"გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი - 2011-2012"-ში საქართველომ დაიკავა 88-ე ადგილი და ხუთი პუნქტით გააუმჯობესა ერთი წლის წინანდელი მაჩვენებელი. კვლევა მოამზადა „მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა“, რომელმაც 142 ქვეყნის 14 ათასამდე მაღალი რანგის ბიზნესმენი გამოკითხა.
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი შედგენილია 127 მახასიათებლის მიხედვით. ყველა ქვეყანას თითოეული მახასიათებლის მიხედვით ენიჭება კონკრეტული ქულა. ასე მაგალითად, ცალკეულ პუნქტებში საქართველო 142 ქვეყანას შორის ლიდერ პოზიციაზეა. ესენია: ეკონომიკაში სახელმწიფო რეგულირების სიმსუბუქე, მცირე გადასახადები, დაბალი საბაჟო ტარიფები, ბიზნესის მარტივი რეგისტრაცია და სხვა.
საქართველოს დაბალი რეიტინგი მიენიჭა საკუთრების უფლების დაცვის სფეროში და ის 120-ე პოზიციაზეა. ამის მიზეზი ქვეყანაში ბოლო წლების მანძილზე კერძო მესაკუთრეთა უფლებების დარღვევის გახმაურებული ფაქტებია, რომლის გამო არაერთხელ გაუკრიტიკებიათ ოფიციალური თბილისი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს.
არის სხვა პრობლემებიც, რომლებზეც მიუთითეს გამოკითხვაში მონაწილე 112 ქართული კომპანიის მენეჯერებმა. ზოგიერთი მათგანის შესახებ თამარ ჯანაშია, კვლევის ერთ-ერთი ავტორი და გენერალური დირექტორი ორგანიზაციისა „ბიზნეს ინიციატივა საქართველოს რეფორმებისთვის“, ამბობს:
„ფინანსების წვდომა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, ასევე სამუშაო ძალის ადეკვატური განათლება. შემდეგ მოდის ინფლაცია, რადგან შეიძლება რაღაც დაგეგმო და ისეთი პროცესები წავიდეს, რომ ბიზნესი საერთოდ ჩაგივარდეს ინფლაციის გამო. “
ეს პრობლემები მაღალი რანგის ბიზნესმენებმა თავად დაასახელეს. სწორედ მათი სუბიექტური მოსაზრებებისთვის დიდი ყურადღების დათმობას ასახელებს ზოგიერთი ექსპერტი გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის ერთ-ერთ მთავარ სისუსტედ. კერძოდ, საქართველოში კრედიტის მიღება არც ბიზნესმენს და არც უბრალო მოქალაქეს არ უჭირს, თუ ის გარანტიას წარადგენს. ასევე შეუძლია ბიზნესმენს მის კომპანიაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, თუ მას ეს პრობლემა აწუხებს. ამ და სხვა მიზეზების გამო გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი:
„არ უარვყოფ იმას, რომ ასეთ გამოკითხვებს რაღაც დანიშნულება აქვს, თუმცა აქ არის ძალიან სერიოზული რისკი, რომ დამოკიდებული იყო შემფასებლებზე. მაგალითად, აზერბაიჯანსა თუ სომხეთში არ არსებობს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ბიზნესი და თუ იქ მიხვალ და ამ ბიზნესს მიადგები, მას შეუძლია დადებითი შეფასებები მოგცეს. საქართველოში შეიძლება მიადგე ისეთ ბიზნესებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არა აქვს ხელისუფლებასთან და მათ საკმაოდ კრიტიკული შენიშვნები შეიძლება გამოთქვან.“
გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში ქართველი ბიზნესმენების მიერ დასახელებულ პრობლემათა შორის არის მაკროეკონომიკური არასტაბილურობა, ანუ ინფლაცია, რომელზეც პასუხისმგებლობა, სხვა პრობლემებისგან განსხვავებით, ხელისუფლებას ეკისრება. ამ და სხვა პრობლემებზე, რომლებიც დაბალი რეიტინგის მიზეზია, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ ხადური საუბრობს:
„პირველ რიგში, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მაკროეკონომიკური გარემო, ეს, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა საქართველოში. ასევე ტექნოლოგიური პროგრესი, ტექნოლოგიური ცოდნა, განსაკუთრებით პრობლემები გვაქვს ინოვაციათა სფეროში. რაც შეეხება ბაზარს, რა თქმა უნდა, ჩვენ პატარა ბაზარი გვქვს. ეს ის პრობლემებია, რომლებიც უახლოეს რამდენიმე წელიწადში უნდა გადავწყვიტოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გაგვიჭირდება, რომ საქართველოს ბიზნესგარემო მიმზიდველი იყოს სერიოზული ბიზნესინვესტორებისთვის.“
საქართველოს ბიზნესგარემოს მიმზიდველობის სხვა საზომების შესახებ ლაპარაკობს ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტი, „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი, გია ჯანდიერი:
„ისეთი ინდექსი, როგორიც არის ეკონომიკური თავისუფლების ან, თუნდაც, ბიზნესის წარმოების (დუინგ ბიზნესის) ინდექსი, გაცილებით კარგად ასახავს მდგომარეობას, ვიდრე კონკურენტუნარიანობის ინდექსი. იმ ინდექსებით ინვესტორისთვის ცხადი ხდება რა დამოკიდებულება არსებობს ქვეყანაში, ამ ქვეყანაში ბიზნესის კეთება ღირს თუ არა, აქ რომ ინვესტიცია ჩავდო, მექნება თუ არა მოქმედების შეზღუდვები. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი მოქმედების შეზღუდულობაზე არ არის ორიენტირებული, არამედ იმაზე, ზოგადად ეკონომიკა თუა კონკურენტუნარიანი, სხვა ქვეყნებთან შედარებით.”
ამ პრინციპით შედგენილ გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში ისეთი ქვეყნებიც კი, რომლებიც კომუნისტური ან ავტორიტარული რეჟიმებით არიან ცნობილი, საქართველოზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ, თუნდაც ბაზრის სიდიდის გამო. ჩინეთის დასახელება შორს წაგვიყვანდა, მაგალითად რუსეთიც გამოდგება. თუმცა ექსპერტი გია ჯანდიერი, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა საერთაშორისო ინდექსის შედგენის მონაწილეა, აღნიშნავს, რომ გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი კრიმინალურ მდგომარეობას არ აღწერს. არადა, ის ბიზნესის წარმოებისა და ინვესტირებისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს. გია ჯანდიერის აზრით, რეიტინგში რომ ეს პუნქტიც შესულიყო, საქართველოს გაცილებით უკეთესი პოზიციები ექნებოდა, ვიდრე რუსეთს ან თუნდაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დიდ უმრავლესობას.