პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ კანცელარიაში ემიგრანტებმა უცხოეთში მცხოვრები იმ თანამემამულეების სიები შეიტანეს, რომლებმაც არჩევნებისთვის საკონსულო აღრიცხვის გავლა ვერ შეძლეს.
ერთ-ერთი ემიგრანტის მაია კობაიძის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნიდან ასეთი ათი ათასობით ადამიანია, რომლებმაც საკონსულო აღრიცხვის გავლა ვერ შეძლეს.
„პირველი პრობლემა ეს იყო ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, რომლის წარმოდგენა შეუძლებელია. ასევე ისიც, რომ რეგისტრაციის ვადა ორი დღით გააგრძელეს, თუმცა ორივე დღე სამუშაო იყო და შეუძლებელი იყო სამსახურიდან გამოსვლა. მე პირადად, მივმართე ჩვენს კონსულს ზურა ტრაპაიძეს და ვთხოვე ერთი კვირა დღე დაეშვა, თუმცა მისგან უარი მივიღე. საკონსულოში 10:00-დან 13:00-სთ-მდე მუშაობენ და იქ მისულებს პრობლემებს უქმნიან. ხანდახან მოუცლელობასაც იმიზეზებენ. ამის შემდეგ ვრეკავდი ცსკ-ის ცხელ ხაზზე, თუმცა მათგან პასუხი ვერ მივიღეთ“, - განაცხადა კობაიძემ.
მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა საქართველოს ათიათასობით მოქალაქემ გადაწყვიტა, რომ ეს ინფორმაცია და შექმნილი პრობლემები ვინმესთვის ეცნობებინა, ასეთი კი „ქართული ოცნებაა“.
„ემიგრანტები არავისთვის არაფერს წარმოვადგენთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, ინფორმაცია რეალური ოპოზიციისთვის „ქართული ოცნებისთვისთვის“ მიგვეწოდებინა. ჩვენ დღეს „ქართულ ოცნებაში“ წარმოვადგინეთ ემიგრანტთა სიები, პასპორტის ასლებით და პირადი ნომრებით, რომლებმაც საკონსულო აღრიცხვის გავლა ვერ მოახერხეს. ჩვენ ვთხოვთ „ქართულ ოცნებას“ პირადი ნომრები გადამოწმდეს, რათა არ მოხდეს მათი გამოყენება არჩევნების გასაყალბებლად“, - განაცხადა კობაიძემ.
დღესვე, 18:00 საათზე „დედაენის პარკში“ ემიგრანტების აქცია გაიმართება.
ემიგრანტებმა გუშინ დასავლეთ საქართველოში გამართული აქციების ფარგლებში, მოსახლეობას 52 სატელიტური ანტენა გადასცეს. ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთში შეიკრიბნენ და საქართველოში ერთად ჩამოვიდნენ.