საქართველოს ხელისუფლება საკუთარი უკანონო ქმედებებით ყოველდღიურად ადასტურებს, რომ ძალადობა მისი ძირითადი იარაღია. დისკრედიტირებული და გამოაშკარავებული დანაშაულებრივი რეჟიმი რომელიც, როგორც საბოლოოდ დადასტურდა საპატიმროებში მსჯავრდებულების წამებითა და გაუპატიურებითაა დაკავებული, პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად კვლავ ჩვეულ ხერხს მიმართავს.
ისევე როგორც 2011 წელს, „სახალხო კრების“ აქციების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, პოლიციამ და ზონდერბრიგადებმა დაიწყეს ჩვენი მომხრეების უკანონო მასიური დაპატიმრება-გატაცება, ასევე ახლაც, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, დაიწყო ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური კოალიციის მომხრეთა მასიური დაპატიმრება.
„დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭო თვლის, რომ ბოლო სამი დღის მანძილზე კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებული მასიური დაპატიმრებები პოლიტიკური ოპონენტების გასანეიტრალებლად და ხალხის დასაშინებლადაა მიმართული, რაც პირდაპირ კავშირშია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან.
„დემოკრატიული მოძრაობა“ თანადგომას უცხადებს ყველა უკანონო პატიმარს და მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადამკვირვებლო მისიებს, ქართველ უფლებადამცველებს, რომ ახლა მაინც, მყისიერი და ადექვატური შეფასება მისცენ რეჟიმის ძალადობრივ ქმედებებს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.