გაიაფდება თუ არა ხორცი? წესით და რიგით ეს უკვე სექტემბერში უნდა მომხდარიყო, მაგრამ შემოდგომის პირველი თვის ნახევარი მიიწურა და ხორცპროდუქტების ბაზარს არაფერი ეტყობა. ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა უჭირს კომპანია “იბერმითის” გაყიდვების მენეჯერს კახა მაზანაშვილის. მისი თქმით, ფასს სასაკლაო არ არეგულირებს და შესაბამისად, ხორცის ფასი მაღალი იქნება თუ დაბალი, ისინი ვერ განსაზღვრავენ.
“ხორცი ძვირი იქნება თუ იაფი, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. “იბერმითი” მხოლოდ მომსახურების გადასახადს იღებს, ეს არის 1 ლარი, მის ფასს კი გლეხი განსაზღვრავს. გლეხს მოჰყავს საქონელი, შემდეგ მიდის ვაჭრობა და ფასიც ასე დგინდება. ვიმეორებ, ჩვენ მხოლოდ მომსახურებისას ვიღებთ. თუმცა იმის გამო, რომ სექტემბრის ბოლოს მთიდან ბევრი საქონელი ჩამოჰყავთ, გამორიცხული არ არის, რომ ფასი სწორედ ოქტომბრისთვის დაიცეს. თუმცა ზუსტად რა და როგორ იქნება, ამის განსაზღვრა დღეს ცოტა რთულია”, - განაცხადა მაზნიაშვილმა.
ხორცის გაძვირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნატახტრის საწარმოს მომსახურებით სარგებლობა მოვაჭრეებს და ხორცის სხვა რეალიზატორებს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაავალდებულა. სამინისტროს დადგენილების თანახმად, ბაზრობებისა და მაღაზიების ხორცის მოვაჭრეებს გასაყიდი ხორცის შეძენა სწორედ ნატახტარის “იბერმითში” უწევთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ საწარმოს გარდა, საქართველოში კიდევ რამდენიმე სასაკლაოა. ხარისხიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი ე.წ. ფორმა 2 მოვაჭრეებმა ნატახტრის სასაკლაოდან უნდა მიიღონ.
თბილისის ანალოგიურად საქონლის ხორცის არ გაიაფებულა არც რეგიონებში. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 12 ლარზე ძვირად ხორცი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ იყიდება. ასეთი გამონაკლისი კი არის სენაკისა და ხაშურის ბაზრები, სადაც ადგილობრივებს ხორცის ყიდვა 9-11 ლარადაც შეუძლიათ.
როგორც ჩანს, ხორცი საქართველოს ბაზარზე არც გაიაფდება, ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ ხორცის შემცვლელი არ გამოჩნდება. ასეთი დრო კი, როგორც ჩანს, შორს არ არის. თურმე რამდენიმე თვეში ადამიანების საკვებ რაციონს სინთეტური ხორცი შეემატება, გაზაფხულიდან კი დახლებზე პირველი ხელოვნური სოსისი გამოჩნდება - ასეთია ჰოლანდიელი, კერძოდ მაასტრიხის უნივერსისტეტის მეცნიერების პროგნოზი.
“სულ მალე მთელი მსოფლიო სინჯარაში გამოყვანილ ხორცს დააგემოვნებს”, - აცხადებს უნივერსიტეტის პროფესორი მარკ პოსტი.პოსტმა კუნთოვანი ქსოვილის ლაბორატორიულად განვითარების ხერხს მიაგნო. ხორცის უჯრედებს ცხენის ემბრიონის სისხლისგან დამზადებული სითხით “კვებავენ”. ხორცს ახალი ზოლების მსგავსი ფენები უვითარდება, რაც კუნთოვან ქსოვილს წააგავს, ზოლების სიგრძე 2,5 სმ-ია, სიგანე კი - 0,7 სმ.
ახალმიღებული ხორცი სისხლის უჯრედების არქონის გამო თეთრი ფერისაა. უფრო მადისაღმძვრელი რომ გახდეს, პოსტი სისხლის უჯრედებზეც “წაიმუშავებს” და 1 წელიწადში ჰამბურგერისთვის სრულყოფილ ნედლეულს დაამზადებს.
იაპონელმა მეცნიერებმა კი 3 თვის წინ გადაჭრეს ხორცით მომარაგების პრობლემა - მათ ხორცის შესაქმნელად ფეკალური მასების გამოყენება გადაწყვიტეს. გამოგონება ოკაიამას ლაბირატორიის თანამშრომელს, მიცუიუკი იკედას ეკუთვნის.
მან კანალიზაციისგან გამოყოფილი შლამი შეისწავლა და მასში ბაქტერიების მაღალი შემცველობა აღმოაჩინა, რომლებიც ფეკალიებს პროტეინებად გარდაქმნიან. ცილების გამოყოფისა და რეაქციის გამაძლიერებლის დამატების შემდეგ მეცნიერმა მიიღო ხორცი, რომლის 63% ცილა, 25% ნახშირწყალი, 3% ცხიმი და 9% მინერალური ნივთიერებებია.
ხელოვნური ხორცი რომ გარეგნულად ნატურალურს დაემსგავსოს, მას წითელ საღებავს და სოიოზე დამზადებულ არომატიზატორს უმატებენ. ხორცი უკვე მოხალისეებმაც გასინჯეს და აღიარეს, რომ გემო ნამდვილი ხორცისგან არ განსხვავდება.
1094
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85