სახელმწიფო ლატარიის კომპანიის აქციებს იბრუნებს

სახელმწიფო ლატარიის კომპანიის აქციებს იბრუნებს


შეერთებული შტატების ფოსტის სამსახურს რთული დღეები უდგას, ამიტომ ის მომხმარებელს მასშტაბურ ფასდაკლებებს სთავაზობს. საქართველოს საფოსტო უწყებამ ფინანსური დამოუკიდებლობისთვის სხვა გზა აირჩია: ის ლატარიას გაათამაშებს.

დღემდე გაურკვეველი მიზეზების გამო, „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა ლატარიის ჩატარების 15 წლიანი ლიცენზიის მფლობელია, აგვისტოში სახელმწიფოსთვის აქციების 70%-იანი პაკეტის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თავის მხრივ „საქართველოს ფოსტას“ კომპანიის 45-წლიანი მართვის უფლება აქვს.

გარიგებაზე ცოტა რამ თუ არის ცნობილი. როგორც EurasiaNet.org-ს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა აცნობა, რომელიც დღეს „საქართველოს ლატარეის კომპანიის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და „საქართველოს ფოსტის“ დამკვირვებელთა საბჭოს წევრია, გარიგება საქმიანი ოპერაციაა, რომელიც ორივე მხარისთვის სასარგებლოა.

„ჩვენთვის ეს მომგებიანია, რადგან გამოყენებული იქნება ჩვენი მოედნები და როგორც „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ აქციონერები, მისი საქმიანობით შემოსავალს მივიღებთ. მოგებას მიიღებენ ინვესტრორებიც, რომლებიც აქციონერთა უმცირესობას წარმოადგენენ“, – თქვა ბაინდურაშვილმა, რომელიც ამ გარიგების შემდეგ საფოსტო უწყების ხელმძღვანელ პოსტზე დაინიშნა. „კომპანია სერიოზულად შემაცირებს დანახარჯებს, რადგან ახლა ის „საქართველოს ფოსტის“ ბაზაზე იმუშავებს“.

თუმცა, დემოკრატიული ორგანიზაციების აქტივისტები ეჭვობენ, რომ თბილისში, ყველაფერი ნორმალურად არ არის. კორუფციასთან მებრძოლი ორგანიზაციის Transparency International Georgia-ს წარმომადგენლების აზრით, შეთანხმება თავისი არსით კერძო საკუთრების „რენაციონალიზაციაა“. 2009 წელს ლატარიის ბიზნესი კერძო პირებს გადაეცათ მთავრობის მიერ დაწყებული საკუთრების განსახელმწიფოებრიობის კამპანიის ფარგლებში.

დღეს კი, ორი წლის შემდეგ მას მერე, რომ სახელმწიფომ „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ ქვეყნის ტერიტორიაზე ლატარიის ჩატარების ექსკლუზიური უფლება გადასცა, კომპანიამ თავად დაუბრუნა სახელმწიფოს საკუთარი ბიზნესის ნაწილი და აქციების მხოლოდ 30% დაიტოვა.

„ძალიან უცნაურია, რომ ვიღაც, ვისაც აქვს ისეთი მომგებიანი ბიზნესი, როგორიც ლატარიის ჩატარებაა, უცბად გადაწყვეტს, რომ ეს ბიზნესი სახელმწიფოს უნდა დაუთმოს“, – ამბობს Transparency International-ის უფროსი ანალიტიკოსი და პროგრამის მენეჯერი მათიას ჰუტერი. „არ გავს ეს იმას, რომ აქ საბაზრო მექანიზმები ამოქმედდა“.

კომენტარის მისაღებად კორპორაცია Lexor Capital Corp-ის (წარსულში „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მთავარი კომპანია) ადვოკატთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. EurasiaNet.org-ის ყველა შეკითხვა ლატარიის შესახებ კახა ბაინდურაშვილთან გადამისამართდა.

ბაინდურაშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველოს ფოსტა“ ლატარიის ბიზნესის პირდაპირი მესაკუთრე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის 70%-ს სახელმწიფო ფლობს, „საქართველოს ლატარიის კომპანია“ დარჩა იმად, რაც მანამდე იყო – ლატარიის დამოუკიდებელ კომპანიად“. „კომპანიას ჰყავს საკუთარი მმართველობა, დირექტორი, სამსახურები და ასე შემდეგ“, – დასძინა მან.

ფოსტის უწყებისთვის ლატარიის ბიზნესის გადაცემამ ბევრ ანალიტიკოს აფიქრებინა, რომ ხელისუფლება ცდილობს საბჭოთა პერიოდის საფოსტო სამსახური მომავალი კერძო ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახადოს.

მსგავსი ვარაუდების გაჩენას, ხელს უწყობდა პრემიერ ნიკა გილაურის აპარატის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, როდესაც მან კერძო სექტორს გადასცა ისეთი სახელმწიფო კომპანიების 15-25% აქციები, როგორებიცაა რკინიგზა და ელექტროგამანაწილებელი ქსელები.

წარსულში, საქართველოს ხელისუფლება მკაფიოდ აცხადებდა, რომ საფოსტო უწყების პრივატიზირებას აპირებდა. ამ წლის დასაწყისში აღნიშნული აქტივების შეძენაზე საკუთარი განაცხადები წარადგინეს ინვესტორებმა საქართველოდან, შვეიცარიიდან და რუმინეთიდან, მაგრამ მოგვიანებით აუქციონი აღარ ჩატარდა და მიზეზების შესახებაც არაფერი უთქვამთ.

ფოსტის სამსახურის რეგორგანიზაციის საკითხი მნიშვნელოვანია. „საქართველოს ფოსტის“ საინფორმაციო-იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის ნუგზარ ბრეგვაძის აზრით, ეს სამსახური „ნულიდან“ არის ასაწყობი. ლატარიის ბიზნესის გარდა, ფოსტის უწყება შემოსავლის გაზრდას გეგმავს ახალი მომსახურების დანერგვით ტვირთების გადაზიდვის სფეროში, ასევე დამხმარე სახელმძღვანელოების და სადაზღვევო პოლისების გაყიდვით. „საქართველოს ფოსტამ“ დაიწყო ასევე საერთაშორისო გზავნილების მიწოდება, მაგრამ აქ ის კერძო კურიერული კომპანიების მხრიდან სერიოზულ კონკურენციას ხვდება.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, „საქართველოს ფოსტას“ უჭირს შემოსავლის შოვნა კორეპონდენციების მიწოდებაზე. ფოსტის გზავნილების ტარიფები ამერიკული სტანდარტებითაც კი ძვირია: თბილისის ფარგლებში წერილის გაგზავნა 2,5 ლარი (1,5 დოლარი) ღირს, თუმცა დღეს უკვე ფოსტის თანამშრომლებიც მომხმარებელს წერილის მიწოდებას ერთ დღეში სთავაზობენ. რაც შეეხება საერთაშორისო გზავნილებს, საქართველოს მცხოვრებლები წერილებს დიდწილად აგზავნიან „თუ შემთხვევა იქნეს, წერილი გაგზავნეთ“ პრინციპით და ითხოვენ კორესპონდენციების და ამანათების ნათესავებისთვის და მეგობრებისთვის მიწოდებას. ბრეგვაძის თქმით, თბილისში მომუშავე კურიერებს წითელი უნიფორმა და მოტოროლერები გადასცეს, მაგრამ ქუჩაში მათ იშვიათად დაინახავთ. გარდა ამისა, უწყების კომპიუტერიაზაცია ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. ბევრ საფოსტო განყოფილებაში, რომელთაგან ზოგიერთი ძალიან გავერანებულია, ბლანკებს კვლავ ხელით ავსებენ.

პოტენციური ინვესტორები ფრთხილად მიუდგებიან ლატარიის ბიზნესის საფოსტო მომსახურებასთან შერწყმის დაჩქარებულ გადაწყვეტილებას, ამბობს ეკონომისტი თბილისიდან ედვარდ რაუპი. „სიტუაცია შეიძლება ხელახლა შეიცვალოს ასეთივე სისწრაფით“, ამბობს იგი, გულისხმობს რა ლატარიის კომპანიის ფოსტისთვის გადაცემას. „ასე რომ, ინვესტორის ადგილზე მე ძალიან სკეპტიკურად მივუდგებოდი მსგავს სქემას“.

ბაინდურაშვილის თქმით, ამ კონკრეტულ მომენტში „საქართველოს ფოსტის“ პრივატიზირება არ იგეგემება და მსგავსი მოვლენის პოტენციური შედეგების განხილვა არის სხვა არაფერი, თუ არა სპეკულაცია.

ხელისუფლების პრიორიტეტი ფოსტის სამსახურის „განვითარებაა“, – უთხრა მან EurasiaNet.org -ს. „როდესაც ფოსტა ფეხზე დადგება, რაღაც მომენტში, იმ დროისთვის… დადგება მისი პრივატიზაციის საკითხიც“, – აღნიშნა მან.

(შესწორება: კახა ბაინდურაშვილი „საქართველოს ლატარიის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი მას შემდეგ გახდა, რაც მთავრობამ ამ კომპანიის 70% წილი შეიძინა. ბ-ნი ბაინდურაშვილი არის ასევე საქართველოს ფოსტის სადამკვირვებლო საბჭოს თავმჯდომარე).
foreignpress.ge