ფასების ზრდამ ეროვნულ ბანკშიც „შეაღწია“

ფასების ზრდამ ეროვნულ ბანკშიც „შეაღწია“

ფასების მკვეთრმა და შეუჩერებელმა ზრდამ საქართველოს ეროვნული ბანკი შეაშფოთა და გადაწყვიტა რაიმე ეღონა. საქმე იქითკენ მიდის, რომ წლის ბოლოს ორნიშნა ინფლაცია დაფიქსირდება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

 

ეროვნული ბანკი ინფლაციის ზრდას ზედიზედ მეორე თვეა ადასტურებს. ქვეყნის მთავარი ბანკის ინფორმაციით, ივლისში არსებული 7-პროცენტიანი ზრდის შემდეგ აგვისტოში წლიური ინფლაცია უკვე 9,5%-მდე გაიზარდა. ამის ძირითადი მიზეზი კი სურსათის გაძვირებაა, რაც თავის მხრივ საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდამ გამოიწვია.

 

ბანკის ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში ხორბლის საერთაშორისო ფასი 4.3%-ით, ხოლო შაქრის 13.5%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკის პროგნოზითვე, არსებული ტენდენცია ინფლაციის მოსალოდნელ ზრდაზე მიუთითებს.

 

ინფლაციის მაჩვენებლის ზრდის ძირითადი მიზეზი საგარეო ფაქტორით გამოწვეული სურსათზე ფასების მომატება იყო, რაც, თავის მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მომატებამ განაპირობა. აგვისტოში ზრდა დაფიქსირდა აგრეთვე საბაზო ინფლაციის მაჩვენებლების მიხედვითაც, - აცხადებენ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტში.

 

გარდა ამისა, კომიტეტის წინა სხდომასთან შედარებით მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 6%-მდე გაიზარდა. სებ-ის ინფორმაციით, ეკონომიკის სწრაფი ზრდა, ძირითადად, ფისკალური სტიმულის შედეგია, რასაც ბანკების მხრიდან დაკრედიტების ზრდაც უწყობს ხელს.

 

მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე კვლავ ფასების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. აგვისტოში გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებლები საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანაში. ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი გარე ფაქტორების შედეგია და მასზე მონეტარული პოლიტიკის გავლენა შეზღუდულია. თუმცა, საბაზო ინფლაციის დინამიკა ინფლაციური მოლოდინის მატებაზე მიუთითებს, რის გამოც მიზანშეწონილია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

 

მთავრობას და მათ შორის ეროვნულ ბანკს ადრე უნდა ეზრუნა ინფლაციის მოსათოკად. არჩევნების დასრულებიდან მოყოლებული ფასების ზრდამ კატასტროფული ხასიათი მიიღო, თუმცა მთავრობის სხდომებზე თუ სპეციალურად დადგმულ სატელევიზიო შოუებში, პრეზიდენტიდან მოყოლებული უბრალო ჩინოვნიკით დამთავრებული ყველა თავს იმშვიდებდა. ამასობაში წლიურმა ინფლაციამ ორნიშნა მაჩვენებელს მიუკაკუნა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხმსგებლობასაც საფრთხე დაემუქრა. მოვლენების ასეთ განვითარებას ექსპერტები კარგა ხანია ვარაუდობდნენ.

 

„ჯერ კიდევ ორი-სამი კვირის წინ ვამბობდი, რომ ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება და ის შესაძლოა, ორნიშნა მაჩვენებელსაც კი მიუახლოვდეს. დღეს ეს არასასურველი ტენდენცია უფრო გამოიკვეთა. თუ ფასების მატების პროცესი არ შეჩერდა, ალბათ, წლის ბოლოს ინფლაციის მაჩევნებელი 20%-ის ფარგლებში დაფიქსირდება.

 

კანონის მიხედვით, როდესაც ინფლაცია 12%-ს გადააჭარბებს, ისმება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი. ხელისუფლება კი შეეცდება, რომ ეს არ დაუშვას და ალბათ, რაიმე ტიპის ღონისძიებებს აუცილებლად გაატარებს. თუმცა, ვიმეორებ, ჩვენ ინფლაციის ზრდის რეალური საშიშროების წინაშე ნამდვილად ვდგავართ“, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ავთანდილ სილაგაძე.

 

2 მილიარდამდე დოლარი, რომლის რეზერვი ეროვნულ ბანკს გააჩნია, საკმაოდ სერიოზული ბერკეტია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღლა არ გაიქცეს. თუმცა, ეს არ არის ის საშუალება, რომლის გამოყენება სახელმწიფოს მუდმივად უნდა უხდებოდეს. თუ ასე მოხდა, ის ფულიც დაიხარჯება და ქვეყანა რეზერვების გარეშე დარჩება, - დასძნელს სილაგაძე.