ეკონომიკური საკითხების ექსპერტი, „ქართული ოცნების“ ეკონომიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი დემურ გიორხელიძე ბიძინა ივანიშვილს საყვედურობს.
გიორხელიძემ თავისი მოსაზრება სოციალურ ქსელ facebook - ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„ბატონ ბიძინა ივანიშვილს! ეს რა წესია?! საკუთარ პროგრამას წარადგენდეს პოლიტიკური ორგანიზაცია და არც ერთ ადამიანს არ იწვევდეს, პატივისცემის ნიშნად, რომლებიც თვეების განმავლობაში, დღე და ღამ მუშაობდნენ ენთუზიაზმზე და თავდადებით - მეცნიერთა უდიდესი უმრავლესობა თქვენდამი უდიდესი ნდობითა და პატივისცემით?!
„რუხი კარდინალების“ ნაკეთები ხეირი ჯერ არც პოლიტიკაში უნახავს ვინმეს და არც პოლიტიკურ ორგანიზაციაში, - მით უფრო, ვერ ნახავს სახელმწიფო მათ ნაკეთებს ხეირიანს!
იმ პროგრამის პრეზენტაციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია მპატიჟებდა და არა ის ორგანიზაცია, რომლის წიაღშიაც გაკეთდა ამ პროგრამის დიდ ნაწილი „ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა!“ მე, როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელს, პირადი პასუხისმგებლობა მაქვს იმ ორ-ნახევარი ასეული ადამიანის წინაშე, ვინც შრომობდა ჩემთან ერთად. თქვენ საჯაროდ ნახეთ მხოლოდ ნაწილი ამ დიდი ნაშრომისა“, - აცხადებს გიორხელიძე.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ უკანასკნელი დღეების განმავლობაში სხვადასხვა აუდიტორიისთვის ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციას მართავს.
დღეს შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით გაიმართა. პროგრამა კოალიციის წევრებმა, ნოდარ ხადურმა და დავით ონოფრიშვილმა წარადგინეს.