სააკაშვილი: ლაზიკა შავ ზღვაზე ყველაზე საუკეთესო საპორტო ქალაქი იქნება

სააკაშვილი: ლაზიკა შავ ზღვაზე ყველაზე საუკეთესო საპორტო ქალაქი იქნება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფოთის მახლობლად, ყულევში ახალი ქარხნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი, სადაც განაცხადა, რომ დღეიდან  ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის იდეას ხორცი რეალურად შეესხმება.

პრეზიდენტის განმარტებით, ეს პროექტი ფოთისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში მილიარდიან ინვესტიციას გულისხმობს და აღნიშნა, რომ მასში 1500 ფოთელი დასაქმდება.

მისივე თქმით, რამდენიმე მსგავსი საწარმოს აშენების შემდეგ, ფოთსა და მის შემოგარენში უმუშევრობის პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრება.

„გაჭირვების გამო, ადგილობრივები ჯერ კიდევ თურქეთში დადიან და იქ ფიზიკურ სამუშაოს ასრულებენ, თუმცა, ეს ვითარება მალე შეიცვლება, ვინაიდან ფოთი დიდი ინდუსტრიული ცენტრი ხდება“, - განაცხადა მან.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ფოთში ბუნებრივი აირი ბოლო დრომდე არ იყო და მაღალი წნევის გაზის მილი ქალაქში მისი ხელისუფლების დროს შევიდა. მისივე თქმით, ფოთში ვითარდება ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები. ამჟამად კი, ფოთში აეროპორტის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მომავალ წელს გაიხსნება.

„ხელისუფლება ამჟამად ახალი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობაზე მუშაობს, რაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ლაზიკას მიზანი 3-4 ჯერ მეტი თანხის ამოღება და დანარჩენ საქართველოზე მისი გადანაწილებაა. ეს ვინმეს აკვიატება კი არაა, რომ დუბაის ან თუნდაც, ბათუმის მსგავსი ქალაქი გვინდა. ჩვენ გვინდა, ჩავდოთ ფული და ბევრად მეტი ფული ამოვიღოთ“, - აღნიშნა მან.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ლაზიკას პორტში რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარი ჩაიდება, შემდეგ კი „პორტი ააშენებს ქალაქს“. მისივე თქმით, ლაზიკა შავ ზღვაზე ყველაზე საუკეთესო საპორტო ქალაქი იქნება.

„ლაზიკასთან დაკავშირებით ხელისუფლებას სრულიად კონკრეტული ბიზნესგეგმა აქვს, რომელიც მოსახლეობის დასაქმებასა და ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდას ისახავს მიზანად“, - დაასძინა მან.