„ველოდები, რომ ჩატარდება არჩევნები, სადაც ხალხს ექნება საშუალება, გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი“, - ამის შესახებ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ფილიპ დიმიტროვმა განაცხადა.
დიმიტროვი სასტუმრო „შერანოტ მეტეხი პალასში“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო. შეხვედრა საერთაშორისო სამრეწველო პალატის ინიციატივითა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა.
დიმიტროვის განცხადებით, საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარება ინტენსიური და გადატვირთულია.„ყველა ამბობს, რომ ასეთი კონკურენტული საარჩევნო გარემო არასოდეს ყოფილა“, - აღნიშნავს ის. მისი თქმით, ქვეყანაში ბევრი რამ ხდება და ხალხი კარგად არის ინფორმირებული.
„ინფორმაცია ყველა ამომრჩევლამდეა მისული და ამომრჩეველი მზად არის, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება ისე, როგორც არასდროს. გარდა ამისა, ადამიანებს აქვთ თავიანთი პრობლემები. თუ გეტყვით, რომ საქართველოში პრობლემები არ არსებობს, ამას, რა თქმა უნდა, არ დამიჯერებთ. ველოდები, რომ ჩატარდება არჩევნები, სადაც ხალხს ექნება საშუალება, გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი“, - განაცხადა დიმიტროვმა.