„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ინგა გრიგოლიას განცხადებით, თუ არჩევნები ობიექტურად ჩატარდება, აბსოლუტური უმრავლესობით პარლამენტში ვერც ერთი პარტია ვერ მოვა; ამიტომ მისი თქმით, ვფიქრობ, რომ ქუჩაში გამოსვლა გარდაუვალი იქნება.
გრიგოლია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობა" ასპარეზიდან ვერ გაქრება, მაგრამ არის შანსი, რომ ვეღარ მოვიდეს უმრავლესობით.
„ვფიქრობ, რომ 2 ოქტომბერს ქუჩაში გამოსვლა გარდაუვალი იქნება, რადგან დათმობას არც ერთი მხარე არ აპირებს", - აცხადებს გრიგოლია და აღნიშნავს, რომ განცხადება იმის შესახებ, რომ თუ კონკრეტული პარტია არჩევნებში სასურველ შედეგს ვერ მიიღებს, აქციებს გამართავს, არის წაგებაზე მიმართული ორიენტაცია.
გლდანში ქდმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ ხელისუფლება გლდანში არჩევნების გასაყალბებლად სერიოზულად ემზადება.
საარჩევნო შტაბში მასთან არაერთი ადამიანი მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დავალებით სთხოვენ პირადობის მოწმობის ნომრებს და ასევე არჩევნებზე მიუსვლელობას. ხელისუფლება ცდილობს, საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების, სკოლების დირექტორების და მასწავლებლების საშუალებით მოიპოვოს ხმების რაოდენობა“, - განაცხადა გრიგოლიამ.