ტელეკომპანიები საკაბელო ოპერატორებს  „მასთ ქერის“  ვადის ამოწურვის შემდეგ, საკაბელო პაკეტში დატოვებას სთხოვენ

ტელეკომპანიები საკაბელო ოპერატორებს „მასთ ქერის“ ვადის ამოწურვის შემდეგ, საკაბელო პაკეტში დატოვებას სთხოვენ

ტელეკომპანიები „მაესტრო“,  „კავკასია“ და „მეცხრე არხი“ საკაბელო ტელევიზიებს  მოუწოდებენ, მაუწყებლობა „მასთ ქერის“ პრინციპის ამოწურვის შემდეგაც დატოვონ. ამის შესახებ მათ „ინტერპრესნიუსის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრის,  გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი  რედაქტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით, საქართველოში საარჩევნო წელი  მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებით არ სრულდება  და  აღნიშნა, რომ მომდევნო წელს  საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი.

„სწორედ ამიტომ, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და პოტენციურ ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის, საჭიროა მათ ხელი მიუწვდებოდეთ ალტერნატიულ ინფორმაციაზე. ამიტომ,  მოგმართავთ თხოვნით,  „მასთ ქერის“  ვადის ამოწურვის შემდეგ,  ჩამოთვლილი არხები ერთი წლის განმავლობაში დარჩეს თქვენს საკაბელო პაკეტში და არ დაწესდეს მათზე შეზღუდვა.

თქვენს მიმართ რაიმე სახის ზეწოლის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რათა ჩვენ მოვახდინოთ რეაგირება და საქმის კურსში ჩავაყენოთ საერთაშორისო ორგანიზაციები. გარდა ამისა, თუ მოცემულ მომენტში, თქვენს მიმართ ხორციელდება რაიმე სახის ზეწოლა, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოთ ინფორმაცია კონკრეტული ფაქტების შესახებ“, - განაცხადა ტუღუშმა.

ტელეკომპანია „მაესტროს“  გენერალური დირექტორის, ბაჩო კიკაბიძის განცხადებით,  მნიშვნელოვანია „მასთ ქერის“ გაგრძელება,  რადგან საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიეწოდოს ინფორმაცია თუ როგორ გაშუქდა არჩევნები.

„მე ვთხოვ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს,, რომ ამისთვის ბრძოლა გააგრძელონ“,  - განაცხადა კიკაბიძემ.

„მე-9 არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის,  თამარ რუხაძის განცხადებით კი,  „მასთ ქერის“ გაგრძელებისთვის პირველ რიგში,  თავად მაყურებლის ჩართულობაა აუცილებელი.

„პირველ რიგში მაყურებელმა უნდა მოსთხოვოს საკუთარ საკაბელო ოპერატორს, რომ ეს არხები დარჩეს მათ საკაბელო ქსელში არჩევნების შემდეგაც. იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების ჩართულობა იქნება ადეკვატური“, - განაცხადა რუხაძემ.