სალომე ზურაბიშვილი: საეჭვოა, რომ საქართველოს პროკურატურამ კორესპონდენცია საფრანგეთის ჟანდარმერიიდან ფაქსით მიიღო

სალომე ზურაბიშვილი: საეჭვოა, რომ საქართველოს პროკურატურამ კორესპონდენცია საფრანგეთის ჟანდარმერიიდან ფაქსით მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთი ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ ოფიციალურ უწყებას შორის არსებულ კორესპონდენციებს, კანონის მიხედვით, საელჩოს ხაზით აგზავნის. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" განუცხადა.

ამიტომ მას საეჭვოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის ჟანდარმერიიდან კორესპონდენცია, რომელიც დღეს გავრცელდა, ფაქსით მიიღო.

„ეს ყველაფერი არ გავს საფრანგეთის ქმედებას. ფრანგული დიპლომატიური კანონი ვიცი და არსებობს ერთი წესი, რომელიც დაცულია არის მთელ ფრანგულ ადმინისტრაციაში, რომ ოფიციალური კორესპონდენცია, რაც არსებობს ოფიციალურ უწყებებს შორის საფრანგეთის და სხვა ნებისმიერი უცხო ქვეყნის, უნდა გადიოდეს საელჩოს ხაზით. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ეს ფაქსი პირდაპირ მივიდა პროკურატურაში. ეს არის კანონით გამორიცხული. იქ თუ რაღაც ჩაწყობა მოხდა, მე არ ვიცი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მთავარი პასუხი უნდა მოდიოდეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და თბილისში ელჩისგან. ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ საფრანგეთის საელჩო ამასთან დაკავშირებით შესაბამის განცხადებას გააკეთებს.

„გოგა ხაინდრავას და საქართველოს მთელ საზოგადოებას აქვს სრული უფლება, მოითხოვოს, რომ გაიგოს რეალურად რა მოხდა. ჩვენ ვიმყოფებით საარჩევნო პერიოდში. ეს არის ბოლო კვირა. ვფიქრობ, რომ ასეთი რაამეები ასეთ დროს არ უნდა მოხდეს და თუ მიმდინარეობს გამოძიება რაიმე საქმეზე, ეს უნდა მიმდინარეობდეს თავისი ფორმებით და არ უნდა იყოს გამოყენებული ხელისუფლების მიერ, როგორც საარჩევნო პროპაგანდა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.