ქართველი საზოგადოების აქტიური ნაწილი კვლავაც ცვლილებების მოლოდინშია. წინა წერილში შევეცადეთ დაგვესაბუთებინა, რომ ქვეყანაში არსებული პატრიმონიალური მონოკრატია საკუთარი ნებით არსებით ცვლილებებს არ განახორციელებს და ეცდება მომავალი არჩევნები რეჟიმის განსამტკიცებლად გამოიყენოს. ეს გარემოება ბევრისათვის ისედაც თვალსაჩინოა. მაგრამ უკვე საჭიროა იმის კარგად გაცნობიერებაც, რომ ძირეული ცვლილებების გარეშე გარადაუვალ ეროვნულ კატასტროფას ვუახლოვდებით. შესაძლოა, 2012 წლის შემოდგომა მართლაც საბედისწერო გამოდგეს.
მომავალ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება ნამდვილად ეროვნული კატასტროფით გვემუქრება - საქართველო დიდი ხნის განმავლობაში და, შესაძლოა, სამუდამოდაც, დაკარგავს სუვერენიტეტს. ქვეყანა გადაიქცევა მომავალი „ნეტოკრატების“ სათამაშო ფსევდოსახელმწიფოდ. ქართველ საზოგადოებას, მიუხედავად მისი პოზიცია–ოპოზიციონერობისა, ასეთ შემთხვევაში „კონსუმტარიატის“ მწარე ხვედრი ელის. დღევანდელი მმართველი კლასი კი, საუკეთესო შემთხვევაში, „ნეტოკრატების“ კლიენტის როლს უნდა დასჯერდეს.
„ნეტოკრატია“ და „კონსუმტარიატი“ პოსტინდუსტრიული საინფორმაციო ეპოქის ერთ–ერთი საკმაოდ პოპულარული კონცეფციით შემოთავაზებულ ახალ საზოგადოებრივ კლასთა დასახელებებია. ამ კონცეფციის ავტორები არიან შვედი „ნეტოაპოლოგეტები“ ალექსანდრ ბარდი და იან ზოდერქვისტი. კონცეფციის თანახმად, ინდუსტრიული ეპოქის შემდგომ დემოკრატიას ე.წ. პლურარქია, ხოლო ბურჟუაზიის ბატონობას ახალი ელიტა – ნეტოკრატია ჩაანცვლებს.
საინფორმაციო საუკუნეში მთავარი რესურსია არა კაპიტალი ან ვთქვათ - წარმოების საშუალებები, არამედ ინფორმაცია, მისი მართვის საშუალებები და ცოდნა. ნეტოკრატია, რომელიც ახდენს ინფორმაციის დისტრიბუციას იერექიულად დალაგებული საინფორმაციო–საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით, შეუზღუდავად მბძანებლობს ამ ინფორმაციის მომხმარებლებზე – კონსუმტარიატზე.
საინფორმაციო ერაში საქმიანი, კულტურული თუ პოლიტიკური კომუნიკაციები მთლიანად ქსელების მეშვეობით დამყარდება, შეიქმნება ქსელების იერარქიული პირამიდა. მმართველობითი გადაწყვეტილებები არა სამთავრობო კაბინეტებში, არამედ ვირტუალურ ქსელებში მიიღება. შედეგად, ბოლო მოეღება ე.წ. „მაჟორიტარულ“ დემოკრატიას – უმრავლესობის მმართველობას. პარლამენტარები, სხვა არჩევითი წარმომადგენლები, პოლიტიკური სახელმწიფო ინსტიტუტები მხოლოდ დეკორაციის როლს შეასრულებენ და ნეტოკრატიის გაბატონებული ნების ფორმალიზებას მოახდენენ.
ვირტუალური ქსელებისათვის ფიზიკური საზღვრები არ არსებობს. ქსელები გლობალურია და დედამიწის ყოველ ადგილას, ნებისმიერ დროს მუშაობს. სხვადასხვა ინტერესების მიხედვით ფართო მოხმარების ქსელებში გაერთიანება შეუზღუდავია, ყოველ ქსელს თავისი „დემოკრატიული“ ძალაუფლებითი სტრუქტურა აქვს. შეღწევადობის და ინტერაქტიური ტრანზაქციების საყოველთაობა ქმნის ილუზიას, რომ ფართო მოხმარების ქსელში ყველა თანასწორი და უხილავი ძალაუფლების თანაზიარია. ფართო მოხმარების ქსელები მრავლადაა და ამიტომ მთლიანად გლობალური საზოგადოება პლურარქიული გახდება.
სამომავლოდ ნებისმიერი სამოქალაქო თუ პოლიტიკური ტრანზაქცია ქსელურია და უმრავლესობა – კონსუმტარიატი, ამ მასობრივი ქსელების მოხმარებით საზრდოობს. მაგრამ მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღება და მათზე ზემოქმედება მხოლოდ გამორჩეული მობილური უმცირესობისათვის, არა ფართო, არამედ ექსკლუზიური ქსელის წევრებისათვის – ნეტოკრატებისათვის შეიძლება. ექსკლუზიური ქსელები კონსუმტარიატისათვის მიუწვდომელი და მოუხელთებელია, რადგან ასეთი ქსელის წევრობას განსაკუთრებული, უნიკალური უნარები და ცოდნა, გამორჩეული ინფორმირებულობა სჭირდება.
კონსუმტარიატს არჩევანის უფლება წართმეული აქვს – იგი დაუფიქრებლად მოიხმარს იმას, რასაც მასობრივი ქსელი სთავაზობს, ხოლო ასეთი ქსელის გარეშე არსებობა შეუძლებელი ხდება. არჩევანის გაკეთება მხოლოდ ნეტოკრატს ძალუძს.
ნეტოკრატის მთავარი უნარია ინფორმაციის და კომუნიკაციის ყველაფრის წამლეკ ნაკადში ნამდვილად ღირებული რამ აღმოაჩინოს, რაც უკიდეგანო ოკეანეში უნიკალური წვეთის პოვნას წააგავს. ეს კი რჩეულთა ხვედრია და შეუძლებელია კონსუმტარიატისათვის. ინფორმაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობა მხოლოდ ილუზიაა, რადგან მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის პოვნა, საჭირო კომუნიკაციის გამონახვა და ღირებული ინფორმაციის ექსლუზიური მოხმარება მხოლოდ ნეტოკრატებს ხელეწიფებათ. ნეტოკრატების „ბუნებრივი შერჩევა“ მასობრივი მოხმარების ქსელებშივე ხდება, კონკურენციული შერჩევის დაუწერელი წესები საჯარო არ არის, თუმცა მათი „აღმოჩენა“ ქსელშივეა შესაძლებელი. უკიდეგანო ოკეანეში ღირებული ინფორმაციის საპოვნელად, საჭირო კომუნიკაციის დასამყარებლად აუცილებელი ცოდნა ერთადერთი საშვია ექსკლუზიურ ქსელში შესაღწევად.
ცხადია, ეს მომავლისადმი ერთგვარად რადიკალური შეხედულებების გამომხატველი კონცეფციაა, მაგრამ უთუოდ საყურადღებო, რადგან ეპოქის სულს და მიმდინარე ცვლილებების ხასიათს გამოხატავს. პოსტიუნდისტრიულ საზოგადოებებში დემოკრატიის კრიზისი თვალსაჩინოა. მართლაც, საყოველთაო არჩევნები წამყვან დემოკრატიულ სახელმწიფობში სულ უფრო მეტად ემსგავსება უმაქნის შოუს, რომელსაც რეალურად არაფრის შეცვლა აღარ შეუძლია. საზოგადოების მომავლის განმსაზღვრელი ფუნდამენტური გადაწყვეტილებები ასეთ არჩევნებზე უკვე აღარ მიიღება. პოლიტიკური პარტიები სულ უფრო მეტად ემსგავსებიან ერთიმეორეს და საზოგადოებას განსხვავებულ ალტერნატივებს ვეღარ შესთავაზებენ. სახელმწიფო ძალაუფლების „გაბნევა“ და პლურარქია პოლიტიკური განვითარების მთავარი ტენდენციები ხდება. ამა თუ იმ სფეროში მმართველობით გადაწყვეტილებებს ვიწრო, ქსელურად ორგანიზებული, მერიტოკრატიული ელიტა იღებს, რომელიც გაუთვითცნობიერებელი უმრავლესობისათვის სულ უფრო და უფრო უჩინარი ხდება. თუმცა, თავი დავანებოთ პოსტინდუსტრიული დემოკრატიის პრობლემებს და ჩვენს ბედკრულ საქართველოს დავუბრუნდეთ.
საინფორმაციო ეპოქის ერთ–ერთი რადიკალური კონცეფციის აქ მოტანა იმიტომ დაგვჭირდა, რომ ჩვენში არსებული ვითარების ანაქრონიზმისათვის გაგვესვა ხაზი. ანაქრონიზმია, როცა უკვე 20 წელია „ვიბრძვით“ დემოკრატიისა და მოდერნიზაციისათვის, თუმცა არაფერი გამოდის. ეს იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში ტრადიციული, ინდუსტრიული დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების და ლიბერალური ეკონომიკის თავიდან „აშენება“ კოსმოსური ხომალდების ერაში ორთქმავლის აწყობას წააგავს. შეიძლება ეს ორთქმავალი აეწყოს კიდეც, მაგრამ რისთვის? მას მხოლოდ ეგზოტიკური სამუზეუმო ექსპონატის დანიშნულება ექნება.
ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ როგორი? ცვლილებების პარადიგმა ეპოქის სინქრონული უნდა იყოს. წარმატებული დემოკრატიული ტრანსფორმაცია დღევანდელ მსოფლიოში საინფორმაციო საზოგადოებაში ნახტომს უტოლდება. აქედან გამომდინარე უნდა იქნეს ცვლილებების შინაარსი გააზრებული. ჩვენი საზოგადოება საბჭოთა ინდუსტრიალიზმის რღვევეის შედეგად დარჩენილი კვაზისისტემაა. ინდუსტრიული მოდერნიზაციის პარადიგმა, რომელიც ქართველობამ აირჩია, მხოლოდ საბჭოთა სისტემის კიდევ უფრო მახინჯ მოდიფიცირებულ ვერსიებამდე მიგვიყვანს. დღეს ეს ასეც არის და საქართველოს პოლიტიკური რეჟიმი ამის ნათელი ილუსტრაციაა.
დრო თავისას ითხოვს. ცვლილებებისათვის გამოყოფილი პერიოდი უსასრულო ვერ იქნება. წარუმატებელი ცვლილებების სერია ბოლოს კატასტროფით უნდა დამთავრდეს. დღეს არსებული პატრიმონიალური მმართველობის შენარჩუნება მომხმარებელთა უპერსპექტივო კრებულად, უუფლებო, ღატაკ კონსუმტარიატად გადაქცევის უმოკლესი გზაა. ჩვენი ბედის გადაწყვეტის უფლება, რაც ერად გვაქცევს, შეიძლება სამუდამოდ დავკარგოთ.
სწორედ ასეთი ეროვნული კატასტროფის მომასწავებელი იქნება ახალი კონსტიტუციის პირობებში 2012 წლის არჩევნების შემდგომ დღევანდელი რეჟიმის შენარჩუნება.
მომავალი არჩევნები იქნება ალბათ ბოლო შანსი, რომ საქართველომ ე.წ. გარდამავალი პერიოდი წარმატებულად გადალახოს და პოსტსაბჭოურ ყოფას თავი დააღწიოს. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება არჩევნებამდე ერთი წლით ადრე არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ცვლილებებისათვის მზაობა ვირწმუნოთ. ცვლილებებისათვის კი მხოლოდ სურვილი და მოლოდინი არ კმარა.
პოლიტიკურ პარტიებს დღეს არსებული რეალობისაგან განსხვავებული ღირებული ალტერნატივის შემოთავაზება ჯერჯერობით არ შეუძლიათ. მართლაც, მათი შემოთავაზება ან იმეორებს „ვარდების რევოლუციის“ ჩავარდნილ მოდერნისტულ პროექტს, ანდა შედარებით ზომიერია და „გაუმჯობესებულ მიშას“ გვპირდება, ე.ი. უნდა ავირჩიოთ: ან უფრო „მაგარი“ რევოლუცია ანდა უფრო „მაგარი“ მიშა.
პარტიებს სერიოზულად არ შემოუთავაზებით ძალაუფლების დანაწევრებისა და გადანაწილების ისეთი გზა, რომელიც პატრიმონიალურ მმართველობას შეცვლის. რევოლუციური პროექტი რეჟიმის დამხობას გულისმობს, ზომიერი კი - არჩევნებში მის დამარცხებას. რადიკალთა პროექტის წარმატების შემთხვევაში თითქმის გარანტირებული გვაქვს ნაცადი „რევოლუციური“ გზის გავლა და შედეგად –არსებითად იგივე პატრიმონიალიზმი ახალი სახეებით. ზომიერი პროექტით საზოგადოების ამოცანა სამართლიანი არჩევნების მიღწევამდე დაიყვანება. თუ მონოკრატიული ძალაუფლების გადანაწილება და პატრიმონიალური მმართველობის შეცვლა არჩევნებამდე არ მოხერხდება, ეს ამოცანა უტოპიურად გამოიყურება.
ამრიგად, მოჯადოებული ჩაკეტილი წრე მივიღეთ: სამართლიანი არჩევნები რომ ჩავატაროთ, ამისათვის რეჟიმი უნდა შევცვალოთ და პირიქით - რეჟიმი რომ შევცვალოთ, ამისათვის სამართლიანი არჩევნები უნდა ჩავატაროთ. უფრო ფართოდ: დემოკრატიული ცვლილებებისათვის აუცილებელია რეჟიმის გამოცვლა, ხოლო რეჟიმის გამოსაცვლელად – დემოკრატიული ცვლილებები.
საზოგადოებას და პირველ ყოვლისა, მის პოლიტიკურ ნაწილს – პარტიებს, თითქმის არაადამიანური ძალისხმევა დაჭირდებათ ამ მოჯადოებული წრისაგან თავის დასაღწევად. პირველ ყოვლისა, არსებულისაგან განსხვავებული ალტერნატივის ჩამოყალიბება და ცვლილებების მომზადებაა საჭირო.
ცვლილებების გადადება კატასტროფის ტოლფასია. აუცილებელი ცვლილებების შინაარსი არ ამოიწურება მხოლოდ დემოკრატიული ტრანსფორმაციით, თუმცა თავდაპირველად ძალაუფლების გადანაწილება–დაბალანსების და შემდგომ, პატრიმონიალურის ნაცვლად რაციონალური მმართველობის შექმნის „კლასიკური“ ამოცანები უნდა გადაწყდეს.
პარტიებმა ძალაუფლების გადასანაწილებლად განსახორციელებელი პოლიტიკური ცვლილებების მომზადების ორგანიზება უნდა შეძლონ. ეს პრაქტიკულად ზეამოცანა რომ გადაწყდეს საკმარისი არ იქნება მხოლოდ სამართლიანი საარჩევნო კოდექსის შემუშავება და შეთავაზება. ასევე აუცილებელია დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ძალაუფლების გადანაწილების, პატრიმონიალურის ნაცვლად რაციონალური საჯარო სამსახურისა და მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის (ადგილობრივი თვითმმართველობისათვის რეალური უფლებამოსილებებისა და რესურსების გადაცემის) კონცეპტუალური და საკანონმდებლო საფუძველების მომზადება და საზოგადოებისათვის შეთავაზება.
ხელისუფლებაზე ზეწოლის მოსახდენად შეუძლებელი იქნება საზოგადოების კონსოლიდირება ალტერნატივისა და კარგად დაგეგმილი ცვლილებების საზოგადოებისათვის შეთავაზების გარეშე.
ინდუსტრიული ეპოქის რევოლუციური ტექნოლოგიები, ანუ მმართველი კლასის დასამხობად მასათა ამბოხის ორგანიზება თანამედროვე ეპოქაში სრულიად გამორიცხულია. დღეს შეიძლება „რევოლუცია“ როგორც მხოლოდ შოუ, როგორც სპექტაკლი კონსუმტარიატისათვის, ისე დაიდგას. ასეთი შოუსათვის კი ორი პირობაა: რეჟიმის დასამხობად საერთაშორისო „ნეტოკრატიული“ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს და მასმედია ქვეყანაში „რევოლუციური ძალების“ – ნეტოკრატების კლიენტთა ხელში გადავიდეს. თუმცა, დადგმული რევოლუციებით მოტანილი შედეგი თვალსაჩინოა – იცვლება მხოლოდ პოლიტიკური რეჟიმი და არა მმართველი კლასი. თანაც, დღევანდელ საქართველოში ასეთი „ვარდების შოუ“ უკვე დაიდგა და მის გამეორებას არავინ აპირებს.
ჩვენ კვლავაც ცვლილებების ან კატასტროფის მოლოდინში ვართ. მოლოდინის დრო კი უკვე იწურება. ჯერჯერობით ჩვენი ბედი ისევ ჩვენს ხელთაა, მაგრამ შორს აღარ არის ჟამი, როცა არჩევანის უფლებას საბოლოოდ დავკარგავთ.