საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვახტანგ ხმალაძემ საქართველოს მასშტაბით საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ 70 სპეციალურ უბანთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
ხმალაძის განცხადებით, გამონაკლისის წესით, საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, სპეციალური უბნები სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებში, საავადმყოფოებსა და სხვა მსგავს შემთხვევებში შეიძლება შეიქმნას.
მისი თქმით, სამხედრო ნაწილებში შეიქმნა 70 სპეცუბანი, სადაც დღევანდელი მონაცემებით, 58 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ხმალაძის განცხადებით, საბურთალოზე გახსნილ ერთ-ერთ სპეცუბანში სპეციალურ სიებში 6 ათასი, ხოლო დიდუბეში - 4 ათასი ამომრჩეველია შეყვანილი.
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არჩევნებზე, შესაძლოა, ელექტორატის დაახლოებით 70% მივიდეს, მაშინ საბურთალოს სპეციალურ უბანში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 10%-ია, დიდუბეში კი 9%. რამაც შეიძლება არჩევნების საბოლოო შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს“, - განაცხადა ხმალაძემ.
მისივე თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა სპეციალური უბნები ისეთ დაწესებულებებში გახსნეს, რომლებშიც არ არის სამხედრო ნაწილი, კერძოდ, დიდუბეში ორი საარჩევნო უბანი თავდაცვის სამინისტროში, ხოლო ერთი დაცვის პოლიციის შენობაშია გახსნილი.
ხმალაძის განცხადებით, მეორე პრობლემა, რაც სპეც-უბნებს უკავშირდება სპეციალურ სიაში შყვანილი ამომრჩევლის როგორც მაჟორიტარული ისე პროპორციული სისტემით არჩევნებში ხმის მიცემაა.
„საარჩევნო კოდექსის თანახმად, სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი როგორც მაჟორიტარული ისე პროპორციული სისტემით არჩევნებში მხოლოდ იმ შემთხვევაში მონაწილეობს თუ მისი ადგილსამყოფელი ერთი და იგივე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზეა. მაგალითად, თუ სამხედრო დავით აღმაშენებლის 5 ნომერში ცხოვრობს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ სიაშია შეყვანილი, მას შეუძლია მონაწილეობა როგორც პროპორციული ისე მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში, მაგრამ თუ ის ჭავჭავაძის 5-ში ცხოვრობს და თავდაცვის სამინისტროს სიაშია, მაშინ მონაწილეობის მიღება მხოლოდ პროპორციული სისტემით შეუძლია“, - განაცხადა ხმალაძემ.
ხმალაძის თქმით, საარჩევნო კომისიები აღნიშნული ნორმის არასწორ ინტერპრეტირებას ახდენენ.
„ქართული ოცნება“ ამის გამო, საერთაშორისო ორგანიზიციებსა და სასამართლოს მიმართავს.