელთათვისაც ოსეთი არის ქვეყანა, რომელიც მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის იქით, ხოლო ოსური დიასპორის შიდა ქართლში გამოჩენა - არის მიწამცირეობის და ისტორიული უბედურებათა შედეგი, რომელიც ირონებს თავს დაატყდა 17-19 საუკუნეებში.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიული სოფლების ბაზაზე ჯერ დისტანცირების, შემდგომში კი ოლქების ფორმირების ფაქტები უნდა შეფასდეს როგორც მტაცებლური პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებდა რუსეთი მთიელი ხალხის მიმართ.
საქართველოს ტერიტორიაზე მე-19 საუკუნის 40-იან წლებში ოსეთის ოლქის დაარსება, რომელიც ატარებდა სხვა ქვეყნის დასახელებას, წარმოადგენდა შორს გამიზნული პოლიტიკური გეგმების განხორციელების პრინციპებს – „გათიშე და იბატონე“, ვინაიდან თავის დროზე „ოსეთის ოლქი“ უნდა გამხდარიყო ქართველებსა და ოსებს შორის კონფლიქტის გაღვივების პლაცდარმი.
მეფის მთავრობის ამგვარ პოლიტიკაზე მიუთითებს თავის ნაშრომში ოსი მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე ა. გალაზოვი – „ერთის მხრივ ცარიზმს არ სურდა, რომ სამხრეთელი ოსები მთლიანად გათქვეფილიყვნენ ქართველ ხალხში. ყოველი შემთხვევისათვის უნდოდათ შეენახათ სამხრეთ ოსეთი როგორც თავისებური პლაცდარმი, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა განეხორციელებიათ სათანადო ზეწოლა ურჩ ქართველ მმართველებზე (ა. გალაზოვი, „ხალხი-ძმები. ენები-ძმები“, ორჯონიკიძე, 1987).
მოგვიანებით, ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" იურიდიულად დაკანონებული იქნა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის და სახალხო კომისრების საბჭოს მიერ 1922 წლის აპრილში №2 დეკრეტით, რომლის მიხედვითაც საქართველოს ძირძველი პროვინცია ყოველგვარი ისტორიული და სამართლებრივი საფუძველის გარეშე გამოცხადდა „სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქად“.
აღნიშნული დეკრეტი წარმოადგენდა გასამრჯელოს იმ სამსახურისათვის, რომელიც ცენტრს გაუწიეს ოსმა ბოლშევიკებმა, რომლებმაც რუსებისვე წაქეზებით 1918-1920 წ.წ. სამჯერ მოაწყვეს აჯანყება ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ და ხელი შეუწყვეს რუსეთის წითელ არმიას საქართველოს ოკუპირებაში.
ისე რომ, მართალნი არიან ის ოსი, რუსი და სხვა მეცნიერები, რომლებიც მეცნიერულ საფუძველზე ამტკიცებენ - იმ ოსებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, არასოდეს არ შეუქმნიათ თავისი არც დამოუკიდებელი და არც დამოკიდებული პოლიტიკური ერთეული“.