ნესტან კირთაძემ ბრიუსელში „ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობა" დააფუძნა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, 15 ოქტომბრამდე ბელგიის მეფე, მისი უდიდებულესობა ალბერტ მეორე სპეციალურ დეკრეტს გამოსცემს, რითაც ამ საერთაშორისო მოძრაობის დაფუძნებსა და საქმიანობას უმაღლესი ლეგიტიმაცია მიეცემა.
კირთაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ საერთაშორისო მოძრაობას შტაბბინა აქვს ბრიუსელში, ხოლო ოფისები უკვე გაიხსნა პარიზსა და ნიუ-იორკში, ასევე იგეგმება ანალოგიური ოფისების გახსნა ბერლინსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში.
დამფუძნებელი აცხადებს, რომ მეფის დეკრეტის გამოცემისთანავე, 16 ოქტომბერს უკვე დანიშულია საერთაშორისო მოძრაობის პირველი საერთაშორისო პრესკონფერენცია და შეხვედრა ევროპის მედიასთან. პრესკონფერენცია გაიმართება ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის ბრიუსელის შტაბინაში.
„ეს ორგანიზაცია იქნება ხიდი ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის პირდაპირი სამშვიდობო დიალოგის დაწყებისათვის, აფხაზებისა და ოსებისთვის ევროპასთან და დასავლეთთან კონტაქტებისა და ურთიერთობების განვითარებისათვის. ამასთან, ბრიუსელის ოფისი უკვე ამზადებს წერილებს აფხაზეთისა და ოსეთის პოლიტიკურ ლიდერებთან, ანქვაბთან და თიბილოვთან, სადაც იქნება მათი ოფიციალური მიპატიჟება ბრიუსელში ორგანიზაციის ევროპულ პრეზენტაციაზე, რომელიც ევროპარლამენტში ნოემბრის მეორე კვირას გაიმართება“, - აღნიშნა კირთაძემ.
მისივე თქმით, ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, გამოიყენონ ეს ოფისები შეხვედრისთვის, პროექტების განსახილველად, დისკუსიებისათვის.
ნესტან კირთაძემ ასევე ისაუბრა სამომავლოდ გასამართ პრეზენტაციებზე, კერძოდ, მისივე თქმით, მოძრაობის კონცეფციისა და ძირითადი მიმართულების ოფიციალური წარდგენა მოხდება მოსკოვშიც.
„დაგეგმილია შეხვედრები გაერო-ს გენერალურ მდივანთან და გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას.
რაც შეეხება ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, მისი თქმით, ეს ორგანიზაციაში გაწევრიანებით არის შესაძლებელი.