„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიგი წერეთელი და ამავე პარტიის ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი ჩიკვილაძე ითხვისის საკრებულოს სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მათ ზედა და ქვედა ითხვისის და ბჟინევის მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის“ პრიორიტეტები გააცნეს, რომელიც დასაქმების, სოფლის მეურნეობის განვითარების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხებს მოიცავს.
გარდა ამისა, „ნაცმოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, მათ მოსახლეობას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ მომდევნო 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების კუთხით.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ რამდენიმე პრობლემური საკითხი დასვა, მათ შორის წყალმომარაგების, გაზიფიცირების და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის შესახებ.