პოლიტიკურმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ" ეკონომიკური პროგრამა საერთაშორისო სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს გააცნო.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანის, ნოდარ ხადურის განცხადებით, კოალიცია სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციას სხვადასხვა აუდიტორიის წინაშე ხშირად მართავს.
მისივე თქმით, პროგრამა მოიცავს ყველა თემას, რაც უკავშირდება ბიზნეს-გარემოს ფორმირებას, საკუთრების უფლებების დაცვას, სასამართლოს და საგადასახადო სამსახურების პოლიტკური ზეწოლისგან გათავისუფლებას. როგორც ხადურმა აღნიშნა, ეს ის ფუნქციებია, რაც მონოპოლიების რეგულირებას და ხარისხის უზრუნველყოფას უკავშირდება.
„დიდი ინტერესი გამოიწვია სოფლის მეურნეობაში მილიარდი დოლარის ინვესტირებამ, რომელსაც ჩვენი ეკონომიკური პროგრამა გულისხმობს, ნაწილი იქნება ინვესტორების წილი, ნაწილი კი - სახელმწიფოს სახსრები. ეს კი საჭიროა, რათა ქართული სოფელი ერთხელ და სამუდამოდ წელში გაიმართოს", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
კოალიციის ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციაში მონაწილეობდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა არის ღონისძიებების სერიის ნაწილი, რომელშიც სხვადასხვა პარტიები მონაწილეობენ.
„ეს არის ფორუმი იმისთვის, რომ ასეთ პოლარიზებულ გარემოში სხვადასხვა პოზიციების მოსმენა მოხერხდეს. ის, დაძაბულობის მიუხედავად პარტიები სხდებიან და სხვადასხვა თემატიკაზე ერთად საუბრობენ, ძალიან დადებითი მომენტია", - აღნიშნა მან.
შეხვედრა საერთაშორისო სამრეწველო პალატის ინიციატივითა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა.