თბილისის საკრებულოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, თინა ხიდაშელი, დედაქალაქის საბიუჯეტო სახსრების არასწორი ხარჯვის შესახებ ლაპარაკობს და ქალაქის მერიას ამ ფულის არამიზნობრივად ფლანგვაში, კერძოდ კი, საკუთარი პარტიული ინტერესებისათვის გამოყენებაში ადანაშაულებს. თინა ხიდაშელმა თავისი აზრის დამადასტურებელი კონკრეტული ციფრები 15 სექტემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა.
თინა ხიდაშელმა დიდ პლაკატზე დახატული თბილისის ბიუჯეტის ხარჯვის სქემა 15 სექტემბერს ვარდების მოედანზე წარმოადგინა. 4 200 000 ლარი, მისი განცხადებით, ის თანხააა, რომელიც 2011 წლის ბიუჯეტიდან თბილისის საბავშვო ბაღების დაფინანსებისათვის უნდა გამოყოფილიყო და რისი შეწყვეტის გადაწყვეტილებაც, როგორც ცნობილია, მერიამ ცოტა ხნის წინ მიიღო. ბიუჯეტიდან დასახარჯ ამ თანხას, ხიდაშელის განცხადებით, მერია მშობლების ჯიბეებიდან ამოიღებს. სამაგიეროდ, მისი დიდი ნაწილი - 3 000 000 ლარზე მეტი - ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიისათვის დაიხარჯება. რას გულისხმობს საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი ამ განცხადებაში?
”თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყო ფული იმისთვის, რომ 2012 წელს, ანუ საარჩევნო წელს, გიგი უგულავამ მთელ თბილისში პატარ-პატარა სცენები მოაწყოს, სადაც პარტიული გამოსვლები ექნება და ამ ყველაფერში ფულს გადაიხდიან იმ ბავშვების მშობლები, რომელთა შვილები დღეს საბავშვო ბაღში წავიდნენ და რაშიც მათ ფული გადაიხადეს. ეს არის თანხა, რომელიც სექტემბრიდან უნდა გამოყოფილიყო საბავშვო ბაღებისათვის - 4 200 000 ლარი, ანუ ეს თანხა არის კონკრეტულ ღონისძიებებზე გათვლილი თანხა - სცენების მოწყობაზე, გახმოვანებაზე, აპარატურით მომსახურებაზე, ბიოტუალეტებსა და ა.შ., რასაც დაასრულებს 2012 წლის შემოდგომაზე დასკვნითი, დიდი 30 000 კაციანი კონცერტი. როგორც ჩანს, ეს იქნება კიდეც ნაცმოძრაობის შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეხვედრა.”
საქმე ისაა, რომ თბილისის მერიამ ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღების დაფინანსების შეწყვეტის ფონზე გამოაცხადა ტენდერები 2012 წელს ჩასატარებელი კონცერტების, შეხვედრების და სხვადასხვა დღესასწაულების ორგანიზებისთვის, რისთვისაც თანხა კი 2011 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა: ”ცხადია, ეს იმისთვის კეთდება, რომ 2012 წელს ხელისუფლების საარჩევნო კამპანიისათვის დახარჯულმა ფინანსებმა ძალიან არ იყვიროს”, - ასე ხსნის ამ გადაწყვეტილებას თინა ხიდაშელი.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი პასუხად ამბობს, რომ ხიდაშელს დედაქალაქის მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს, რადგან დედაქალაქის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მაღალი რანგის სტუმრების დასახვედრად, ასევე საახალწლო და სხვა დღესასწაულების მოსაწყობად ისედაც იხარჯებოდა გარკვეული თანხები - თანაც, იმაზე ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნებში - და წელსაც ამავე მიზნით გამოყოფილ ფინანსებს საარჩევნო კამპანიასთან არანაირი კავშირი არა აქვს. შოშიაშვილის თქმით, წელს საახალწლო ილუმინაციების, საკონცერტო ხარჯებისა და მაღალი რანგის სტუმრების დასახვედრად 948 000 ლარია გამოყოფილი, განსხვავებით თინა ხიდაშელის მიერ დასახელებული 3 მილიონი ლარისაგან:
”948 000 ლარია გამოყოფილი იმ ღონისძიებებისათვის, რაც ქალბატონმა ხიდაშელმა ახსენა და ეს თანხა არის მაღალი რანგის სტუმრების დასახვედრად გათვალისწინებული, საახალწლო და სხვა დღესასწაულებისათვის და არანაირი კავშირი არა აქვს 2012 წლის საარჩევნო კამპანიასთან.”
მაგრამ თუ სატენდერო დოკუმენტაციას ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ დედაქალაქის 2011 წლის ბიუჯეტიდან 2011-2012 წლებში სხვადასხვა ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად სცენებით, ტრიბუნებით, საგრიმიოროებით, კოშკებით და ა.შ. გამოყოფილია 1 948 000 ლარი, გახმოვანების საკონცერტო აპარატურით მომსახურების შესყიდვისთვის 575 000 ლარი, ისევ ამავე მიზნისთვის - 425 000 ლარი, განათების და მინათების აპარატურის მომსახურების შესყიდვისთვის - 282 000 ლარი, მარტივი ტიპის (ლითონის) ჯებირის თანმდევი მომსახურების შესყიდვისთვის - 200 000 ლარი, ქალაქგაფორმებითი და სხვა ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ბიოტუალეტების მომსახურების შესყიდვისთვის - 193 000 ლარი.
ევროპის საბჭოს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში დავით ლოსაბერიძე განმარტავს, რომ წინა წლის ბიუჯეტიდან მომავალი წლის ღონისძიებებისათვის გარკვეული თანხის გამოყოფა მაინცდამაინც უჩვეულო ამბავი არ არის და პროგრამულად ამ თანხის გამოყოფა შესაძლებელია. მნიშვნელოვანი აქ ისაა, რამდენად ადეკვატური და მიზნობრივია ეს ხარჯები. ნახევარმილიარდიანი ბიუჯეტის ფონზე 3 მილიონის დახარჯვა მსგავსი ღონისძიებებისათვის, მისი თქმით, შესაძლოა არც იყოს მძაფრი რეაგირების საგანი, თუმცა:
”სხვა საქმეა ეს ყველაფერი რამდენად არის პოლიტიკურად გამართლებული, მაგრამ ამაზე მოსახლეობა ხელისუფლებას ვერც მიედავება, რადგან თუ მოსახლეობა ირჩევს ასეთ პოლიტიკურ კურსს და მის გამტარებელ ხელისუფლებას, გადაწყვეტილებებიც ხელისუფლების საქმეა. თუ, მაგალითად, საკრებულო გადაწყვეტს, რომ საქართველოს მთელი ბიუჯეტი ბუშტების გაშვებაში უნდა დაიხარჯოს, ამის იურიდიული უფლება მას აქვს, მაგრამ საკითხავია რამდენად აქვს მას პოლიტიკურად ამის უფლება. ამ უფლებას კი მათ ანიჭებს ის, რომ, მათივე განცხადებით, მათ მოსახლეობის 90% უჭერს მხარს.”
თინა ხიდაშელი კი, თავის მხრივ, მოითხოვს მერიამ ტენდერის დასრულებამდე გამოაქვეყნოს დეტალური გეგმა, როდის და რა ღონისძიებების, ვისი მონაწილეობით და რა მიზნით აპირებს აღნიშნული ტენდერის ჩატარებას და, რაც მთავარია, დაასაბუთოს ამგვარი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა.