პოლიციის მიერ გუშინ დროებით დაკავებული გაფიცული მეტალურგები ქუთაისში ჟურნალისტებთან ღიად საუბარს ერიდებიან. მათი ნაწილი "ნეტგაზეთთან" საუბარს იმ პირობით დათანხმდა, რომ მათ ვინაობას არ გავამჟღავნებდით.
ჩვენ ქუთაისში "ჰერკულესის" ხუთ ყოფილ თანამშრომელს ვესაუბრეთ, რომლებმაც 15 მაისს, 22 საათზე, პოლიციის მიერ გაფიცული მუშების აქციის დაშლა დეტალურად გაიხსენეს. "ჰერკულესის" უკვე ყოფილი მეტალურგები ყვებიან, რომ დაახლოებით 22 საათზე მეტალურგიული ქარხნის წინ სულ 50-მდე გაფიცული ადამიანი იყო შემორჩენილი, მათგან ოთხი კი შიმშილობდა. შიმშილობისა და გაფიცვის მესამე დღე იწურებოდა, რა დროსაც დაახლოებით 150-მდე პოლიციელი ტოიოტას პიკაპის მარკის ჯიპებით მივიდა და გაფიცულების წინ დადგა. ერთ-ერთი მათგანი იხსენებს, რომ ხალხის ნაწილი, რომელიც ძირითადი მასის უკან იდგა, გაიქცა, თუმცა, მათ პოლიციელები არ გადევნებიან. ხმაურიანი შელაპარაკების გარეშე პოლიციელებმა ავტომობილებში ჩასვეს რამდენიმე ათეული ადამიანი, ძირითადად ისინი, ვინც არ გაიქცნენ, ხელბორკილი მხოლოდ ერთ ადამიანს - მოშიმშილე გოჩა დარჯანიას გაუკეთეს, დანარჩენები კი ხელბორკილების გარეშე ქუთაისის სხვადასხვა პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს.
”არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მოუყენებიათ და არც ფიზიკური. წყანარად გვითხრეს, უნდა დაგელაპარაკოთო, მოგვკიდეს ხელი და ჩაგვსვეს თავიანთ მანქანებში,” - იხსენებს ერთ-ერთი გაფიცული. 15 მაისის ღამეს ოფიციალურად არც ერთი მომიტინგე არ დაუკავებიათ, ამ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელიც ადასტურებს.
სამართლებრივი ღონისძიებები მხოლოდ გოჩა დარჯანიას წინააღმდეგ გამოიყენეს. ავტომობილი, რომელშიც მომიტინგეები კარავის გაშლის შემდეგ ღამეს ათევდნენ, მას ეკუთვნოდა. ”ჰერკულესის” მუშები იხსენებენ, რომ როცა პოლიცია მივიდა, მათ იკითხეს მანქანის პატრონის ვინაობა, რის შემდეგაც დარჯანიას ხელბორკილები დაადეს, თუმცა, მოგვიანებით, ისიც გაათავისუფლეს. სხვებისგან განსხვავებით, მანქანის მფლობელს არ გაუმართლა-მას მართვის უფლება 3 წლის ვადით ჩამოართვეს. ოფიციალურ მიზეზად ალკოჰოლური და ნარკოლოგიური შემოწმებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სახელდება. გოჩა დარჯანიას ინტერესებს საიას ქუთაისის ფილიალი იცავს. იურისტები პოლიციის გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებენ, რადგან სამართალდამცავთა ეს ბრალდება აბსურდულად მიაჩნიათ.
აქციის მონალიწეები ყვებიან, რომ პოლიციის განყოფილებებში მიყვანილ მომიტინგეებს დააწერინეს ხელწერილი, რომლის შინაარსიც დაახლოებით ასე გამოიყურება: ”პირობას ვდებ, რომ არ მივიღებ მონაწილეობას მიტინგებსა და გაფიცვებში და არ შევაფერხებ ქარხანა ”ჰერკულესის” მუშაობას. ასევე, მზად ვარ, დავიცვა ქარხანასთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში პასუხი ვაგო კანონის წინაშე.”
გარდა ამისა, პოლიციელებმა გაფიცულებს შესთავაზეს, რომ თუ ისინი სამსახურში, ანუ ქარხანა ”ჰერკულესში” სამუშოდ მეორე დღესვე დაბრუნდებოდნენ, მაშინ, პოლიცია იქნებოდა იმის გარანტი, რომ ყოფილ გაფიცულ თანამშრომლებს ქარხნის ადმინისტრაცია არ შეავიწროვებდა. ის მუშები, რომლებსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, ამბობენ, რომ გაფიცულთა დიდი ნაწილი მათ პირობებს დათანხმდა და მუშაობა გააგრძელა. ვინც მუშაობაზე უარი თქვა, ის ამბობს:
”მე ჩემი პიროვნული გადაწყვეტილება მივიღე და იქ არ დავბრუნდები. მე ჩემი საქმე გავაკეთე და მივხვდი, რომ ეს გაფიცვა წარმატებული იყო. მერე რა, რომ ვიღაც-ვიღაცეებს ვერ მოვერიეთ, რაღაც მაინც შეიცვალა.”
პოლიციის განყოფილებებში დროებით მიყვანილი გაფიცულები პოლიციელებმა ღამის 3 საათისთვის ავტომობილებით ქალაქის სხვადასხვა ქუჩებისკენ წაიყვანეს და ავტომობილებიდან ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან განცალკევებით ჩამოსვეს.
”ჰერკულესის” რამდენიმე ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომელი ამბობს, რომ გაფიცვის შემდეგ ქარხანაში უკვე დაიწყო სამუშაო პირობების გაუმჯობესება. მაგალითად, ქარხანაში მხოლოდ ერთი ექიმი მუშაობდა, ახლა კი სამი მოიყვანეს თითოეული ცვლისთვის, დაიწყო სასადილოს შეკეთება და სპეც. ტანსაცმლის დარიგება.
”ჰერკულესის” ყოფილი მუშები ამბობენ, რომ გაუსაძლის პირობებში უწევდათ მუშაობა. მეტალურგიულ ქარხანაში ექიმი მხოლოდ დილის 10-დან 6 საათამდე მუშაობდა.
”არადა, ისეთი სამსახური გვაქვს, დღეში ერთი ადამიანი მაინც იღებს რაღაც დაზიანებას, განსაკუთრებით რისკი მაღალია ღამის განმავლობაში, ამ დროს კი ექიმი არ იყო,” - ამბობს ყოფილი მეტალურგი და იქვე დასძენს: ”ერთხელ ხელი დავიწვი და შეხვეული ხელით დავდიოდი სამსახურში და უფროსობას თავს ვაჩვენებდი, რომ ვმუშოაბდი, ბიჭებიც მეხმარებოდნენ იმიტომ, რომ ბიულეტინზე რომ გავსულიყავი, ფულს 9-10 თვე ვერ ავიღებდი. ხალხს, რომელიც 9-10 თვის წინ დაშავდა, ბიულეტინის ფული აღებულიც არ ჰქონდა.”
მუშები ასევე იხსენებენ, რომ ხელფასებს აკლებდნენ და როცა მიზეზს კითხულობდნენ, ქარხნის ხელმძღვანელობა ეუბნებოდა, რომ ფული ”ამუნიამ შეჭამა.” მათ ასევე არ ჰქონდათ შვებულება და ვერ სარგებლობდნენ ანაზღაურებით ზეგანაკვეთური მუშაობისას.
საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი თამარ ფაჩულია "ნეტგაზეთთან" საუბარში ამბობს, რომ ”ჰერკულესის” მიერ მუშებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებები მართლაც დისკრიმინაციული იყო, რადგან იქ ჩადებული იყო პირობები, რომელიც მუშას გამოუვალ სიტუაციაში აყენებდა. იურისტისვე თქმით, არანაირ სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება პოლიციის მიერ გაფიცულებისთვის გაფორმებული ხელწერილი, რომლის მიხედვითაც, ისინი გაფიცვაზე ამბობენ უარს. იურისტის თქმით, გაფიცვა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა და ამ უფლების შეზღუდვა არ შეიძლება.
”ჰერკულესის” ყოფილი თანამშრომლები საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლის გაგრძელებას ჯერჯერობით არ აპირებენ, რადგან, მათი თქმით, ”ისეთ ძალას უპირისპირდებიან, ვისაც ვერ აჯობებენ”. ისინი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე იმითაც კმაყოფილები არიან, რომ ქარხანაში დარჩენილებისთვის სამუშაო პირობები ცოტათი მაინც გაუმჯობესდება, თავად კი უკეთეს სამსახურს მოძებნიან.