ბოლო ოც წელიწადში საქართველომ ყველაფერი დაკარგა, რის წარმოდგენაც კი შეიძლებოდა. შემოძახილი – ფრთხილად ვიყოთ, ძირმომპალი იმპერიის ნანგრევებში არ მოვყვეთო, ლიტონ სიტყვებად დარჩა. ბოლო წლებში ქვეყანამ ისეთი მიწებიც დაკარგა, რაზეც მტერი ოცნებასაც ვერ ბედავდა.
აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარდა, ღია ოკუპაციის ქვეშ დალის (კოდორის) ხეობა და ახალგორის რაიონიც აღმოჩნდა. ეს მიწები ყველაზე კრიტიკულ პერიოდებშიც კი ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდნენ. დღეს, ახალგორელები სახლში მისვლისას „სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმს“ გაივლიან, ხოლო სვანები საერთოდ უარს ამბობენ ხეობაში დაბრუნებაზე.
უპასუხისმგებლო და ზერელე პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია; პროექტ „სამხრეთ ოსეთის“ იდეოლოგ–შემსრულებლების უმეტესობა მოსკოვშია გაქცეული. თბილისში დარეჩენილი „ადმინისტრაციის მეთაური“ დიმა სანაკოევი კი, ფეხბურთით ერთობა.
გვრჩება მხოლოდ უშედეგო მარჩიელობა – ამ დამღუპველი „პროექტის“ ავტორი ჩვენი ხელისუფლება იყო, თუ რუსული „ფეესბე“, თავისი ვლადიმერ სანაკოევებით.
რაც შეხება დალის ხეობას, მისი დაცლის თავიდან ასაცილებლად აფხაზები სვანებს კოდორის ხეობაში დაბრუნებას სთხოვენ. ამის შესახებ ექსპერტმა როლანდ ნიჟარაძემ განაცხადა, რომელსაც „პირWელი“ კოდორის ოკუპირებულ ხეობაში ამ დროისთვის არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.
არსებული ინფორმაციით, სადღეისოდ ხეობაში 60-მდე კომლი ცხოვრობს და ყველა ქართულია.
„ხეობაში ამ დროისთვის არც აფხაზები არიან და არც რუსული ბაზებია. ოკუპანტები ბაზებს მხოლოდ გალის რაიონში ამაგრებენ და ამ გზით გარკვეულ კედელს გვიქმნიან. აფხაზებს სვანებთან ოდითგანვე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. სვანები მათთვის პრობლემას არც დღეს წარმოადგენენ. უფრო მეტიც - დალის ხეობის დაცლის თავიდან ასაცილებლად ისინი დღეს სვანებს იქ დაბრუნებას სთხოვენ“, - აღნიშნა ნიჟარაძემ.
ხეობის გარე სამყაროსგან სრულ იზოლაციაზე საუბრობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც:
„კოდორი მიტოვებულია, სვანების რამდენიმე ოჯახი დაბრუნდა და სულ ეგ არის. იქ გზა არ არის და ეს ქმნის ყველაზე დიდ პრობლემას, თორემ აფხაზები, როგორც ვიცი, სვანების დაბრუნების წინააღმდეგნი არ არიან“.
ცნობისთვის, კოდორის ხეობა (აფხ. Кәыдырҭа) – მდინარის ხეობა აფხაზეთში, რომელიც დე-ფაქტო საზღვრის ფუნქციას ასრულებს საქართველოს მთავრობასა და სეპარატისტთა და რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის.
ხეობის ზემო ნაწილი, დასახლებული სვანებით, აფხაზეთის ერთადერთი კუთხე იყო 1993 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური მთავრობა აკონტროლებდა და რომელსაც ოფიციალურად ზემო აფხაზეთს უწოდებს. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას ხელისუფლებამ მასზე კონტროლი დაკარგა.
2008 წლის აგვისტოში სეპარატისტებმა რუსეთის რეგულარული არმიის დახმარებით დაიწყეს შეტევები კოდორის ხეობის (ზემო აფხაზეთი) მიმართულებით. ხეობაში შეყვანილი იქნა რუსეთის რეგულარული არმიის კუთვნილი 135 ერთეული მძიმე ჯავშანტექნიკა, მრავალი საარტილერიო დანადგარი მათ შორის ე.წ „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის მწარმოებელი იარაღი.
ხეობას რამდენიმე დღის მანძილზე ბომბავდა რუსული ავიაცია. თავდასხმის შედეგად სეპარატისტებმა დიდი ზარალი ნახეს თუმცა მათ ზურგს რუსეთის რეგულარული არმია უმაგრებდა.
შედეგად 3 მასირებული შეტევის მოგერიების მიუხედავათ ქართულმა მსუბუქად შეიარაღებულმა საპოლიციო ნაწილებმა უკან დაიხიეს და 12 აგვისტოს დატოვეს ხეობა.
პოლიციის ნაწილებთნ ერთად ხეობა დატოვა მშვიდობიანი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, რომელმაც მესტიის რაიონს შეაფარა თავი.
ამრიგად, აფხაზეთის ოკუპაციიდან 15 წლის შემდეგ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ავტონომიის ერთადერთი კონტროლირებადი ნაწილი კოდორის ხეობა სეპარატისტთა ხელში გადავიდა.