მანანა კობახიძე:  აშკარაა, რომ  ეს რაღაც ინფორმაციები ხელისუფლების მიერაა შეთითხნილი

მანანა კობახიძე: აშკარაა, რომ ეს რაღაც ინფორმაციები ხელისუფლების მიერაა შეთითხნილი

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მანანა კობახიძის შეფასებით,  პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალა და განცხადება, რომლის თანახმადაც, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და კანონიერ ქურდებს შორის მხედრიონის მსგავსი შეიარაღებული დაჯგუფების შესახებ შეთანხმება შედგა, უარგუმენტო, უნიათო და უსაფუძვლოა.

კობახიძის განცხადებით, ამ კადრებით „ქართულ ოცნებასა“ და ქურდულ სამყაროსთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ იკვეთება და აღნიშნავს, რომ  კანონიერი ქურდების დაბრუნებას და  კრიმინალის ხელშეწყობას არავინ  აპირებს.

„დღეს,  მთავარი  კრიმინალი  მიხეილ სააკაშვილია და  ის ზუსტადაც, იმ ქმედებებით,  რაც ყველამ ერთად ვნახეთ, კრიმინალ  ბაჩო და დათა ახალაიებს მფარველობს. გაუგებარია ვიდეო მასალა, სადაც ჩანს ადამიანების შეხვედრა,  სადღაც შენობაში  შესვლა - გამოსვლა, როცა არაა ტექსტი გაშიფრული,  არ ისმინება რა თემაზე საუბრობენ და აშ.  აშკარაა, რომ  ეს რაღაც ინფორმაციები ხელისუფლების მიერაა შეთითხნილი“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება, იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში გოგა ხაინდრავას ფიგურირებას კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს იმ ფილმის საპასუხო რეაქციაა, რომელიც მან გადაიღო.

„გოგა ხაინდრავა  ჩვენს  პარტიულ სიაში არა და ის არც ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატია.  ის სწორედ,  მიხეილ სააკაშვილის მიერ დანიშნული მინისტრი იყო და ძალიან სწორად მოიქცა, როდესაც იმ უწყებიდან წამოვიდა. ის რეჟისორია და ფილმებს იღებს.   როგორც ჩანს,  ეს იმ ფილმის საპასუხო რეაქციაა,  რაც მან გადაიღო და რაც ხელისუფლებისთვის ძალიან სერიოზულ განაჩენს წარმოადგენს, მაგრამ  როგორც უფლებადამცველი გეტყვით, რომ  აბსურდია,  როდესაც ადამიანს ბრალს უყენებ და გავრცელებულ მასალაში საერთო ტექსტი არ ისმინება“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმითვე, საფრანგეთი დემოკრატიული სახელმწიფოა და ადამიანის უფლებებს იქ ბევრად უკეთესად იცავენ.

შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ  ხაინდრავას რაიმე რომ დაეშავებინა,  მას საფრანგეთიდან  ასე თავისუფლად არ გამოუშვებდნენ.

„მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მაშინვე დაიწყებოდა“, - განაცხადა კობახიძემ.