„გაზპრომი“ რუსეთის ხელისუფლების მთავარ იარაღად იქცა. იქ, სადაც ტანკები და თვითმფრინავები საქმეს ბოლომდე ვერ აკეთებენ, წინა პლანზე სწორედ ეს სახელმწიფო კომპანია გამოდის. მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი საწესდებო კაპიტალით, „გაზპრომი“ კრემლის „ოცნებების ასასრულებლად“ ერთ–ერთი ძირითადი ინსტრუმენტია.
საერთაშორისო მოთამაშე უშუალო მეზობლების გადაყლაპვასაც აქტიურად ცდილობს. „გაზპრომში“ უკვე ღიად მოითხოვენ უკრაინის და ბელორუსიის გაზგამანაწილებელი სისტემების მათთვის გადაცემას. საუბარია იმაზეც, რომ რუსული კომპანია მოუთმენლად ელის ქართული გაზსადენის აქციების გასაყიდად გამოტანასაც.
„გაზპრომი“ ემტერება ყველას და ყველაფერს, რაც მის დაუოკებელ მადას ეწინააღმდეგება, ან გარკვეულ კონკურენციას უწევს.
რუსულმა კომპანიამ სოჭში 3 ევროპულ ენერგოკომპანიასთან „სამხრეთ ნაკადად“ წოდებული გაზსადენის შავი ზღვის მონაკვეთის მშენებლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. პროექტი სამხრეთ რუსეთიდან ბალკანეთში და იქიდან უნგრეთსა და ავსტრიაში გაზის ექსპორტს ითვალისწინებს.
მოსკოვი იმედოვნებს, რომ სამხრეთ ნაკადი, რომელიც „ნაბუკოს“ პროექტის კონკურენტად მიიჩნევა, 2015 წელს ამუშავდება.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი „სამხრეთის ნაკადის“ პროექტის უკრაინის სახმელეთო ტერიტორიის გავლით განხორციელების ინიციატივით გამოდის:
„სამხრეთის ნაკადმა“ უკრაინის სამხრეთით, ხმელეთზე უნდა გაიაროს. ეს პროექტი გაცილებით იაფია, ვიდრე ის, რომელიც დღეს განიხილება და რუსეთს 25 მილიარდი დაუჯდება. ჩვენი 5-ჯერ უფრო იაფი იქნება“.
თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივა „გაზპრომმა“ უკვე უკუაგდო. როგორც „გაზპრომის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ვალერი გოლუბევმა განაცხადა, „იანუკოვიჩის მიერ დასახელებული მარშრუტი მხოლოდ უკრაინისთვისაა მისაღები და ეკონომიკურ აზრს მოკლებულია“:
„უკრაინა დიდი ხანია, შემოვლით გზას გვთავაზობს, მაშინ, როდესაც არსებობს პირდაპირი გზა“.
რაც შეეხება „სამხრეთ ნაკადს“, მან რუსეთიდან ბულგარეთში, შავი ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს, სადაც გაზსადენი ორ შტოდ გაიყოფა. ერთი - საბერძნეთის გავლით, იტალიის სამხრეთში, ხოლო მეორე - სერბეთისა და უნგრეთის გავლით ავსტრიაში მოხვდება.
გაზსადენის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 15,5 მილიარდი ევროა, საიდანაც 10 მილიარდი - საზღვაო მონაკვეთი, 5,5 კი - სახმელეთო მონაკვეთი ჯდება.
„სამხრეთ ნაკადის“ მშენებლობა ჯერ დაწყებული არ არის, თუმცა რუსული კონცერნის საიტი იუწყება, რომ გაზსადენის პირველი ნაწილი ექსპლუატაციაში 2015 წელს შევა და 2018 წლისთვის მასში 63 მილიარდი კუბამეტრის ოდენობის გაზი გაივლის.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა პროექტების „ჩრდილოეთის ნაკადი“ და „სამხრეთის ნაკადი“ განხორციელება ტრანზიტორ ქვეყნებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით დაიწყო.
ცნობისთვის, გაზპრომი – უდიდესი რუსული კომპანია და ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელი (მრეწავი) მსოფლიოში.
2004 წლისთვის გაზპრომი ბუნებრივი აირის ერთადერთი მიმწოდებელი იყო როგორც მინიმუმ ბოსნია-ჰერცეგოვინას, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიტვის, მოლდოვისა და სლოვაკეთისთვის, ასევე ამარაგებდა ბულგარეთის 97%, უნგრეთის 89%, პოლონეთის 86%, ჩეხეთის 75%, თურქეთის 67%, ავსტრიის 65%, რუმინეთის 40%, გერმანიის 36%, იტალიის 27%, საფრანგეთის 25%.
ევროპის კავშირი საკუთარი გაზის მარაგის 25%-ს გაზპრომისგან იღებს.
$31 მილიარდის ოდენობის გაყიდვით, 2004 წელს გაზპრომს რუსეთის ბუნებრივი აირის წარმოების 93% წილი აქვს, ხოლო 28.800 კმ³ რეზერვებით ის განკარგავს მსოფლიო გაზის რეზერვების 16%-ს (ასევე 2004 წლის მონაცემებით).
ნავთობის კამპანია სიბნეფტის შესყიდვის შემდეგ გაზპრომი 119 მილიარდი ბარელი ნავთობის რეზერვით მხოლოდ საუდის არაბეთსა და ირანს ჩამორჩება, როგორც ნავთობისა და ნავთობის ექვივალენტური ბუნებრივი გაზის მსოფლიოს უდიდესი მფლობელი.
გაზის რეზერვებისა და მსოფლიოში ყველაზე გრძელი გაზსადენის ქსელის (150.000 კმ) გარდა, კომპანია ფლობს აქტივებს საბანკო, სადაზღვევო, მედიის, სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო სფეროებში.
უზარმაზარი საბაზრო კაპიტალიზაციით (2006 წლის მონაცემებით, 270 მილიარდი დოლარი), გაზპრომი მსოფლიოს სიდიდით მესამე კორპორაციაა ამ პარამეტრით.